“ციმბირის ბრიტანული სამეფო ანალოგი”: სად “გადაასახლეს” ენდრიუ, რომელიც პრინც-ჰერცოგი აღარ არის”-BBC
„დიდი ბრიტანეთის სამეფოს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა – მეფე ჩარლზ მესამის უმცროსი ძმა ენდრიუ მაუნთბეტენ-ვინძორი (რომელიც ხუთშაბათამდე პრინც ენდრიუს სახელით მოიხსენებოდა), პრინცის ტიტულის ჩამორთმევის შემდეგ, ვინძორის სასახლიდან სამეფო მამულ სანდრინგემში საცხოვრებლად გადავა. ეს მამული დედაქალაქიდან 225 კილომეტრში მდებარეობს – საკმაოდ შორს მეფე ჩარლზ მესამიდან და დედოფალ კამილასაგან, ასევე პრინც უილიამისაგან და პრინცესა ქეითისაგან, რომლებიც ლონდონში არსებულ ვინძორის სასახლეში ცხოვრობენ“, – ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „ციმბირის ბრიტანული სამეფო ანალოგი“: სად „გადაასახლეს“ ენდრიუ, რომელიც პრინც-ჰერცოგი აღარ არის“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ბრიტანეთის მეფემ თავის ძმას პრინცისა და იორკის ჰერცოგის ტიტული, ასევე სხვა სამეფო რეგალიები, მათ შორის ვიცე-ადმირალის სამხედრო წოდება ჩამოართვა და სთხოვა, რომ ვინძორის სასახლე დაეტოვებინა – მას შემდეგ, რაც ახალი მონაცემები გამოქვეყნდა მისი კავშირების შესახებ გარდაცვლილ ფინანსისტ-პედოფილთან, სექს-დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინთან, რომელსაც არასრულწლოვანი გოგონების გაუპატიურების გამო პატიმრობა მიუსაჯეს და რომელმაც 2019 წელს საკანში თავი ჩამოიხრჩო.
ცნობისათვის: 
პრინცი ენდრიუ ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს და მის მეგობარ ქალს გისლენ მაქსველს, აგრეთვე ამერიკელ პროდიუსერს ჰარვი ვაინშტეინს (ასევე სექს-მოძალადეს და დამნაშავეს) თავის სამეფო სახლში (Royal Lodge) იღებდა და მეგობრულად მასპინძლობდა ხოლმე, მათ შორის პრინცესა ბეატრისეს დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზეც, 2006 წელს, როცა პრინცესა 18 წლის გახდა. გარდა ამისა, პრინც ენდრიუს სექსუალური ცხოვრების ამორალურმა ფაქტებმა დიდ ბრიტანეთში და საერთოდ მთელ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
როგორც BBC-ის ჟურნალისტს სამეფო ბიოგრაფმა რობერტ ჰარდმანმა აცნობა, რამდენიმე დღის წინ ბევრი ვარაუდობდა, რომ ენდრიუ, ვინძორის სასახლის კომპლექსში, უბრალოდ, საცხოვრებელ ადგილს შეიცვლიდა და „ფროგმორ-კოტეჯში“ გადავიდოდა.
„მაგრამ არა, იგი საერთოდ გადადის ვინძორის სასახლიდან, ტოვებს ბერქშირის საგრაფოს. ენდრიუ ფაქტიურად გადაასახლეს იმ ადგილში, რომელსაც ბრიტანული ციმბირი შეიძლება ვუწოდოთ, სადაც იგი სიცოცხლის დარჩენილ წლებს გაატარებს“, – აღნიშნა რობერტ ჰარდმანმა.
ნორფოლკის საგრაფოში მდებარე სანდრინგემის სამეფო მამული დაახლოებით 80 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონეა – თითქმის იმდენის, რამდენიც, ვთქვათ, ბრიტანეთის ქალაქებს ნოტინგემს და ბრაიტონს აქვთ.
მამული სამეფო ოჯახმა 1862 წელს იყიდა ქალაქგარე რეზიდენციის სახით მომავალი მეფის ედუარდ VII-სათვის, რომელსაც იმ დროს ჯერ კიდევ უელსის პრინცი ალბერტი ერქვა. მას შემდეგ სანდრინგემის მამული ერთი მონარქის კუთვნილებიდან მომდევნო მონარქის კუთვნილებაში გადადიოდა.
ენდრიუსთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი სკანდალებიდან განსაკუთრებით გახმაურებული აღმოჩნდა ვირჯინია ჯუფრეს სიკვდილის შემდგომი მემუარები, რომელმაც თავი მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოიკლა. აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანი ვირჯინია ჯუფრე ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინის მიერ ჩათრეული იყო სექსუალურ ექსპლუატაციაში. წიგნში გადმოცემულია ვირჯინიას ბავშვობა და აღწერილია სამი შემთხვევა, როცა, მისი მტკიცებით, არასრულწლოვან ასაკში სექსი ჰქონდა ენდრიუსთან.
ენდრიუ არაერთგზის უარყოფდა ბრალდებას, რომელიც მას ვირჯინია ჯუფრემ წაუყენა. 2022 წელს ენდრიუმ ვირჯინიას ფულადი კომპენსაცია გადაუხადა სამოქალაქო საჩივრის სასამართლოს გარეშე დარეგულირების ჩარჩოებში.
მართალია, 65 წლის ენდრიუს პრინც-ჰერცოგის ტიტული ჩამოართვეს, მაგრამ იგი როგორც მონარქის შვილი, რიგით მერვე ადგილს ინარჩუნებს ტახტის მემკვიდრეებში.
ტახტის მემკვიდრეების რიგითობა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონით რეგულირდება და იმავდროულად საჭიროა თანხმობა ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი სხვა ქვეყნებისაგან, მაგალითად, კანადისა და ავსტრალიისაგან. თავის მხრივ, ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს რაიმე ცვლილება შეიტანოს ტახტის მემკვიდრეობის წესებში.