
“დადგა დრო რუსეთ-უკრაინის ომიც დავასრულოთ”-The Daily Telegraph
ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „დადგა დრო რუსეთ-უკრაინის ომიც დავასრულოთ“: ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის გამოცხადებით გამხნევებულ დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ უკრაინისათვის „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემით რუსეთზე ზეგავლენას მოახდენს“ (ავტორები – ჯო ბარნსი და ბენედიქტ სმიტი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დონალდ ტრამპი ემზადება უკრაინის არმია „ტომაჰავკის“ რაკეტებით შეაიარაღოს, რომლებსაც დიდ მანძილზე ფრენა შეუძლიათ. ამ ნაბიჯით აშშ-ის პრეზიდენტი შეეცდება, რომ რუსეთი ომის შეწყვეტაზე დაითანხმოს.
ორშაბათს, ისრაელში საზეიმო ვიზიტის დროს, ქნესეთში გამოსვლისას, დონალდ ტრამპს ქება-დიდებას ასხამდნენ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების გამო.
თავის მხრივ, მსოფლიოს ლიდერებმა ეგვიპტეში, შარმ-ალ-შეიხში გამართულ სამიტზე მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას როგორც ისრაელ-„ჰამასის“, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის თაობაზეც. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში პარასკევს, 17 ოქტომბერს შეხვდება.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იგი დონალდ ტრამპთან ერთად იმსჯელებს იმ ახალ გარემოებებზე, რომელიც რაკეტა „ტომაჰავკის“ მიწოდებით შეიქმნება რუსეთთან ომის ფრონტზე და რომლითაც ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. „მოლაპარაკების მთავარი თემა იქნება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა და შორი რადიუსის რაკეტებით რუსეთზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობა“, – თქვა უკრაინელმა ლიდერმა.
დონალდ ტრამპი უკვე ღიად ემუქრება ვლადიმერ პუტინს, რომ თუ იგი არ დათანხმდება ომის შეწყვეტას, გააგრძელებს აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო ძალისხმევის იგნორირებას და მისი იმედების გაცრუებას, მაშინ აშშ კიევს „ტომაჰავკებს“ მიაწვდის. ამას წინათ თეთრმა სახლმა გააქტიურა უკრაინელი სამხედროებისათვის სადაზვერვო ინფორმაციების გადაცემა, რომ მათ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს ზუსტი დარტყმები მიაყენონ, კრემლის ეკონომიკის დასუსტების მიზნით.
ორშაბათს დონალდ ტრამპმა ისრაელის ქნესეთში გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლა როცა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მიღწეულია, იგი თავისი სამშვიდობო ძალისხმევას მთლიანად რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტისაკენ მიმართავს: „ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ ასევე შევძლოთ სამშვიდობო შეთანხმების დადება [ირანთან[, მაგრამ უპირველესად რუსეთთან დაკავშირებული საკითხი უნდა მოვაგვაროთ“, – თქვა მან ქნესეთში გამოსვლისას, – „მოდით, ყურადღება ჯერ რუსეთზე გავამახვილოთ“.
ღაზას სექტორში ომის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში მეორე ვადით მისვლის მომენტიდან მან უკვე რვა კონფლიქტი მოაგვარა, მაგრამ ჯერჯერობით მისი ძალისხმევა უშედეგო გამოდგა მოსკოვი-კიევის სამწლიანი კონფლიქტის შესაჩერებლად და დღემდე პრობლემატური რჩება. აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობდა გავლენა მოეხდინა თავის რუს კოლეგაზე და ბერკეტები გამოეყენებინა მასზე ზეწოლის მოსახდენად.
მაგრამ როცა ორშაბათს დონალდ ტრამპმა მაღალ დონეზე შეაფასა თეთრი სახლის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც „მშვიდობის ძალით დამყარებას“ ითვალისწინებს, იმედი გაჩნდა, რომ იგივე მიდგომა რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მიზნითაც იქნება გამოყენებული. ვოლოდიმირ ზელენსკიმაც თქვა, რომ ახლა უკრაინაშიც დადგა მშვიდობის დამყარების დრო.
ორშაბათს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ვაშინგტონში გაემგზავრნენ მოსალაპარაკებლად, პარასკევს კი მათ ვოლოდიმირ ზელენსკიც შეუერთდება. როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტი თავის ამერიკელ კოლეგას რუსეთის იმ სამხედრო ობიექტების სიას წარუდგენს, რომლებიც „ტომაჰავკებით“ იქნებიან განადგურებულები.