1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “კომუნისტები არ არიან- როგორ დავათვალიერე გორში სტალინის სახლ-მუზეუმი”
“კომუნისტები არ არიან- როგორ დავათვალიერე გორში სტალინის სახლ-მუზეუმი”

“კომუნისტები არ არიან- როგორ დავათვალიერე გორში სტალინის სახლ-მუზეუმი”

273
0

რუსეთის სამთავრობო გაზეთ „როსსიისკაია გაზეტაში“ (Российская газета) დაბეჭდილია სტატია სათაურით: „კომუნისტები არ არიან: როგორ დავათვალიერე გორში სტალინის სახლ-მუზეუმი“, რომელშიც ავტორის, რუსი ჟურნალისტის იგორ ელკოვის საქართველოში ყოფნის შთაბეჭდილებებია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში პოლიტიკური შემოდგომა რადიკალური ოპოზიციისათვის ყველაზე რთულ დროში შედის: ელექტორატი დაღლილია.

„უკვე მომაბეზრებელია ეს ყველაფერი“, – ამბობს თემური, რომელიც ჩქარი მატარებლის თბილისი-ზუგდიდის ვაგონში ჩემთან ერთად ზის, – „მეორე კვირა სულ ერთი და იგივე მესმის: ბიულეტენები, პროცენტები, მოპარული ხმები, გაყალბება… რაღაც ახალი მაინც თქვან! აი, შენ რომ ჩემი მეზობელი იყო და მე ყოველდღიურად სულ ბიულეტენებზე გიყვიროდე, რა მოხდება? – იგი ერთი წამით ჩაფიქრდა. ჰო, მართლაც რა მოხდება? ვკარნახობ: „შენ ხმას ჩაგიწყდება, მე კი ნერვიულობა დამჩემდება… და ეს ყველაფერი საარჩევნო ბიულეტენების გამო!“.
ვაგონში ბევრმა გაიცინა – როგორც ჩანს, ჩუმად გვისმენდნენ. საქართველოში ყველა ყველაფერზე იჩენს ინტერესს. შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩაერთონ საუბარში და პირდაპირ „შენობით“ მოგმართონ.

ახლა კი პოლიტიკური ერთიანობის მოკლე მომენტს გაგაცნობთ: მთავრობამ და ოპოზიციამ – ერთმანეთის დაუძინებელმა მტრებმა – ორივემ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ორივე მხარის მილოცვაში ძნელია რაღაც არასტანდარტულის მოძიება, თუმცა ერთმა მაინც მოახერხა მსგავსი რამ ეთქვა – პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა. პირდაპირ გისოსებიანი ფანჯრების მქონე საავადმყოფოს პალატიდან მან მორიგი „საინტერესო ისტორია“ გაამჟღავნა: თურმე მისთვის დონალდ ტრამპს დაურეკავს და უთქვამს – „მიშა, პრეზიდენტის არჩევნებში მინდა მონაწილეობა მივიღო და როგორ ფიქრობ, როგორი შანსები მაქვს, ამერიკაში რატომღაც არ მენდობიანო!“. და როგორ ფიქრობთ, რა უთხრა მიშამ? – „მე მხარს გიჭერ, მიდი, შენი მჯერაო“.
თუ გგონიათ, რომ მე სასაცილო პოლიტიკურ ანეკდოტს გიყვებით, ძალიან სცდებით. ნაავადმყოფარ მიხეილ სააკაშვილის მოგონებებს და განცხადებებს ბეჭდავენ სერიოზული გამოცემები და ქართული ტელევიზიის ეთერშიც გადაიცემა ხოლმე. გაინტერესებთ, როდის დაურეკა მას ტრამპმა? ახლა კი არა, ათი წლის წინათ!
„სულელია ეგ შენი მიშა სააკაშვილი“, – არაპოლიტკორექტულად მიხსნის გორელი გიორგი, – ჩვენთან, გორში, ქალაქის ცენტრში იოსებ სტალინის ძალიან გრანდიოზული, ლამაზი ძეგლი იდგა. იყო თავისთვის, არავის არაფერში ხელს არ უშლიდა. აი, შეხედე, ტელეფონით თავის დროზე სპეციალურად გადავუღე სურათი. მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით კი ძეგლი აიღეს და ახლა ამხანაგი სტალინის ქანდაკება გორის ერთ ქარხანაში მიწაზე დევს. სხვათა შორის, მე ეს ფაქტიც მაქვს დაფიქსირებული. აი, ნახე, თუ არ გჯერა. როგორ შეიძლება ნორმალურ ადამიანს ასეთი რამ თავში აზრად მოუვიდეს?“.

