1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დიქტატორები დევნილობაში -როგორ ცხოვრობენ გაქცეული ტირანები და რისი იმედი უნდა ჰქონდეს ბაშარ ასადს მოსკოვში?”- The Daily Telegraph
“დიქტატორები დევნილობაში -როგორ ცხოვრობენ გაქცეული ტირანები და რისი იმედი უნდა ჰქონდეს ბაშარ ასადს მოსკოვში?”- The Daily Telegraph

“დიქტატორები დევნილობაში -როგორ ცხოვრობენ გაქცეული ტირანები და რისი იმედი უნდა ჰქონდეს ბაშარ ასადს მოსკოვში?”- The Daily Telegraph

444
0

ბრიტანული გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დიქტატორები დევნილობაში: როგორ ცხოვრობენ გაქცეული ტირანები და რისი იმედი უნდა ჰქონდეს ბაშარ ასადს მოსკოვში?“ (ავტორი – მარსელ დირსუსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სირიის დიქტატორი, ხელისუფლებაში ყოფნის ორ ათეულ წელზე მეტი ხნისა და ადამიანთა უთვალავი მსხვერპლის შემდეგ, მოსკოვში გაიქცა, თუმცა ბაშარ ასადის დღევანდელ მდგომარეობაში გასაკვირი არაფერია – მსოფლიო ისტორიაში უამრავი ტირან-დიქტატორების გაქცევის ფაქტია ცნობილი. უფრო მეტად საინტერესო, ალბათ, ისაა, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი, სისხლისმსმელი რეჟიმის ყოფილი მეთაურები, საზღვარგარეთ, სამშობლოსაგან მოშორებით. ამ მხრივ ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან – ისევე როგორც ის დრო და პერიოდები, რომლებშიც მათ უხდებოდათ ჯერ მოღვაწეობა, შემდეგ კი დევნილობაში ცხოვრება.

 ნიკარაგუის ყოფილი დიქტატორი ანასტასიო სომოსა დებაილე გაქცევის შემდეგ, 1979 წელს, მალე მოკლეს, ხუან პერონმა კი, არგენტინის ექს-პრეზიდენტმა, რომელმაც დევნილობაში 18 წელი გაატარა, შეძლო ხელისუფლებაში დაბრუნება და 1973 წელს კვლავ არგენტინის მეთაური გახდა. გაქცეული მმართველების უმრავლესობა ხელისუფლების დაკარგვიდან დაბრუნებამდე შუალედურ პერიოდში გარკვეული უსაფრთხოების პირობებში ცხოვრობენ და მათ, „სტუმრებს“, მიმღები „მასპინძლები“ მფარველობენ. 

როცა უგანდელი დიქტატორი იდი ამინი 1979 წელს პირველად ჩავიდა საუდის არაბეთში, მას ჯერ კიდევ ჰქონდა ხელისუფლების აღდგენის იმედი, მაგრამ როცა 1989 წელს მისი ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა ჩაიშალა და უკან, საუდის არაბეთში ისევ დაბრუნდა,  მან ყველაფერი დაკარგა. თუ ადრე იგი საკუთარ თავს „ხმელეთისა და ზღვების ყველა ბინადრის მბრძანებლად“ თვლიდა, სრულიად ჩვეულებრივ ადამიანად იქცა. საუდის არაბეთი, ცდილობდა რა „სტუმრისათვის“ ღირსეული „მასპინძლობა“ გაეწია, იდი ამინს კარგი სახლი მისცა საცხოვრებლად, მანქანა ემსახურებოდა, მზარეული და  მოახლეებიც კი. სამაგიეროდ, „ყველა მხეცისა და თევზის მბრძანებელი“, ერ-რიადი რომ უხერხულ მდგომარეობაში არ აეყენებინა, თავისთვის ჩუმად იჯდა. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ იდი ამინი ფიზიკურად თავს კომფორტულად გრძნობდა, ამას ვერ ვიტყვით მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე…

როცა მმართველი პირი დიქტატორი ხდება, იგი თავს სამყაროს ცენტრად გრძნობს. მისი გარემოცვა „პატრონს“ ელაქუცება და ისე იქცევა, როგორც „პატრონს“ სურს. ყველა იმას ამბობს, რაც „პატრონს“ მოეწონება და ესიამოვნება. გარემოცვის წევრები კომპეტენტურობით კი არ გამოირჩევიან, არამედ თვალთმაქცობით. თუ ვინმე ასე არ გააკეთებს და გაბედულებას გამოიჩენს სიმართლის სათქმელად, იგი ახლო წრიდან ამოვარდება და გაირიყება – ან თანამდებობით დააქვეითებენ, ან უფრო უარესი მოხდება – მას ან მოკლავენ, ან ციხეში ჩასვამენ სამუდამოდ.

ცივი ომის დროს ყველაზე საშინელ ტირანებსაც ჰქონდათ იმედი გაქცეულიყვნენ და დემოკრატიულ ქვეყნებში უსაფრთხოდ ეცხოვრათ – ისინი ხომ მფარველ ქვეყნებს თავის დროზე ყველაფერში ეთანხმებოდნენ და ყველაფერს უსრულებდნენ, შესაბამისად, მათ, გაჭირვების შემთხვევაში, სამაგიერო ზრუნვის იმედი ჰქონდათ. 1986 წელს აშშ-ის მთავრობა არჩევანის წინაშე დადგა: მიეღო თუ არ მიეღო თავისთან ფილიპინელი პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოსი ცოლითურთ – მიეცა თუ არა მათთვის „ოქროს პარაშუტი“ გადასარჩენად? ფერდინანდს ამერიკის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა. აშშ ყოყმანობდა, ფილიპინებზე კი სისხლისღვრა გრძელდებოდა. საბოლოოდ, ვაშინგტონმა გადაწყვეტილება მიიღო და ფილიპინელ დიქტატორს თავშესაფარი მისცა. ფერდინანდ მარკოსმა მომენტით ისარგებლა და სამშობლოდან რისი წაღებაც შეძლო, წაიღო – ჰავაის კუნძულებზე მან თან ჩაიტანა ოცამდე ოქროს მოზრდილი ზოდი, ქრისტეს ოქროს ქანდაკება, ბრილიანტები და მილიონობით დოლარი. იმ ადამიანისათვის, რომელსაც ოფიციალური ხელფასი ჰქონდა – წელიწადში 13 500 დოლარი, ასეთი ქონება ჰონოლულუში ახალი ცხოვრების დასაწყებად საკმარისი უნდა ყოფილიყო.

