1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დაავადებული ცხენის ხორცის გადამუშავება-რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მიეცა
დაავადებული ცხენის ხორცის გადამუშავება-რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მიეცა

დაავადებული ცხენის ხორცის გადამუშავება-რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მიეცა

212
0

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, ჩადენილი დიდი ოდენობით, პასუხისგებაში სამი პირი მისცეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ე.ჯ. ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, დაავადებულ ცხენის ხორცს, რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით ამუშავებდა და ინახავდა თბილისში მდებარე ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე.

„შემდგომში მის მიერ ცხენის ხორცის რეალიზაცია ხდებოდა ბრალდებულ დ.წ.-ზე, რომელიც ცხენის ხორცს აძლევდა დამუშავებული პროდუქტის სახეს და აწვდიდა ბრალდებულ დ.მ.-ს. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, მომხმარებელთა მოტყუებით ყიდდა თბილისში არსებულ სავაჭრო ობიექტში, თითქოსდა საქონლის ხორცისგან დამზადებული პროდუქტის სახით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებიდან და ბრალდებულთა ფაქტობრივი საქმიანობის ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით ცხენის ხორცი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლითა და 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.