
“ექვსი დასკვნა ტრამპისა და პუტინის შეხვედრიდან”-The New York Times
აშშ-ის გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 17 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ექვსი დასკვნა ტრამპისა და პუტინის შეხვედრიდან“ (ავტორები – მეგი ჰაბერმანი და თომას პეიჯერი), რომელშიც აშშ-ისა და რუსეტის ლიდერების ალასკური სამიტის შთაბეჭდილებებია გადმოცემული: რას მიაღწიეს პრეზიდენტებმა და რას ვერ მიაღწიეს, როგორ განვითარდება მოვლენები სამომავლოდ.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
მიუხედავად იმისა, რომ სამიტის დროს არანაირი შეთანხმება არ მომხდარა, რუსეთის ლიდერმა მაინც მიაღწია განსაზღვრულ გამარჯვებას და სამშობლოში ისე დაბრუნდა, რომ თავის ამერიკელ კოლეგასთან ურთიერთობა გააუმჯობესა. ანკორიჯის სამიტი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი პირადი სამიტი გახდა 2022 წლიდან, როცა რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო. აი, პრინციპში ის მთავარი, რაც შეიძლება ითქვას ალასკაზე გამართული რანდევუს შესახებ, რომელიც დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, დამთავრდა იმაზე სწრაფად, ვიდრე მოლოდინი იყო და ვერ მოხერხდა ცეცხლის შეწყვეტა, რასაც ტრამპი აცხადებდა და პირველ ნაბიჯს უწოდებდა სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისათვის.
ალასკის სამიტიდან შეიძლება ექვსი დასკვნა გავაკეთოთ
1. ლიდერებს მიღწეული შეთანხმებები არ გამოუქვეყნებიათ
სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე (თუ ამას პრესკონფერენციას ვუწოდებთ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს არაფერი უთქვამთ, თუ რაზე შეთანხმდნენ. მართალია, პუტინმა განაცხადა, რომ მხარეებმა მიაღწიეს ურთიერთგაგებას,, რომელიც უკრაინაში მშვიდობის გზას გახსნის, ტრამპმა ირიბად მიანიშნა, რომ უთანხმოება რჩება, მაგრამ რომელ საკითხზე, არ დაუზუსტებია: „ბევრი რამ შევათანხმეთ, მაგრამ ცოტა მაინც რჩება“. პრეზიდენტებმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა არ მოისურვეს.
2. პუტინმა გაიმარჯვა: სამიტამდე და სამიტის შემდეგ
გარკვეული თვალსაზრისით ვლადიმერ პუტინმა პირველი გამარჯვება ჯერ კიდევ აშშ-ში ჩასვლამდე მოიპოვა. მრავალწლიანი დასავლური ოსტრაკიზმის შემდეგ მან პირველად, ათწლეულების შემდეგ, დაადგა ფეხი ამერიკულ მიწაზე, სადაც მას ამერიკული ავია ესკორტით შეხვდნენ, ხალიჩები გაუფინეს და პრეზიდენტის ავტომობილით „მხეცით“ (ტრამპის ჯავშნიანი ლიმუზინით) მიიყვანეს სამიტის ადგილზე.
