1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, როცა საქმე ეხება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა-ირაკლი კობახიძე
დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, როცა საქმე ეხება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა-ირაკლი კობახიძე

დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, როცა საქმე ეხება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა-ირაკლი კობახიძე

287
0

ჩვენ დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, თუმცა ასევე გვესმის, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობის შენარჩუნება დაკავშირებულია მუდმივ ბრძოლასთან, ეს არის მუდმივი პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა და პარტნიორობა.

„დღეს, ამ ულამაზეს ქვეყანაში და ამ ულამაზეს ქალაქში აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის დღე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ქართველს განსაკუთრებული სიამაყით გვავსებს, რადგან ის გვახსენებს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ბრძოლას თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. ამ ბრძოლას უამრავი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. დამოუკიდებლობა არის ის, რასაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და სიამაყით ვიმეორებთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის 3 000 წლის, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრიობა არის 23-საუკუნოვანი ისტორიის. საქართველო, რომელიც არის ძალიან პატარა ქვეყანა, ისტორიულად ყოველთვის იმყოფებოდა იმპერიების გზაგასაყარზე. ასეთ პირობებში ჩვენთვის ძალიან რთული იყო დამოუკიდებლობის შენარჩუნება, მაგრამ ქართველმა ერმა არაერთგზის გამოავლინა გაუტეხელი სული და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ, ურთულესი ისტორიის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება.

ჩვენ დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, თუმცა ასევე გვესმის, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობის შენარჩუნება დაკავშირებულია მუდმივ ბრძოლასთან, ეს არის მუდმივი პროცესი. ჩვენ დღესაც ვართ მზად, მთელი შემართებით დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი სუვერენიტეტი. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა და პარტნიორობა. ჩვენ ვამაყობთ იმ ურთიერთობებით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის. ვამაყობთ მეგობრული ურთიერთობებით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ ხალხსა და იტალიელ ხალხს შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ამაყობს იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის.

„ქართველებს გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება იტალიისა და იტალიელი ხალხის მიმართ. ქართველებს გვაქვს რწმენა, რომ ევროპელ ხალხებს შორის ყველაზე მეტად ვგავართ იტალიელებს და ეს არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანი. ჩვენ აღგვაფრთოვანებს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია იტალიასთან, ეს არის უნიკალური იტალიური კულტურა, უნიკალური ისტორია, სპორტი, სამზარეულო, დაკავშირებული ამ ძალიან საინტერესო და ულამაზეს ქვეყანასთან.

რაც შეეხება მთავარ თემას, მილანი არის განსაკუთრებულ ემოციებთან დაკავშირებული ერთი კონკრეტული მიზეზის გამო – ბატონი კახა კალაძე, თბილისის მერი წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას ამ ქალაქში. წლების განმავლობაში, ის სიამაყით იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას ამ ქალაქში და სწორედ ამ ქალაქში მოუტანა მან ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი გამარჯვება.

ჩვენ ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის. ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა გენერალური საკონსულო, რომელიც ჩვენ დღეს დავათვალიერეთ. ეს არის კიდევ ერთი აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი იტალიაში, მათ შორის იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში ქართული დიასპორა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამატებით უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარებას.

ჩვენ მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს, რათა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის. დასასრულს მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება იტალიის მიმართ, იტალიელი ხალხის მიმართ იმ მრავალწლიანი მეგობრობისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდით ჩვენ თქვენგან. კიდევ ერთხელ მადლობა, მინდა, გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის. გაუმარჯოს იტალიას, გაუმარჯოს საქართველოს!“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.