მოკლედ, ამდენი ლაპარაკის შემდეგ ზუგდიდში აღარ წავედი და მატარებლიდან გორის სადგურზე ჩამოვედი. კაცმა რომ თქვას, ამდენი მიტინგები და აქციები მეც მომბეზრდა, ისინი რაღაც უინტერესო გახდნენ, რუტინულად გადაიქცნენ. მომინდა პროვინციაში გავლა, უბრალო ხალხთან ახლოს ყოფნა. კითხვა დამებადა – ყველა პოზიცია-ოპოზიციაზე ლაპარაკობს და სად არიან ამ დროს გამოცდილი ამხანაგები, კომუნისტები? რატომ არიან ჩუმად?

ყოველგვარი ირონიის გარეშე: ქართველ კომუნისტებზე ბევრი რამ კარგი მქონდა გაგებული – ისინი გამოდიან მოწოდებებით, რათა საქართველომ და რუსეთმა ერთად, მშვიდობიანად და თანხმობაში იცხოვრონ, დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინონ…

სად მოვძებნო კომუნისტები? გორში წადიო, მირჩიეს თბილისელებმა. გორი თბილისიდან დასავლეთით, 90 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. იქ, ქალაქის ცენტრში სტალინის პროსპექტი თურმე ჯერ კიდევ არსებობს. იქვეა მისი ბავშვობის სახლი და ბიუსტიც, სადაც, ალბათ, ყვავილებს მიიტანენ, იქ დგას მისი საყვარელი რკინიგზის ვაგონიც.

ოჰო, თუ ვაგონიც იქ არის, მაშინ წავედი და ეგაა.
და აი მე უკვე გორში, იოსებ სტალინის სახელობის პროსპექტზე მივაბიჯებ.. ალბათ, აუცილებელია გითხრათ, რომ ნამდვილად არ ვარ სტალინისტი, მაგრამ ვაღმერთებ ისტორიას. ძალიან მომწონს და მიყვარს, როცა მსოფლიო მოვლენებს ისტორიული საბედისწერო ლიდერების თვალით შევხედავ ხოლმე (თუნდაც ისინი ტირანები, ბელადები და კერპები იყვნენ). წარმოიდგინეთ: ქართულ მიყრუებულ პროვინციაში მცხოვრები ღარიბი ხარაზის ოჯახში დაბადებული ვაჟი ისეთი ადამიანი გახდა, რომელსაც მთელი მსოფლიო ანგარიშს უწევდა. ფენომენია, აბა რა არის? როგორ ცხოვრობდა იგი აქ, რას ხედავდა, რა პირობებში გაატარა თავისი ფეხშიშველი ბავშვობა?

მოკლედ მთავარზე: სტალინის მუზეუმმა ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა – შევედი და საათ ნახევარი შეუმჩნევლად გავიდა. სტალინის საყვარელი ვაგონიც ვნახე, ისევე როგორც მისი მამისეული სახლი.
კომუნისტებს კი არ შევხვედრივარ.

როგორც ამიხსნეს, საბჭოთა სიმბოლიკის გამო მხეცური ჯარიმებია დაწესებული, ხოლო თუ მეორედ შეგნიშნავენ, 15-დღიანი პატიმრობა. აბა, კომუნისტები ჩაქუჩ-ნამგლის გარეშე სადმე გინახავთ? ჰოდა, ვერც გორში ვერ ნახავთ.
ჰო, კინაღამ დამავიწყდა: საქართველოში 7 ნოემბერი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა და მხოლოდ ერთი თარიღია დღესასწაული – დიდმოწამე წმინდა გიორგის ხსენების დღე, 23 ნოემბერი, მაგრამ მანამდე გაძლება ხომ მინდა ქართული მიტინგომანიის ფონზე…

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: