დეპოლარიზაციის შესაძლო პრინციპები – გია მურღულია
„დაუსრულებელი კონფრონტაცია ეროვნულ-სახელნწიფოებრივ ენერგიას ანაწევრებს და შემოქმედებით იმპულსს აცლის“- წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგი, გია მურღულია
1 პოლიტიკურ დეპოლარიზაციას წინ უნდა უსწრებდეს საზოგადოებრივი დეპოლარიზაცია – ეს გარედან შემოსული მოთხოვნა კი არა, ქართველი საზოგადოების დაკვეთა უნდა იყოს;
2 დეპოლარიზაცია, უწინარეს ყოვლისა, უნდა შეეხოს ლექსიკონს: დასაწყისისთვის, სიტყვა “ღალატი” (თუ შესაბამისი ქცევა უეჭველად დადასტურებული არ არის) უნდა ჩავანაცვლოთ სიტყვა “შეცდომით” – ამას უფრო ადვილად ჰპატიობენ ადამიანებს; ასევე უნდა დავაწესოთ მორატორიუმი (სასურველია – სამუდამო) ბილწსიტყვაობასა და აშკარა შეურაცხყოფასა თუ ცილისწამებაზე – ამის ჩამდენნი გამოხატვის თავისუფლებით კი არ სარგებლობენ, მიუტევებელ დანაშაულს სჩადიან;
3 დასაშვებად უნდა მივიჩნიოთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანთა პატივისცემა და სიყვარული – შესაძლოა, ადამიანი მისი სოციალური მრწამსის მიღმაც მიყვარდეს; ამავე კონტექსტში, თავი უნდა დავანებოთ ე.წ. “შუაშისტების” დევნას – ორივე სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული მხრიდან; დააცადეთ ადამიანებს, იფიქრონ, რომ იდეალური არავინ არის;
4 უნდა შევეცადოთ, დავინახოთ თუნდაც მცირე პოზიტივი მოწინააღმდეგე ბანაკში და – იშვიათად მაინც – ვაღიაროთ საკუთარი შეცდომები;
5 შევთანხმდეთ და გამოვაცხადოთ, რომ ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და საზოგადოებაც ყველაფერს გააკეთებენ და გააერთიანებენ ძალისხმევას 12 პუნქტის უპირობო შესრულებისთვის – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.
თუ ამ პრინციპებზე (ეს მინიმუმია) შევთანხმდებით, ყველასთვის ცხადი გახდება საკუთარი სიტყვითა თუ ქცევით ვინ უწყობს ხელს ან აზიანებს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს.
დაუსრულებელი კონფრონტაცია ეროვნულ-სახელნწიფოებრივ ენერგიას ანაწევრებს და შემოქმედებით იმპულსს აცლის.
მხოლოდ ის ქვეყანა იმარჯვებს და აღწევს საკუთარ მიზნებს, რომელსაც რაციონალური მოქმედება შეუძლია.
ბრიყვები მუდმივად სათავისოდ ლაყბობენ და ჩხუბობენ “- წერს გია მურღულია.