დონალდ ტრამპს XIX საუკუნის იმპერიალიზმის აღორძინება სურს: „დავუბრუნოთ რუსეთს ძველი დიდება!” – The Washington Post
აშშ-ის გაზეთის „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) 12 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპს XIX საუკუნის იმპერიალიზმის აღორძინება სურს: „დავუბრუნოთ რუსეთს ძველი დიდება!“ // რასაც ტრამპი კანადაზე ამბობს, იგივეს აცხადებს პუტინი უკრაინაზე“ (ავტორი – ფარიდ ზაკარია, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი). პუბლიკაციაში კრიტიკული თვალსაზრისითაა გადმოცემული აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებიც ტერიტორიულ ექსპანსიას ეხება.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
დონალდ ტრამპი კანადა-აშშ-ის საზღვარს „ხელოვნურს“ უწოდებს. სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინიც იგივეს ამბობს რუსეთ-უკრაინის საზღვრის მიმართ.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი კონფლიქტების შეწყვეტის ლოზუნგებს „ისროდა“ და ყველას პირდებოდა მშვიდობის დამყარებას, აცხადებდა ამერიკის სიდიადისა და ძლიერების დაბრუნების სურვილს, ახლა კი, როცა იგი პრეზიდენტად არის არჩეული, მან, როგორც ჩანს, მე-19 საუკუნის იმპერიალიზმის აღდგენა გადაწყვიტა. სულ რაღაც ერთი პრეს-კონფერენციის დროს დონალდ ტრამპმა კანადას აშშ-ის შტატად გადაქცევა შესთავაზა, ასევე მოისურვა გრენლანდიისა და პანამის არხის დაუფლება. არჩეული პრეზიდენტი კანადის მიერთებას, ალბათ, ეკონომიკური იძულებით „განახორციელებს“, ხოლო გრენლანდიისა და პანამის არხის ხელში ჩაგდებისათვის არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას. რესპუბლიკელი ლიდერები, რომლებსაც დონალდ ტრამპმა ამას წინათ პარტიის ძველი ექსპანსიური საგარეო პოლიტიკისა და ინტერნაციონალისტური გადახრების დაგმობა დაავალა, სწრაფად გადაერთვნენ ახალ კურსზე და დღეს ხმამაღლა ასხამენ ქება-დიდებას თავიანთ მეთაურის გრანდიოზულ იდეებს და მასშტაბურად აზროვნების უნარს….
მაგრამ რასთან მიგვიყვანს ეს ყველაფერი?
ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ჩვენ, უბრალოდ, საგარეო პოლიტიკაში „სიგიჟის თეორიებს“ დავუბრუნდით, რომელთა თანახმად, პრეზიდენტისათვის ზოგჯერ სასარგებლოც კი არის თავი მოაჩვენოს არაპროგნოზირებად ადამიანად და ირაციონალურადაც კი, რადგან ასეთი მოქმედებები მოწინააღმდეგეს გზა-კვალს ურევს. გავიხსენოთ, რომ დონალდ ტრამპმა მსგავსი ტრიუკი უკვე გამოიყენა თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში, უპირველეს ყოვლისა ჩრდილოკორეელ ლიდერთან კიმ ჩენ ინთან ურთიერთობის დროს. იგი მას ჯერ ბირთვული ომით დაემუქრა („იცოდე, თავს დაგატყდება ისეთი ცეცხლი, რომლიც მსოფლიოს ადრე არასოდეს არ უნახავს“), შემდეგ მოულოდნელად მისთვის „ალერსიანი“ წერილების გაგზავნა დაიწყო. მაგრამ ასეთმა ტაქტიკამ არ იმუშავა: ჩრდილოეთმა კორეამ გააგრძელა როგორც ბირთვული იარაღის არსენალის შევსება, ასევე რაკეტების გამოცდა და სამხრეთ მეზობლისადმი მუქარები. როგორც პოლიტოლოგი დენიელ დეზნერი აღნიშნავს, „სიგიჟის თეორიის“ ერთ-ერთი მომხრე იყო რიჩარდ ნიქსონი, რომელიც, ისევე როგორც დონალდ ტრამპი, პრეზიდენტობის პერიოდში ცდილობდა თავი ყველასთვის „ჭკუიდან გადასულად“ და „გაუწონასწორებელ ადამიანად“ მოეჩვენებინა, თუმცა რაიმე პოზიტიურ შედეგებს ვერ მიაღწია [იგი 1972 წელს პეკინში ჩავიდა და მაო ძედუნს შეხვდა, მაგრამ ჩინეთი დღემდე აშშ-ის მეტოქედ რჩება].
ლაპარაკი იმაზე, რომ კანადა აშშ-ის შტატად გადააქციოს, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპმა უმეტესად კანადის ლიბერალი პრემიერ-მინისტრის დამცირების მიზნით დაიწყო, რომელსაც არჩეული პრეზიდენტი ქედმაღლურად და დამცინავად უყურებს. ეს იმდენად აშკარად გამოჩნდა, რომ ის კანადელი პოლიტიკოსებიც კი, რომლებიც მხარს დონალდ ტრამპს უჭერენ (ვთქვათ, ონტარიოს პროვინციის პრემიერი დაგ ფორდი და კანადელი კონსერვატორების ლიდერი პიერ პუალევრი), იძულებულები გახდნენ მისი განცხადებები დაეგმოთ. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დონალდ ტრამპმა მსგავსი გამონათქვამები დაუშვა მექსიკის მიმართ, რის შედეგადაც მექსიკის პრეზიდენტად ყველაზე ანტიამერიკელი პოლიტიკოსი იქნა არჩეული – ანდერს მანუელ ლოპეს ობრადორი. ანუ დონალდ ტრამპმა თავისი დაუფიქრებელი მოქმედებით ხელი შეუწყო ანდერს ობრადორის რეიტინგის ზრდას! ამჯერად კი ამერიკის მადიდებელი ლოზუნგის (MAGA) ავტორს თავისუფლად შეუძლია კანადაში ანტიამერიკული განწყობები გააძლიეროს.