რუსი ლიდერის კიდევ ერთი გამარჯვება გახდა ის, რომ იგი ამერიკიდან კი არ ჩავიდა, რომ არცერთ სერიოზულ დათმობაზე არ დათანხმებულა და იმავდროულად თავის ამერიკელ კოლეგასთან თბილი ურთიერთობები შეინარჩუნა. არადა, ბოლო თვეებში აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ იგი იმედგაცრუებულია ვლადიმერ პუტინით და რომ კრემლი განგებ აბრკოლებს სამშვიდობო მოლაპარაკებისა და წარმატების მიღწევას. „იგი [პუტინი] უკიდურესად თავაზიანია, მაგრამ მის თავაზიანობას შედეგი არ მოსდევს“, – შესჩივლა ტრამპმა ჟურნალისტებს ივლისის დასაწყისში, თუმცა პარასკევს ალასკაზე შეხვედრისას მას არანაირი მინიშნება არ გამოუხატავს, რომ იგი უკმაყოფილოა თავისი რუსი კოლეგის მოქმედებით, შეთანხმების მიუღწევლობის გამო. პირიქით, ხაზი გაუსვა, რომ მას და პუტინს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
3. ტრამპი პუტინთან მოკრძალებული იყო
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამერიკის მიწაზე მიმდინარეობდა, ხოლო თვითონ დონალდ ტრამპი მასპინძლის როლში გამოდიოდა, მან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე პირველი სიტყვა სტუმარს დაუთმო. რუსეთის ლიდერმა ისარგებლა შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი თვალსაზრისი უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ძირეული მიზეზების“ შესახებ. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოხატულმა პოზიციამ დონალდ ტრამპის მხრიდან რაიმე საყვედური არ გამოუწვევია – იგი მხოლოდ იდგა და იღიმებოდა. სხვათა შორის, იგი დიდი ხანია ლოიალურად უყურებს ავტორიტარ ლიდერებს და მათ „ძლიერებს“ უწოდებს.
დონალდ ტრამპს, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნობელის მშვიდობის პრემია მიიღოს, პრეს-კონფერენციის დროს არაფერი უთქვამს თავის დაბეჯითებით მოთხოვნაზე, რომ სამიტის შედეგად ცეცხლის დაუყოვნებლივ უნდა შეწყვეტილიყო. არადა, თუ ცეცხლი არ შეწყდებოდა, აშშ-ის ლიდერი რუსეთს და მის მოკავშირეებს რამდენიმე დღის წინათ „ძალიან სერიოზული შედეგებით“ ემუქრებოდა. ჯერ-ჯერობით გაუგებარია, იქნება და არა სადამსჯელო ზომები რეალიზებული და თუ იქნება, როგორი სახით. გავიხსენოთ, რომ იგი ადრე რუსეტს მეორადი სანქციებით ემუქრებოდა.
4. ტრამპს საბაბი მიეცა ძველი წყენები გაეხსენებინა
დონალდ ტრამპმა ვერ მიიღო ის, რაც გათვლილი ჰქონდა – შეხვედრა უფრო ადრე დამთავრდა, ვიდრე დაგეგმილი იყო, მაგრამ ორი მომენტი მან საგანგებოდ შეაფასა.
პირველი, რომ მას შესაძლებლობა მიეცა ისევ, მთელი მსოფლიოს წინაშე, დაეგმო 2016 წელს ჩატარებული გამოძიება, რომლის თანახმად, თითქოსდა მისი წინასაარჩევნო შტაბი რუსეთთან იყო დაკავშირებული და ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი ამერიკულ არჩევნებში ჩაერია. იდგა რა ვლადიმერ პუტინთან ერთად, დონალდ ტრამპმა გამოძიების შედეგები „სიცრუედ“ და „უსამართლოდ მიყენებულ ტანჯვად“ გამოაცხადა, რომლის გადატანა ორივე ლიდერს მოუხდათ.
მეორე მომენტი – ის, რომ ვლადიმერ პუტინმა პატივი მიაგო კოლეგის პოზიციას და „დაადასტურა“ დონალდ ტრამპის ადრინდელი ნათქვამი, რომ ომი უკრაინაში მართლაც არ დაიწყებოდა, იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი რომ ტრამპი ყოფილიყო. თუმცა იმავდროულად უპასუხოდ რჩება კითხვა – რატომ აგრძელებს პუტინი საომარ მოქმედებებს და თანაც ითხოვს მიწების მიერთების იურიდიულ აღიარებას ახლა, როცა დონალდ ტრამპია ხელისუფლებაში და მშვიდობის დამყარებისაკენ მოუწოდებს.
