1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დასრულდა საჩივრების განხილვა, გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, რამაც შედეგებში არსებითი ცვლილებები ვერ შეიტანა, ასევე გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები -ცესკო
დასრულდა საჩივრების განხილვა, გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, რამაც შედეგებში არსებითი ცვლილებები ვერ შეიტანა, ასევე გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები -ცესკო

დასრულდა საჩივრების განხილვა, გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, რამაც შედეგებში არსებითი ცვლილებები ვერ შეიტანა, ასევე გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები -ცესკო

281
0

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა მედიას 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია გააცნო. როგორც გიორგი სანტურიანმა აღნიშნა,  საჩივრების განხილვის პროცესი  საოლქო საარჩევნო კომისიებში დასრულდა.

„მთლიანობაში კენჭისყრის დღესთან  დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამურად წარმოდგენილი იყო 1201 საჩივარი. მათგან 537 შეეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას ან გადათვლას. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით წარმოდგენილი იყო 466 საჩივარი, ხოლო მოთხოვნის გარეშე 47.  ისეთი საჩივრების რაოდენობა, სადაც დაფიქსირებული იყო შესაბამისი რეაგირების თვალსაზრისით მოთხოვნა ან შესაბამისი ქმედების განხორციელების თაობაზე მოთხოვნა, ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო 151.

წარმოდგენილი საჩივრებიდან ჯამურად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ან დაკმაყოფილდა 167; არ დაკმაყოფილდა 917; განუხილველად დარჩა 107 საჩივარი, რაც მთლიანობაში წარმოდგენილი საჩივრების 8.9%-ია. საჩივარი გაითხოვეს 3 შემთხვევაში. ამ ეტაპზე მხოლოდ 10 საჩივარია განხილვაში, რომელიც არ შეეხება კენჭისყრის შედეგებს, ან უშუალოდ არ არის დაკავშირებული შედეგებთან და შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას. აღნიშნული საჩივრების განხილვის ვადა 10 დღეა და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი საჩივრებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა  საუბნო საარჩევნო კომისიების 290 წევრს. საერთო ჯამში, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები. მათ ნაწილთან დაკავშირებით ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები. ასევე, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გადაითვალა 12 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, რომელთა ნაწილთან დაკავშირებითაც ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები.

მთლიანობაში, კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ჯამურად გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები და ხელახალი დათვლის შედეგებმა არსებითი ცვლილებები საბოლოო შედეგებში ვერ შეიტანა. საერთო ჯამში ცვლილებები, შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოა.

ასევე გაგაცნობთ შესაბამის ინფორმაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით. აქ იგულისხმება ისეთი საჩივრები, რომლებიც შეეხებოდა აგიტაციისა თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული წესების შესაძლო დარღვევას. სულ წარმოდგენილი იყო 114 საჩივარი. მათი უმრავლესობა შეეხებოდა სოციალური ქსელებით აგიტაციას. ჯამურად ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო 65 და განხილვების შედეგად, შედგა 12 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაიგზავნა სასამართლოებში.

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომში გასაჩივრდა საერთო სასამართლოებში. კერძოდ, პირველ ინსტანციის სასამართლოებში დავები სრულადაა დასრულებული, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოებს, მხოლოდ ერთი საქმე იყო ჩანიშნული დღეს. შედეგთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ისე საერთო სასამართლოებში, ფაქტობრივად, სარჩევნო დავების განხილვა სრულად დასრულებულია“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.