“დონალდ ტრამპი მასშტაბურ დეპორტაციას სამშაბათს, ინაუგურაციის შემდეგ დაიწყებს”-The Wall Street Journel
აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს მასშტაბური ანტიმიგრაციული რეიდის დაწყებას ქალაქ ჩიკაგოში 21 იანვარს – ინაუგურაციიდან მეორე დღეს“, – ნათქვამია ამერიკულ გაზეთ The Wall Street Journel-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დონალდ ტრამპი მასშტაბურ დეპორტაციას სამშაბათს, ინაუგურაციის შემდეგ დაიწყებს“ (ავტორები – მიშელ ჰეკმანი, ჯო ბარეთი და პოლ კირმანი).
პუბლიკაცია ემყარება იმ ოთხი წყაროს მიერ გამჟღავნებულ ინფორმაციას, რომლებიც გეგმას იცნობენ. მათი თქმით, ოპერაცია გაგრძელდება ერთი კვირა და მიმართული იქნება აშშ-ში არალეგალურად მყოფი მიგრანტების გამოვლენისა და მათი დეპორტაციისათვის.
გეგმის მიხედვით, რეიდის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს იმიგრაციული და საბაჟო პოლიციის 100-დან 200-მდე თანამშრომელი. ოპერაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს იმ მიგრანტების გამოვლენა და დაკავება [შემდგომი დეპორტაციით], რომლებსაც კრიმინალური წარსული აქვთ, ან ჩადენილი აქვთ საგზაო წესების დარღვევა და სხვა ისეთი დანაშაული, რომლებსაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ნაკლებმნიშვნელოვნად თვლიდა სამართლებრივი დევნისთვის. „ამასთან, როგორც წყაროები იტყობინებიან, იმიგრანტი კრიმინალებისა და კანონდამრღვევების დაკავების დროს, თუ მათთან ერთად სხვა არალეგალური იმიგრანტებიც იქნებიან, მათაც დააპატიმრებენ“, – წერს „უოლ-სთრით ჯორნელი“.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, ჩიკაგო არამარტო იმიტომ კი არ იქნა არჩეული რეიდის ჩასატარებლად, რომ ამ ქალაქში ძალიან ბევრი იმიგრანტი ცხოვრობს შედარებით ლოიალური პირობების წყალობით, არამედ იმიტომაც, რომ ჩიკაგოს მერი, დემოკრატიული პარტიის წევრი ბრენდონ ჯონსონი და რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს დიდი ხანია საჯაროდ უპირისპირდებიან..
ჩიკაგოს შემდეგ ანალოგიური რეიდები ჩატარდება აშშ-ის სხვა ქალაქებში – „მსხვილ იმიგრანტულ ცენტრებში – ისეთებში, როგორებიც არიან ნიუ-იორკი, ლოს ანჟელესი, დენვერი და მაიამი. გარდა ამისა, ახალი ადმინისტრაციის წევრები ყურადღებით ადევნებენ თვალს იმიგრანტების თავმოყრის სხვა ადგილებსაც და, შესაბამისად, მიზანმიმართული რეიდები გაგრძელდება“.
დონალდ ტრამპი აშშ-დან მიგრანტთა გასახლების ოპერაციების განხორციელებას ამომრჩევლებს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირდებოდა. „ეს იქნება ამერიკის ისტორიაში უდიდესი სადეპორტაციო ოპერაცია ქვეყნიდან 15-20 მილიონი იმიგრანტის გაძევების მიზნით“, – ამბობდა იგი სამხრეთ კაროლინას შტატში გამართული მიტინგის დროს 2024 წლის თებერვალში. დონალდ ტრამპის აზრით, ამერიკამ უნდა შეწყვიტოს „ღია საზღვრების პოლიტიკა“, რომელსაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ატარებდა.
მოამზადა სიმონ კილაძემ