5. როგორც ჩანს, ტრამპი წინააღმდეგი არ არის რუსეთს ეწვიოს
როცა სასწრაფო მზადება დაიწყო ალასკის ისტორიული სამიტისათვის, ზოგიერთ ანალიტიკოსს კითხვები გაუჩნდა – განახორციელებდა თუ არა საპასუხო ვიზიტს დონალდ ტრამპი იმავე 15 აგვისტოს მეზობელ ქვეყანაში, ამერიკული ალასკის რუსულ ჩუკოტკასთან სიახლოვის გათვალისწინებით (100 კილომეტრზე ნაკლები მანძილი). მართალია, ასეთ იდეას 15 აგვისტოს განხორციელება არ ეწერა, მაგრამ როგორც ერთ-ერთმა წყარომ მიანიშნა ტრამპის გარემოცვიდან, პრეზიდენტის ვიზიტი მოსკოვში უახლოეს მომავალში გამორიცხული არ არის. ასე რომ, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინი არ ხუმრობდა, როცა პრეს-კონფერენციის ბოლო წუთებში მასპინძელი სტუმრად რუსეთის დედაქალაქში მიიწვია.
როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი კრემლის მონახულების წინააღმდეგი არ არის. „ო, ეს საინტერესო თემაა“, – განაცხადა მან და წარბები ასწია, – ვიცი, რომ ამის გამო „კარგად მომხვდება“, მაგრამ არ გამოვრიცხავ ვიზიტის შესაძლებლობას’.
უკანასკნელად აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთს 2013 წელს ეწვია, როცა ბარაკ ობამამ მონაწილეობა მიიღო „დიდი ოცეულის“ სამიტში, სანქტ-პეტერბურგში. სხვათა შორის, იმავე წელს გაიმართა დონალდ ტრამპის ბოლო ვიზიტიც რუსეთში, როცა იგი მოსკოვს „მის მსოფლიოს“ კონკურსის ორგანიზატორის რანგში ეწვია. კონკურსის წინ ტრამპი, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა რუსეთში სამშენებლო პროექტების განხორციელებას, შეეცადა ყურადღების მიპყრობას და სოციალურ ქსელში ასე დაწერა: „როგორ ფიქრობთ, დაესწრება თუ არა მოსკოვში ვლადიმერ პუტინი „მის მსოფლიოს“ კონკურსს“? და თუ დაესწრება, გახდება იგი ჩემი ახალი მეგობარი?“.
ვლადიმერ პუტინი კონკურსს არ დასწრებია, თუმცა, როგორც ამბობენ, მან დონალდ ტრამპს საჩუქარი გაუგზავნა.
6. ზელენსკი უსამიტოდ დარჩება მომავალშიც
ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტს კარგავს, ვოლოდიმირ ზელენსკი, სამიტს ტელევიზორით აკვირდებოდა – ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო. უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრაზე არა მიუწვევიათ, თუმცა ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის და მასთან ერთად ევროპელ ლიდერებს 18 აგვისტოს შეხვდება. მოგვიანებით კი, 22 აგვისტოს, შეიძლება სამეულის – ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის სამიტი გაიმართოს, თუმცა ეს მხოლოდ სავარაუდოდ.
ომის მშვიდობიანად დარეგულირების გარეშე ვოლოდიმირ ზელენსკის და მის ქვეყანას რჩება მხოლოდ ის, რომ რუსეთთან გაჭიანურებული ომი გააგრძელოს, თანაც ისეთ პირობებში, როცა აშშ-საგან მტკიცე და საიმედო მხარდაჭერა არ ექნება, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდისაგან განსხვავებით. ბოლო დღეებში ზელენსკიმ რუსეთი პერმანენტულ შეტევებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთს არც ცეცხლის შეწყვეტა არ სურს, არც გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების დადება.
„,ომი სწორედ იმიტომ გრძელდება, რომ არც ბრძანება არ არის მისი შეწყვეტისა და არც სიგნალი, რომ მოსკოვი მის დამთავრებას აპირებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპისა და პუტინის შეხვედრის წინ, – რუსები ადამიანების ხოცვას მოლაპარაკების დღესაც კი აგრძელებენ და ეს ბევრ რამეს ნიშნავს“.
მოამზადა სიმონ კილაძემ