“დაპირისპირება მიღებულია! “ნაციონალური მოძრაობა” ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას!”-სოსო თოფურიძე
კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი იოსებ თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უპირისპირდება.
დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასათვის პარტიიდან გაღებული ხარჯების შესახებ, თოფურიძის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხს მოჰყვა.
სოსო თოფურიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხი მის ბრალდებებზე და გუშინ მოწყობილი „ისტერიკა“ მისთვის მიუღებელია.
„პატივცემულო საზოგადოებავ, მოგმართავთ თქვენ, რომ გაიგოს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“!
ეს გახლავთ ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა და ძლიერი პოლიტიკოსები?! გუშინ ეს რა ცირკი, რა მარაზმი მოაწყვეს!
მე, ჩემს ფეისბუქ გვერდზე დავწერე ის, რაც დავწერე! არც პრესკონფერენცია მომიწყვია, არც ინტერვიუ მიმიცია ჟურნალისტებისთვის და არც კონკრეტული გვარები დამისახელებია, გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისა, ვისზეც, უდავოდ, სამწუხაროდ , ბევრი პოლიტიკოსი თუ რიგითი საზოგადოების წევრი გამოთქვამს ღიად თუ დაფარულად უკმაყოფილებას!
ნაციონალური მოძრაობა, ჩემ მიერ ფეისბუქში(!) დაწერილ ინფორმაციაზე ან უნდა გაჩუმებულიყო ან პარტიის სხდომას თუ აწყობდნენ, დამამტკიცებელი დოკუმენტაცია უნდა წარედგინათ საზოგადოებისთვის და წყნარად დაემტკიცებინათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია!
ნაცვლად სიმართლისა, წარმოუდგენელი ისტერიკა მოაწყვეს და სულ უფრო მეტი დაბნეულობა შემოიტანეს საზოგადოებაში! გამოცდილმა პოლიტიკოსმა, ბატონმა რომან გოცირიძემ, კარგად აღნიშნა, რომ ხომ შეიძლება მე მცდარი ინფორმაცია დამეწერა ფეისბუქში? დეპუტატების არაფრისმთქმელი, უაზრო ისტერიკა რა საჭირო იყო?!
ჩემს გადაგდებულ ანკესზე, ჯერ პარტიის თავმჯდომარე წამოეგო და შემდეგ რამდენიმე პოლიტიკოსი!
კი ბატონო! ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას! დაპირისპირება მიღებულია!
ვინ ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს!
პატივისცემით, პოლიტდევნილი იოსებ თოფურიძე,“- წერს იოსებ თოფურიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ბულგარეთში მიმალვაში მყოფმა კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო თოფურიძემ, სოციალურ ქსელში რამდენიმე ვრცელი მიმართვა გამოაქვეყნა და ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიასათვის, პარტიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.
თოფურიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ბიუჯეტიდან სოლიდურ დაფინანსებას იღებს და ენმ-ში თანხები არამიზნობრივად იხარჯება, პარტია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ინფორმაციის გამავრცელებელთა მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და პარტიის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციაა.