დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას ფედერალური ბიუროს აგენტები ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ეძებდნენ – The Washington Post
დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკის დროს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ეძებდნენ, – Washingtonpost -ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემას ანონიმურმა წყარომ აცნობა.
ჯერ უცნობია, მიაკვლიეს თუ არა აღნიშნულ დოკუმენტებს აგენტებმა ჩხრეკის შედეგად.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ორდერის გასაჯაროებას ერთ კვირაში აპირებს. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება უფრო მეტს შეიტყობს იმის შესახებ, თუ რას ეძებდნენ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლები აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახლში და რა ნივთები ამოიღეს.
ჯერ უცნობია, გააპროტესტებენ თუ არა ტრამპის ადვოკატები ორდერის გასაჯაროების გადაწყვეტილებას.
საქმე ეხება ტრამპის მიერ თეთრი სახლიდან გასვლის შემდეგ დოკუმენტაციის უკანონო გატანას. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციის ჩხრეკის ორდერის გაცემა მან დაამტკიცა. თავად ტრამპი გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.