საერთოდ, ტირანებს ბევრი ფული სჭირდებათ განცხრომით ცხოვრებისათვის. შესაძლოა მათ თავდაპირველად ბევრი ფული ჰქონდეთ, მაგრამ როცა იხარჯება, მარაგს შევსება ჭირდება. ამ დროს მთავარია მომჭირნეობა და ეკონომია. როცა ჰაიტის პრეზიდენტი ჟან-კლოდ დიუვალიე 1986 წელს მომხდარი გადატრიალების შემდეგ საფრანგეთში გაიქცა, მას ბევრი ფული ჰქონდა და უანგარიშოდ ხარჯავდა – მას მოსწონდა ჩქაროსნული კატერები, ძვირფასი ავტომობილები და საკუთარ ვილებში ცხოვრება „ლაჟვარდოვან ნაპირზე“. თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, მისმა ცოლმა მისელ ბენეტმა საათის ყიდვისას 42 ათასი გირვანქა სტერლინგი დახარჯა. მაგრამ როცა ფულის შევსების გზები აღარ დარჩა (ბანკებმა ანგარიშები გაუყინეს და დაუხურეს), დიუვალიე იძულებული გახდა სამოთახიან ბინაში ეცხოვრა (დიდი თანხები დაიხარჯა ცოლთან განქორწინების შედეგად) და კომუნალურ გადასახადებს „მეგობრები უხდიდნენ“. საფრანგეთის მთავრობამ ასეთი სტუმრისგან, როგორც იქნა, „დაისვენა“.

სხვათა შორის, მანილელი სტუმრის ფერდინანდ მარკოსის ჰავაის შტატში მიღების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი მასთან კონტაქტებს თავს არიდებდა – ეტყობა, უხერხულობას გრძნობდა.

და თვითონ ჟან-კლოდ დიუვალიე? საფრანგეთი იძულებული გახდა იგი თავისთან მიეღო მას შემდეგ, რაც დიქტატორს თავშესაფრის მიცემაზე უარი განუცხადეს ამერიკამ, შვეიცარიამ, ესპანეთმა, იტალიამ, საბერძნეთმა, მაროკომ და გაბონმაც კი… რა თქმა უნდა, ექს-პრეზიდენტის ქცევით უკმაყოფილო პარიზს ნებისმიერ მომენტში შეეძლო მისი ქვეყნიდან გაგდება, მაგრამ როგორც ამბობენ ხოლმე – „დიახ, ის ცუდია, მაგრამ მაინც ჩვენიანია“.

კანონზომიერი მოვლენაა, რომ ლიდერები ქვეყნიდან ძირითადად მაშინ გარბიან, როცა სახელმწიფო/სამხედრო გადატრიალება ხდება, როცა სახალხო აჯანყება იწყება ან სამოქალაქო ომი ფართოვდება. ისინი სამშობლოდან გარბიან არა იმიტომ, რომ ეს საუკეთესო ვარიანტია, არამედ უფრო იმის გამო, რომ მათ საკუთარ ქვეყანაში დარჩენისას საპყრობილე ან გარდაუვალი სიკვდილი ელოდებათ.

მიმღები ქვეყნისათვის მიზეზები, რა თქმა უნდა, შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგალითად – „აბა, მაშ რა გვექნა, ქვეყანაში სისხლისღვრა იწყებოდა… კოლაფსი გარდაუვალი ხდებოდა… ქაოსი ფართოვდებოდა…“. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მიმღები (მასპინძელი) ქვეყანა ექს-ლიდერს ძალაუფლების დაბრუნებაში ეხმარება ხოლმე.

მხოლოდ დრო აჩვენებს, როგორი იქნება ბაშარ ასადისა და მისი ოჯახის ცხოვრება რუსეთში, სადაც იგი შეუერთდება ვიქტორ იანუკოვიჩს (უკრაინის ექს-პრეზიდენტს) და ასკარ აკევს (ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტს), რომლებიც საკუთარმა ხალხმა „მაიდნისა“ და „ტიტების რევოლუციის“ შედეგად დაამხო.

მათი ხელისუფლებაში დაბრუნება უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა და მოსკოვისათვის არააქტუალური. მაგრამ დადგება თუ არა ოდესმე ასეთი მომენტი, ყველაფერი დამოკიდებულია „მასპინძელ“ ვლადიმერ პუტინზე. კრემლმა სერიოზული შოკი გადაიტანა ბაშარ ასადის დამხობის გამო, რომლის დაცვა ვერ მოახერხა – მიუხედავად იმისა, რომ კრემლი სირიელი დიქტატორის შესანარჩუნებლად წლების განმავლობაში დიდ ფულს ხარჯავდა. ბაშარ ასადისათვის იღბალი იქნება, თუ ვლადიმერ პუტინი მის ცოცხლად ყოფნას გადაწყვეტს – ჯერ-ჯერობით მაინც.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: