დაკავებულია პირი, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე იძებნებოდა
დაკავებულია პირი, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე იძებნებოდა. ის დარჩო ხეჩუაშვილია. ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს. ხეჩუაშვილს, დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ძებნილი ქვეყანაში შემოსვლის დროს, საზღვარზე აიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
„დარჩო ხეჩუაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ის 2012 წლის შემდეგ უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა და საქართველოში 2016 წელს დაბრუნდა. გამოძიების ცნობით, მან საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის მანქანა ააფეთქა.
„კურიერის” ინფორმაციით, დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში შემოსვლის მიზეზად, ამჯერადაც, მოვლენების პროვოცირება სახელდება.
2016 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში, “ნაციონალური მოძრაობის” იმდროინდელი დეპუტატის, გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. თარგამაძე სიკვდილს გადაურჩა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 7 ადამიანი და დაზიანდა არაერთი ავტომობილი.
დანაშაულის შემდეგ, 8 წლის განმავლობაში, ინციდენტში ბრალდებული – დარჩო ხეჩუაშვილი იძებნებოდა. მან საქართველოს საზღვარი მომხდარიდან მალევე გადაკვეთა, თუმცა საზღვრის კვეთის ინფორმაცია არ არსებობდა.
აფეთქების შემდეგ, მალევე გახდა ცნობილი საქმეზე მთავარი დამნაშავის ვინაობა. სამართალდამცველებმა ასევე დააკავე დარჩო ხეჩუაშვილის ცოლის ძმა – ბორის ჩაგუნავა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია, თუმცა ის მალევე გათავისუფლდა, 6-წლიანი პირობითი მსჯავრის სანაცვლოდ.
რაც შეეხება სხვა გარემოებებს – ყველაფერი აშკარა ლიკვიდაციის მცდელობაზე მიანიშნებდა. თავად გივი თარგამაძე ამბობდა, რომ ის მხოლოდ მანქანის გარკვეული თავისებურებებიდან გამომდინარე გადაურჩა სიკვდილს. მოხდა ისე, რომ აფეთქების ტალღა მიმართული იყო უკანა მხარეს, და სწორედ ამიტომ, მანქანაში მჯდომი ადამიანები გადარჩნენ. თუმცა, დაშავდნენ სხვა პირები, მათ შორის – სამარშრუტო ტაქსების მძღოლები.
გამოძიებამ მალევე მოიპოვა მტკიცებულებები – ჩხრეკისას ამოღებული იყო დიდი ოდენობით იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ასევე, იყო გარკვეული ინსტრუქციები, რომელშიც დეტალურად იყო გაწერილი, როგორ უნდა მომხდარიყო აფეთქება. ასევე, ამოიღეს დისტანციურად აფეთქებისთვის საჭირო მოწყობილობა.
მასშტაბური გამოძიების მიუხედავად, ამ დრომდე უცნობი იყო ხეჩუაშვილის ადგილსამყოფელი. თავად გივი თარგამაძე ერთ-ერთ ინტერვიუში გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ის, შესაძლოა, აღარ ყოფილიყო ცოცხალი და მისი ლიკვიდაცია მოხდა. უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი დეპუტატი, რომელზეც თავდასხმა მოხდა, არ ენდობოდა გამოძიების ოფიციალურ ვერსიას და დამოუკიდებლადაც აწარმოებდა გამოძიებას. თარგამაძე ამბობდა, რომ ის რუსული სპეცსამსახურების სამიზნე გახდა, რადგან რუსული გამოძიების მიერ ეჭვმიტანილი იყო რუსეთში, საპროტესტო აქციების ორგანიზებაში“, – ნათქვამია „კურიერის“ ინფორმაციაში.