ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთის მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები – ირაკლი კობახიძე
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობას, პარტნიორობას და მეგობრობას აქვს ძალიან მყარი ისტორიული საფუძველი.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პირველად ვმონაწილეობ როგორც თანათავმჯდომარე სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაში, რომელიც უკვე მეთოთხმეტედ იმართება. რა თქმა უნდა, ეს ციფრებიც ხაზს უსვამს იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენ ორ ქვეყანას შორის. მინდა აღვნიშნო, რომ მქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა ბატონ პრემიერ-მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყნებს, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას და ასევე მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მაღალი და უმაღლესი დონის რეგულარული დიალოგი სხვადასხვა ფორმატებში და მჭიდრო თანამშრომლობა ყველა სფეროში სათანადოდ აისახება ჩვენს გამორჩეულად წარმატებულ თანამშრომლობაზე და მოხარული ვართ, რომ ამ თანამშრომლობას აქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ურთიერთობა არ გამომდინარეობს მხოლოდ ჩვენი გეოგრაფიული სიახლოვიდან, ჩვენი მეზობლობიდან. ჩვენს ურთიერთობას, პარტნიორობას და მეგობრობას აქვს ძალიან მყარი ისტორიული საფუძველი. ეს არის გამორჩეული მეგობრობა, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს ქართველ და სომეხ ხალხებს. ეს არის მრავალ ათასწლიანი კავშირები და სწორედ ამ კავშირებს, ამ მეგობრობას ეფუძნება ის მეგობრობა, რომელიც მთავრობებს შორის ურთიერთობებშიც არის გამოხატული. ეს ურთიერთობები პოლიტიკური თვალსაზრისით გადაითარგმნა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერაში, რაც ახალ ნიშნულზე აიყვანს საქართველოს და სომხეთის თანამშრომლობას და ეს არის ძალიან კარგი საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები და ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ პლატფორმას, ამ კომისიის სხდომას მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ და დავტვირთოთ არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები, გავაღრმაოთ ჩვენი მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა და გამოვკვეთოთ თანამშრომლობის შესაძლო ახალი მიმართულებები”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.