“დიდი ფულის ბეჰემოთი”დააფინანსებს დონალდ ტრამპის კონკურენტს -ავთანდილ წულაძე
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად დიდია შეერთებული შტატების როლი საერთაშორისო პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობენ იმაზე, თითქოს ამერიკა “სუსტდება” და კარგავს თავის გავლენას.
ამ არჩევნებს ტრამპსა და ბაიდენს შორის „მატჩ-რევანშს“ უწოდებენ, მაგრამ აშშ-ის პოლიტიკური და ბიზნეს წრეები ალტერნატიულ კანდიდატებს აქტიურად ეძებენ. ცნობილი გახდა, რომ მილიარდერი ძმების ჩარლზ და დევიდ კოხების მიერ დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაცია Americans for Prosperity Action („ამერიკელები კეთილდღეობისთვის“), რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს, ნიკი ჰეილის, ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
Koch Industries არის სიდიდით მეორე კერძო კომპანია შეერთებულ შტატებში. ძმები კოხები 1970-იანი წლებიდან აქტიურობდნენ პოლიტიკაში, უჭერდნენ მხარს პარტიებს, პოლიტიკურ მოძრაობებს, ანალიტიკურ ცენტრებს. 1978 წელს ძმებმა კოხებმა ხელი შეუწყვეს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მერკატუსის (Mercatus) კვლევის ცენტრის შექმნას. Koch Industries ასევე აფინანსებს ფედერალისტურ საზოგადოებას და Heritage Foundation-ს (კონსერვატიული ანალიტიკური ცენტრი). ამ ორგანიზაციებმა „ჩამოაყალიბა კონსერვატიული იდეოლოგიის საფუძველი რონალდ რეიგანის პრეზიდენტობიდან დღემდე. ეს არის გარკვეული წარმატება კოხების ოჯახისთვის“, – წერს ჟურნალი Forbes. https://www.forbes.ru/sobytiya/lyudi/231334-kak-ustroena-biznes-imperiya-bratev-koh-glavnyh-protivnikov-obamy?ysclid=lpjr2qxrx391671836
დინასტიის დამაარსებელმა ფრედ კოხმა კაპიტალი გამოიმუშავა გასული საუკუნის 30-იან წლებში, სსრკ-ში ინდუსტრიალიზაციის დროს. თუმცა, ჟურნალ Forbes-ის თანახმად, კოხის საბჭოთა მეგობრები რეპრესირებულნი იყვნენ და ის სტალინის სიძულვილით გახდა გამსჭვალული. https://www.forbes.ru/sobytiya/lyudi/231334-kak-ustroena-biznes-imperiya-bratev-koh-glavnyh-protivnikov-obamy?ysclid=lpjr2qxrx391671836
როგორც ჩანს, სსრკ-ში მისმა სამუშაო გამოცდილებამ გავლენა მოახდინა ფრედ კოხის პოლიტიკურ შეხედულებებზე. იგი გახდა ძლიერი სახელმწიფოს მწვავე მოწინააღმდეგე. ეს შეხედულებები მემკვიდრეობით მიიღეს დინასტიის დამაარსებლის შვილებმაც. კოხების ოჯახი იცავს ლიბერტარიანულ შეხედულებებს – სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ბიზნეს საქმიანობაში, თუნდაც შეღავათების მიცემის სახით.
კოხები ცდილობდნენ შეეშალათ ხელი ბარაკ ობამას მოეგო საპრეზიდენტო არჩევნები. მის ოპონენტებს ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციას უწევდნენ, თუმცა კოხებმა ვერ მიაღწიეს მიზანს.
მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიაში „ამერიკელები კეთილდღეობისთვის“ აწარმოებდნენ პროპაგანდისტულ კამპანიას დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის რეიტინგი მიუთითებს იმაზე, რომ მათი ძალისხმევა ჯერ ჯერობით ამაოა. ახლა ისინი ფსონს ღიად დებენ ტრამპის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტზე, ნიკი ჰეილიზე.
გამოქვეყნებულ მემორანდუმში „ამერიკელები კეთილდღეობისთვის“ ამბობენ, რომ ქვეყანა “განხეთქილია ორივე მხარის უკიდურესობებით”. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მომენტი, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ, მოითხოვს სანდო ლიდერს, რომელსაც აქვს მართვის უნარი და პოლიტიკური გამოცდილება, რომ ჩვენი ქვეყანა ზღურბლიდან დაიბრუნოს. ნიკი ჰეილი ეს ლიდერია“. Koch Network Endorses Nikki Haley in Bid to Push GOP Past Trump – The New York Times (nytimes.com)
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადეს, რომ ნიკი ჰეილი ამომრჩეველთა მხარდაჭერის კარგ ზრდას აჩვენებს, ხოლო რონ დესანტისის რეიტინგი მკვეთრად დაეცა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გამოკითხვების მიხედვით, ჰეილი დაამარცხებს ბაიდენს, თუ რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდება. მაგრამ სანამ ბაიდენს კონკურენციას გაუწევს, ჰეილიმ უნდა გაასწროს თავის თანაპარტიელ დონალდ ტრამპს.