დონალდ ტრამპის ყურადღებას პანამისა და გრენლანდიის მიმართ გარკვეული საფუძველი აქვს: პანამის არხი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საზღვაო ტრანსპორტის გამტარებელ ობიექტს წარმოადგენს. დღეს პანამის ხელისუფლება ესოდენ მნიშვნელოვანი არხის მუშაობას ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით წარმართავს, თანაც ამერიკასთან ნორმალური დამოკიდებულება აქვს, რაც ამას წინათ „უოლ სთრით ჯორნელმაც“ აღნიშნა თავის ერთ-ერთ სტატიაში. ასევე არ არსებობს არხის მიმართ ჩინეთის მხრიდან განხორციელებული რაიმე პირდაპირი გავლენის მიმანიშნებელი ფაქტი და თუ ვაშინგტონი ახლა მუშტების ქნევას დაიწყებს და არხის მისაკუთრებას შეეცდება, ამით ხელს შეუწყობს სწორედ ჩინეთის გავლენის ზრდას. ამით მოიმატებს ანტიამერიკული განწყობა და ამერიკული ნეოიმპერიალიზმისადმი შიში არამარტო პანამაში, არამედ მთელ სამხრეთ ამერიკულ კონტინენტზე.
გრენლანდია უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული წერტილი ხდება უმეტესად კლიმატური ცვლილებების – გლობალური დათბობის – გამო (რომელსაც თვითონ ტრამპი გამოგონილად მიიჩნევს). პოლარული ყინულების დადნობა გამოიწვევს ახალი საზღვაო გზების გაჩენას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის, ხოლო რუსეთი და ჩინეთი შეეცდებიან თავიანთი გავლენის გაფართოებას ამ ახალ გზებზე. აშშ-ის პოლიტიკა გამოიხატება (ან უნდა გამოიხატოს) იმაში, რომ ხელი შეუშალოს მოსკოვისა და პეკინის ზრახვებს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს. მაგრამ ამისათვის სულაც არ არის საჭირო გრენლანდიის მისაკუთრება – ამერიკას ისედაც აქვს კუნძულზე განუსაზღვრელი მოქმედების უფლება – აშშ და დანია ნატოს წევრები არიან, კუნძულზე კი აშშ-ის სამხედრო-კოსმოსური ბაზა მუშაობს.
ისე, კაცმა რომ თქვას, თვითონ დანიამაც შეუწყო ხელი აშშ-ის დაინტერესების გაზრდას კუნძულის მიმართ. რამდენიმე წლის წინათ ავტონომიური გრენლანდიის მთავრობამ კინაღამ ხელშეკრულება გააფორმა ჩინეთთან ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე და რომ არა პენტაგონის თხოვნა თავისი ნატოელი მოკავშირის – დანიის მთავრობისადმი, ახლა გრენლანდიაზე ჩინელების ეკონომიკური გავლენა მნიშვნელოვანი იქნებოდა. კიდევ კარგი, რომ დანიამ გააუქმა ჩინელებთან დადებული კონტრაქტი და აეროპორტის მშენებლობის დაფინანსება საკუთარი სახსრებით განახორციელა. ანუ ნორმალური თანამშრომლობით შედეგად ყველა პრობლემის დადებითად მოგვარება შეიძლება.
ამერიკული ფირმები, რომლებიც ბილ გეითსის, მარკ ცუკერბერგისა და ჯეფ ბეზოსის („ვაშინგტონ პოსტის“ მფლობელის) ფონდებით ფინანსდებიან, გრენლანდიაზე აქტიურ კვლევებს აწარმოებენ იმ მიზნით, თუ რომელი წიაღისეულის საბადო შეიძლება იქნას მომგებიანად დამუშავებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ტექნიკური თვალსაზრისით კუნძული შეიძლება ამერიკის გახდეს, ყოველგვარი სკანდალების და ექსპანსიის მცდელობების გარეშე.
აშშ მსოფლიოში დიდი გავლენით სარგებლობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონმა მხოლოდ საკუთარი ვიწრო ანგარებითი ინტერესებით იმოქმედოს – მან სხვის ინტერესებსაც უნდა გაუწიოს ანგარიში. ამერიკას ჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, მან უნდა დაიცვას წესები და ნორმები. სწორედ ასეთი პოლიტიკის წყალობით ამერიკამ შეძლო 87 ქვეყნის დარწმუნება იმისათვის, რომ მათ დაეგმოთ რუსეთის პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით. სწორედ ამიტომ გახდა ჩინეთის მეზობელი ბევრი ქვეყანა აშშ-ის მოკავშირე.
პრეს-კონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და კანადას შორის საზღვარი ხელოვნურია და ამიტომ გასაუქმებელიაო. სწორედ იგივეს აცხადებს ვლადიმერ პუტინი უკრაინის მიმართ, ხოლო ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი – ტაივანთან არსებული დამაშორიშორებელი ხაზის შესახებ. ჰოდა, დონალდ ტრამპის სწორედ ასეთი განცხადებები უწყობენ ხელს რუსეთს და ჩინეთს თავიანთი დიდების დაბრუნებაში.