„დაუსრულებელი კონფრონტაცია ეროვნულ-სახელნწიფოებრივ ენერგიას ანაწევრებს და შემოქმედებით იმპულსს აცლის“- წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგი, გია მურღულია

1  პოლიტიკურ დეპოლარიზაციას წინ უნდა უსწრებდეს საზოგადოებრივი დეპოლარიზაცია - ეს გარედან შემოსული მოთხოვნა კი არა, ქართველი საზოგადოების დაკვეთა უნდა იყოს;

2 დეპოლარიზაცია, უწინარეს ყოვლისა, უნდა შეეხოს ლექსიკონს: დასაწყისისთვის, სიტყვა "ღალატი" (თუ შესაბამისი ქცევა უეჭველად დადასტურებული არ არის) უნდა ჩავანაცვლოთ სიტყვა "შეცდომით" - ამას უფრო ადვილად ჰპატიობენ ადამიანებს; ასევე უნდა დავაწესოთ მორატორიუმი (სასურველია - სამუდამო) ბილწსიტყვაობასა და აშკარა შეურაცხყოფასა თუ ცილისწამებაზე - ამის ჩამდენნი გამოხატვის თავისუფლებით კი არ სარგებლობენ, მიუტევებელ დანაშაულს სჩადიან;

3  დასაშვებად უნდა მივიჩნიოთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანთა პატივისცემა და სიყვარული - შესაძლოა, ადამიანი მისი სოციალური მრწამსის მიღმაც მიყვარდეს; ამავე კონტექსტში, თავი უნდა დავანებოთ ე.წ. "შუაშისტების" დევნას - ორივე სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული მხრიდან; დააცადეთ ადამიანებს, იფიქრონ, რომ იდეალური არავინ არის;

4  უნდა შევეცადოთ, დავინახოთ თუნდაც მცირე პოზიტივი მოწინააღმდეგე ბანაკში და - იშვიათად მაინც - ვაღიაროთ საკუთარი შეცდომები;

5  შევთანხმდეთ და გამოვაცხადოთ, რომ ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და საზოგადოებაც ყველაფერს გააკეთებენ და გააერთიანებენ ძალისხმევას 12 პუნქტის უპირობო შესრულებისთვის - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

თუ ამ პრინციპებზე (ეს მინიმუმია) შევთანხმდებით, ყველასთვის ცხადი გახდება საკუთარი სიტყვითა თუ ქცევით ვინ უწყობს ხელს ან აზიანებს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს.

დაუსრულებელი კონფრონტაცია ეროვნულ-სახელნწიფოებრივ ენერგიას ანაწევრებს და შემოქმედებით იმპულსს აცლის.

მხოლოდ ის ქვეყანა იმარჯვებს და აღწევს საკუთარ მიზნებს, რომელსაც რაციონალური მოქმედება შეუძლია.

ბრიყვები მუდმივად სათავისოდ ლაყბობენ და ჩხუბობენ “- წერს გია მურღულია.