![,,დონალდ ტრამპის „თაფლობის თვე“ – ავთანდილ წულაძე](https://gttv.ge/wp-content/uploads/2025/02/233.jpg)
,,დონალდ ტრამპის „თაფლობის თვე“ – ავთანდილ წულაძე
დონალდ ტრამპი, რომელმაც ახლახან დაიკავა აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობა, საარჩევნო დაპირებების შესრულებას შეუდგა. ტრამპი ტარიფებს უწესებს როგორც აშშ-ს მოკავშირე ქვეყნებს, ასევე ჩინეთს. იღებს მკაცრ ზომებს არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით. USAID-ის ფაქტობრივი ლიკვიდაცია აჩვენებს, რომ ომი ბიუროკრატიასთან არის არა ტრამპის ლოზუნგი, არამედ რეალობა. ტრამპი ასევე ცდილობს მაქსიმალურად დააჩქაროს უკრაინაში ომის გაყინვის პროცესი. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონს მომავალ კვირას ეწვევა და ტრამპმა შესაძლოა სატელეფონო მოლაპარაკებები გამართოს რუსეთის პრეზიდენტთან. ტრამპს დასავლურ პრესაში აკრიტიკებენ მკაცრი პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმის გამო არა მხოლოდ შეერთებული შტატების კონკურენტებისა, არამედ მოკავშირეების წინააღმდეგაც. მაგალითად, ტრამპი ევროკავშირს ტარიფების შემოღებას ჰპირდება. ჯო ბაიდენმა გააძლიერა დასავლეთის ქვეყნების ალიანსი, დონალდ ტრამპი კი მას ანგრევს – ეს არის ერთ-ერთი მთავარი ბრალდება ტრამპის მიმართ მის საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებით. თუმცა, არსებობს არგუმენტი ტრამპის სასარგებლოდ. დასავლეთის ქვეყნების ალიანსის გაძლიერების პოლიტიკა ჩინეთის მეთაურობით ანტიდასავლურ ბლოკთან ბრძოლაში არაეფექტური აღმოჩნდა. ავტორიტარული ქვეყნები ფლობენ ინიციატივას საერთაშორისო ასპარეზზე, ქმნიან კრიზისებს და ანადგურებენ „დასავლურ“ წესებზე დაყრდნობილ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას. ჩინეთი არ მალავს თავის განზრახვას, გაწიოს შეერთებული შტატები დომინანტური ძალის პოზიციიდან და მსოფლიოში საკუთარი თამაშის წესები დააწესოს. ამ სიტუაციაში ტრამპი მოქმედებს როგორც ყინულმჭრელი, არღვევს ჩინეთისა და მისი მოკავშირეების სტრატეგიას და აიძულებს დასავლეთის ქვეყნებს იმოქმედონ უფრო გადამწყვეტად. ჩინეთისა და მისი მოკავშირეების გათვლა იყო, რომ დასავლეთი მორალურად სუსტია, გაურბის კონფლიქტებს და უკან დაიხევდა შანტაჟისა და სამხედრო ძალის წინაშე. უკრაინის ომმა აჩვენა, რომ დასავლეთი უფრო მკაცრად მოქმედებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, მაგრამ არ ჩანს საკმარისად ძლიერი, რომ ომი სამართლიანი პირობებით დაასრულოს. დონალდ ტრამპისთვის ევროპაში გაჭიანურებული სამხედრო კონფლიქტი დასავლეთის სისუსტის ნიშანია. ტრამპის მიზანია სწრაფად მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას და მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. ამ შემთხვევაში ჩინეთი ვერ გამოიყენებს ომს დასავლეთის ქვეყნებზე ზეწოლის ბერკეტად, რათა გაზარდოს თავისი გეოპოლიტიკური გავლენა. გლობალური ეკონომიკური კონკურენციის სფეროშიც დასავლეთი კარგავს ინიციატივას. ევროკავშირი ჩინეთს ჩამორჩება ეკონომიკური განვითარების მხრივ და ეკონომიკურად დამოკიდებული გახდა ჩინურ საქონელზე. ჩინელებმა ცოტა ხნის წინ გამოუშვეს Deep Seek ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მნიშვნელოვნად უფრო იაფია, ვიდრე ამერიკული Chat GPT, რამაც გამოიწვია ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ვარდნა. ჩინეთთან მიმართებაში ტექნოლოგიური უპირატესობის დაკარგვის საფრთხე აიძულებს აშშ-ს ხელმძღვანელობას გადადგას სასწრაფო და გადამწყვეტი ნაბიჯები მსოფლიოში წამყვანი პოზიციის მოსაპოვებლად. ტრამპმა გამოაცხადა 500 მილიარდი დოლარის ღირებულების Star Gate პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს შეერთებული შტატების გლობალური ლიდერობა ხელოვნურ ინტელექტში. მედიაში კრიტიკის მიუხედავად, დონალდ ტრამპი აღწევს ტაქტიკურ წარმატებებს, აშინებს როგორც მოკავშირეებს, ასევე მოწინააღმდეგეებს სანქციებით, ტარიფებითა და სამხედრო ძალის გამოყენებითაც კი. ტრამპის „თაფლობის თვე“ წარმატებული ჩანს. მაგრამ როდესაც ტრამპის მკაცრი განცხადებების შოკური ეფექტი გაივლის, „თაფლობის თვემ“ შესაძლოა ადგილი დაუთმოს „ოჯახურ ჩხუბს“ მოკავშირეებთან და მკაცრ კონფლიქტებს აშშ-ს ოპონენტებთან.
ავტ; ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგიის დოქტორი