“ჩვენთან უმრავლესობა თვლის, რომ უკრაინის ომი საქართველოს ომიც არის” – Financial Times
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თბილისური დღიურები: „ჩვენთან უმრავლესობა თვლის, რომ უკრაინის ომი საქართველოს ომიც არის“ (ავტორი – ნადია ბიერდი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„თბილისში ბოლო რამდენიმე თვის პაპანაქება როგორც იქნა ჩაცხრა. მდინარე მტკვრის გასწვრივ, რომელიც ქალაქს ორად ჰყოფს, სანაპიროზე მდგარ ხეებს საღამოს მსუბუქი ნიავი არხევს.
ერთხელ, როცა ამ დღეებში სახლში ვბრუნდებოდი, ერთ-ერთი პოპულარული რესტორნის ახლოს გავიარე, რომელსაც შესასვლელ კართან წარწერა ჰქონდა გაკრული – „ვინც რუსეთს ოკუპანტად არ თვლის, ხოლო ვლადიმერ პუტინს დამნაშავედ, აქ ნუ შემოვა“. წარწერა მზეზე უკვე გაფერმკრთალებულიიყო, ზოგიერთი სიტყვის გარჩევა არ შეიძლებოდა, მაგრამ მე კარგად ვიცოდი, რაც ეწერა. მსგავსი განცხადებები თბილისში თებერვლის ბოლოდან გაიკრა. ბოლო დროს კაფე-ბარი „დედაენა“ (რომელსაც დროებით „დენაციფიკაციის ბარი“ შეარქვეს), იმის გამო, რუს ტურისტებს მომსახურებაზე უარი განუცხადა, რუსების მხრიდან კიბერშეტევის ობიექტად იქცა.
უკრაინის არმიის კონტრშეტევით შედეგად რუსეთის არმიის დრამატული დამარცხების შემდეგ თბილისელებს განწყობა გამოუკეთდათ. ის ერთგვარი უიმედობა, რომელიც ბოლო თვეებში სუფევდა, ფრთხილი იმედით შეიცვალა, რომლის თანახმად, რუსეთის დამარცხებას უკრაინაში საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის, რომელბიც მოსკოვის რევანშისტური ამბიციების მსხვერპლნი გახდნენ, კრემლის გეგმების დასამარება მოჰყვება. მოკლედ, ეს ძალიან სასიამოვნო ახალი ამბავი გახდა საქართველოში.
თბილისში გახშირდა დაძაბული შემთხვევებიც, როცა ასო Z-ს – რუსების ომის სიმბოლო უკრაინის წინააღმდეგ ომში – ავტომობილებს აკრავდნენ ან ფანჯრებზე აწერდნენ. ამასობაში მოხდა არასასიამოვნო ფაქტიც – საქართველოს მთავრობამ უკრაინელ ლტოლვილებს მხარდაჭერა შეუწყვიტა. არადა, ათასობით ადამიანს არსად წასვლა არ შეუძლია. იმის გამო, რომ ომი უკრაინაში მეშვიდე თვეა მიდის, საქართველოსაც გაუჭირდა.
თბილისში ორი წლის წინ ჩანოვედი – თბილისის კონსერვატორიაში ფორტეპიანოზე დაკვრის შესასწავლად. (…) კონსერვატორიის ბიოგრაფია იმის ერთგვარ ისტორიას წარმოადგენს, თუ როგორ პოულობდნენ რუსი მუსიკოსები თავშესაფარს მეოცე საუკუნის პირველ ოცწლეულში. ბევრი ცნობილი მუსიკოსი, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობდნენ და რევოლუციას გამოექცნენ, საქართველოში ჩამოვიდნენ, მაგალითად, ჰენრიხ ნეიჰაუზი, რომელმაც 1917 წელს დაარსებულ თბილისის კონსერვატორიაში პედაგოგის თანამდებობა მიიღო. მან უამრავი ცნობილი პიანისტი აღზარდა.
მოგვიანებით, 1930-40-ინ წლებში მოსკოვში სტალინურ წმენდებს გამოექცნენ და თბილისში ჩამოვიდნენ სვიატოსლავ რიხტერი და მარია იუდინა, კიდევ ასობით სხვა მუსიკოსი, რომლებიც სასურველ სტუმრებად იქნენ მიღებულნი თბილისი სამხატვრო სალონებსა და კონსერვატორიის აუდიტორიებში.
ამჯამად თბილისის რუსი ინტელიგენციის „მესამედ მოსვლის“ მოწმე გახდა – მათი გამოქცევისა სამშობლოდან, თუმცა, რასაკვირველია, განსხვავება წინა ორისაგან ნამდვილად არის. მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგს თბილისში ჩამოსვლისას, როგორც კი გაიგეს, რომ იგი რუსი იყო, კლავისინის შეძენაზე ყველგან უარი განუცხადეს. ასე რომ, ახლანდელი გადასახედიდან მე-20 საუკუნის ისტორიები უკვე წარსულის შორეულ ხსოვნას წარმოადგენს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეებში საქართველოში ორი [ურთიერთსაწინააღმდეგო] მოვლენა მოხდა: გაიმართა ანტისაომარი აქციები რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოში რუსები ჩამოვიდნენ. „ინფორმაციის თავისუფლების ქართული ინსტიტუტის“ შეფასებით, უკრაინის ომის დაწყებიდან საქართველოში საცხოვრებლად და სამუშაოდ 43 ათასი რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა. მათი გამოქცევის მიზეზები სხვადასხვანაირია: ზოგიერთები ისე ხმამაღლა აცხადებდნენ ომის მიუღებლობას, რომ მათ დაპატიმრება ემუქრებოდათ, რუსეთში რომ დარჩენილიყვნენ. ზოგიერთები კი, უბრალოდ, იმ დისკომფორტულ სიტუაციას გამოექცნენ, რომელიც დასავლეთის ანტირუსული აქციების გამო დადგა.
ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია – ერთი მილიონი მოსახლეობით, დემოგრაფიული ცვლილება სწრაფად იგრძნობა და თვალშისაცემი ხდება. „ახალი რუსები“, ძირითადად „ციფრული მომთაბარეები“, ახალგაზრდული ოჯახები – თავიანთი დანაგროვები ფინანსებით, აქაური საზოგადოებრივი ცხოვრების შესამჩნევი კონტიგენტი გახდა. თბილისმა უცებ იგრძნო, რომ მოიმატა.
რუსების ჩამოსვლაზე ნეგატიურმა რეაქციამაც არ დააყოვნა. აივნებზე და [რესტორნებში] პლაკატები გაჩნდა, რომლებიც რუსებს, დროსტარების ნაცვლად, ომის გაპროტესტებისაკენ მოუწოდებდნენ. რუსები ძნელად პოულობდნენ გასაქირავებელ ბინებს და თუ იპოვიდნენ, მათ უკრაინელებისადმი ლოიალობის ვალდებულება უნდა აეღოთ და ომი დაეგმოთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი რუსი ახალგაზრდის აღიარებით, რუსული სპეცსამსახურები საქართველოში განგებ აგზავნიდნენ აგენტებს და დივერსანტებს. მოკლედ, რუსებისადმი უნდობლობა მატულობდა.
რამდენადაც საქართველოს ტერიტორიის 20% – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი – რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ხშირად გაიგონებთ, რომ ქართველები რუსებს თავიანთ მტერს უწოდებენ. მარტში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 87% უკრაინის ომს საქართველოს ომადაც თვლის. „სად და როდის გინახავთ და გსმენიათ, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე თავშეფარს იმ ქვეყანაში იღებდეს, რომელიც მისი ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული?“, – მკითხა ერთმა მეგობარმა…
მას შემდეგ, რაც აპრილში საქართველოში უკრაინელმა ლტოლვილებმა იწყეს ჩამოსვლა, ქართველთა დამოკიდებულებაში მკვეთრი კონსტრასტი შეიმჩნეოდა. რასაკვირველია, უკრაინელ ლტოლვილებს თან არაფერი არ წამოუღიათ და ქართველები მათ გულწრფელად და გულთბილად ეხმარებოდნენ, მაგრამ მოვლენებში ერთგვარი უცნაურობაც იგრძნობოდა.
იმდენად, რამდენადაც საქართველოს და უკრაინას საერთო საზღვარი არ აქვთ, ბევრი უკრაინელი (მარიუპოლელი და ხერსონელი) ლტოლვილი საქართველოში რუსეთის გავლით, მთიანი გზით ჩამოვიდა. მათ, სანამ საქართველომდე მოაღწევდნენ, საშინელი დამცირებისა და შიშის გზა გამოიარეს. მე ვესაუბრე ერთ-ერთ მარიუპოლელ ლტოლვილს, 49 წლის ევგენის, რომელსაც, თბილისში ჩამოსვლამდე, დედ-მამა და ძმა მოუკლეს და დაუწვეს…. მეორე დღეს კი რუს სტუდენტს, 26 წლის ჟენიას ვესაუბრე, რომელიც აღშფოთებული იყო იმით, რომ რუსებს ღამის კლუბებში არ უშვებდნენ და მოუწოდებდნენ, თბილისში ჩამოსვლის ნაცვლად, რუსეთში პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაეწყოთ. „იცით, ცეკვა ჩემთვის რთული პერიოდის გადატანის ერთ-ერთი წესია და რატომ უნდა ამიკრძალონ? ეს ჩემთვის დიდ ტრავმას ნიშნავს“.
საქართველო გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარეობს, ქვეყანა ხშირად იყო იმპერიული ამბიციების ცენტრში, თუმცა პერიფერიებში რჩებოდა ხოლმე. ქართველები მოხერხებულად ინარჩუნებდნენ თავის იდენტურობას და იმდენს იღებდნენ იმ ეპოქის დომინირებული იმპერიებისგან – ოსმალეთისგან, სპარსეთისაგან, რუსეთისგან და მოგვიანებით, საბჭოთა კავშირისგან, რამდენიც მათ სრული განადგურებისგან გადაარჩენდა. ამის შედეგად კოსმოპოლიტიზმის განსაკუთრებული სახე ჩამოყალიბდა. მაგრამ ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, კოსმოპოლიტიზმი აქაც მოწყვლადია მზარდი ნაციონალიზმის წინაშე.
ქვეყნის შიგნით ნეგტიური პოლიტიკური სიტუაცია მწიფდება. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც, როგორც თვლიან, კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ქართულ საზოგადოებას ეთამაშება: ერთი მხრივ, იგი მოსახლეობას ევროატლანტიკური კურსის გატარებას ეფიცება, მეორე მხრივ კი, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემატურ დემონტაჟს ეწევ და კორუფციისათვის კარს ღიად ტოვებს.
ქართველები ყურადღებით და ერთგვარი შეშფოთებით ელოდებიან იმას, თუ რით დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი. მათ კარგად იციან, რომ პატარა ერისათვის, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და რომელიც საერთაშორისო სამხედრო ალიანსების გარეშე არსებობს, ამ ომის დასრულებას დიდი გავლენა ექნება მისი მომავლისთვის. გასაგებია, რომ მათ გარკვეულწილად ეშინიათ კიდეც.