რესპუბლიკელი კანდიდატების სატელევიზიო დებატების დროს ნიკი ჰეილი წარმატებით დაუპირისპირდა კონკურენტებს. ნიკი ჰეილი იყო აშშ-ის ელჩი გაეროში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში და ფლობს საგარეო პოლიტიკას უკეთესად ვიდრე მისი ოპონენტები.
დებატებში წარმატებამ ხელი შეუწყო ჰეილის რეიტინგის ზრდას. ახალი ამბები იმის შესახებ, რომ Koch Industries-ის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია გახდება ნიკი ჰეილის საპრეზიდენტო კამპანიის დონორი, მის პოპულარობას ამერიკულ საზოგადოებაში აამაღლებს. ზუსტი თანხა, რომელსაც ჰეილის საარჩევნო ფონდში შეიტანს კოხების ორგანიზაცია, ჟურნალისტებს არ დაუსახელეს, მაგრამ კოხების ოჯახი ცნობილია პოლიტიკურ პროექტებში გულუხვი ფინანსური შენატანებით. ეს ნიშნავს, რომ ნიკი ჰეილის კამპანიას დიდი ბიუჯეტი ექნება.
ამერიკის არჩევნებში დაფინანსება დიდ როლს თამაშობს. მაგალითად, ახალი ამბები იმის შესახებ, რომ ჰეილის მდიდარი დონორი გაუჩნდა, დაემთხვა ცნობებს, რომ მთავარი დონორები ტოვებდნენ რონ დე სანტისს. აშშ-ს არჩევნები საფონდო ბირჟის თამაშს მოგაგონებთ. აქციები, რომლებშიც ინვესტორები ინვესტირებას ახდენენ, იზრდება ფასში. აქციები, რომლებსაც ინვესტორები ყიდიან, კარგავენ ღირებულებას. ნიკი ჰეილი გახდა პოლიტიკური ბრენდი მდიდარი დონორების ინვესტიციებით. საფონდო ვაჭრობის კანონების მიხედვით, იქნებიან სხვა ინვესტორები, რომელთაც სურთ ინვესტიციის ჩადება ამომავალ ვარსკვლავ ნიკი ჰეილიში. ამერიკული ჟურნალისტები Koch Industries „დიდი ფულის ბეჰემოთს“ უწოდებენ, რომელმაც ახალი ინტრიგა შექმნა საარჩევნო კამპანიაში. „მისმა მხარდაჭერამ შესაძლოა ჰეილის კამპანიაში სხვა მსხვილი დონორები მოიზიდოს“, – გვაცმობებს ტელეკოპანია CNN.
https://edition.cnn.com/2023/11/29/politics/haley-koch-trump-2024/index.html
არსებობს კიდევ ერთი საბაზრო ეკონომიკის კანონი, რომელიც ზრდის ჰეილის შანსებს. დონალდ ტრამპის რეიტინგი გარკვეულ დონეზე დასტაბილურდა. ტრამპმა მიაღწია თავის ჭერს. ინვესტორები კი აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ბრენდებში, რომლებიც სწრაფად იძენენ პოპულარობას და აქვთ ზრდის პოტენციალი. ნიკი ჰეილი სწორედ ასეთ პოლიტიკურ ბრენდებს ეკუთვნის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკი ჰეილი ინდოელი ამერიკელია. მას არ შეუძლია ტრამპის რადიკალური WASP-ის (თეთრი ანგლო-საქსონი პროტესტანტი) მხარდამჭერების ხმების მოპოვება, მაგრამ ჰეილის შეუძლია ხმების მოზიდვა უფრო ზომიერი რესპუბლიკელებისგან და გადაუწყვეტელი ამომრჩევლებისგან.
ნიკი ჰეილი რესპუბლიკური პარტიისთვის ტრადიციულ პოზიციპებს იცავს. CNN-ის მიმომხილველის სტივენ კოლინსონის თქმით ეს არის „ფინანსური დეფიციტის მკაცრი შემცირება და მკვეთრი ინტერნაციონალისტური საგარეო პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს აშშ-ს მოკავშირეებს“. https://edition.cnn.com/2023/11/29/politics/haley-koch-trump-2024/index.html
სატელევიზიო დებატების დროს ნიკი ჰეილიმ გამოიყენა ჯორჯ ბუში-უმცროსის ცნობილი ტერმინი „ბოროტების ღერძი“. ჰეილი ამტკიცებს, რომ შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო ასპარეზზე „ბოროტების ღერძის“ ქვეყნებს მკაცრი პასუხი უნდა გასცეს. თუ ნიკი ჰეილი გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკა უფრო მკაცრი გახდება, ვიდრე ჯო ბაიდენის დროს.
ავთანდილ წულაძე -პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი