1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩვენმა თავდაცვითმა ოპერაციამ დასახულ მიზანს მიაღწია და შეჩერდა – ირანის ელჩი საქართველოში
ჩვენმა თავდაცვითმა ოპერაციამ დასახულ მიზანს მიაღწია და შეჩერდა – ირანის ელჩი საქართველოში

ჩვენმა თავდაცვითმა ოპერაციამ დასახულ მიზანს მიაღწია და შეჩერდა – ირანის ელჩი საქართველოში

286
0

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მაჰმუდ ადიბის ინტერვიუ “ჯორჯიან თაიმსთან”

 „ირანის ისლამური რესპუბლიკა არ ცდილობს რეგიონში დაძაბულობისა და კონფლიქტების ესკალაციას. თუმცა, ისრაელის რეჟიმის სამხედრო პროვოკაციების გამო, ჩვენ ყოველგვარი საფრთხისგან დავიცავთ ჩვენს მოსახლეობას, ქვეყნის უსაფრთხოებას, ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ნებისმიერ აგრესიას მკაცრად ვუპასუხებთ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად,“- აცხადებს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ირანის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, მაჰმუდ ადიბი.

 რატომ დაიწყო შეტევა რა უძღოდა წინ? შესაძლებელია თუ არა ამ ომმა გამოიწვიოს მესამე მსოფლიო ომი? მალხაზ გულაშვილის კითხვებს  ირანის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი მაჰმუდ ადიბი პასუხობს.

  

მალხაზ გულაშვილი: რატომ დაიწყეთ შეტევა, რა უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილების მიღებას?

მაჰმუდ ადიბი:  ისრაელის სიონისტური რეჟიმის სამხედრო პოზიციების წინააღმდეგ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოპერაცია სახელწოდებით: „ჭეშმარიტი დაპირება“ განხორციელდა თავდაცვის ლეგიტიმური უფლების ფარგლებში გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის მიხედვით.

ბოლო წლების მანძილზე ისრაელის რეჟიმმა, ყველა საერთაშორისო კანონის დარღვევით, არაერთი თავდასხმა განახორციელა ირანის ისლამური რესპუბლიკის ინტერესებზე. მარტო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ამ რეჟიმმა 7-ჯერ დაარღვია სირიის საჰაერო სივრცე და სრულიად უკანონო ოპერაციის ფარგლებში განახორციელა ტერორისტული თავდასხმა ირანელ სამხედრო ინსტრუქტორებზე, რომლებიც სირიაში ამ ქვეყნის მთავრობის მიწვევით, ტერორიზმთან ბრძოლაში დასახმარებლად იმყოფებოდნენ.

 ბოლო შემთხვევის დროს, კი როგორც მოგეხსენებათ, კანონდამრღვევმა ისრაელის რეჟიმმა, გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო კონვენციების, მათ შორის ვენის 1961 წლის კონვენციის და საერთაშორისოდ დაცული პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ დანაშაულის აღკვეთისა და დასჯის შესახებ ნიუ-იორკში 1973 წელს, მიღებული კონვენციის უგულებელყოფით, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

დამასკოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოზე, რომლის დროსაც დაიღუპა დიპლომატიური პასპორტისა და იმუნიტეტის მქონე 7 ირანელი სამხედრო  ინსტრუქტორი.

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ამ თავდასხმის შემდეგ დაიწყო დიპლომატიური და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება. წერილით მიმართა გაეროს გენერალურ მდივანსა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს და მოითხოვა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა.

უშიშროების საბჭოს სხდომა დაუყოვნებლივ გაიმართა და აღნიშნულ სხდომაზე და სხდომის შემდეგაც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრთა უმრავლესობამ მკაცრად დაგმო სიონისტური რეჟიმის აგრესიული გამოხდომა. თუმცა სამწუხაროდ ზოგიერთ სახელმწიფოს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ინგლისს და საფრანგეთს არ ჰქონიათ შესაბამისი რეაქცია სიონისტური რეჟიმის დანაშაულზე. ამასთან, ეს ქვეყნები წინ აღუდგნენ უშიშროების საბჭოს რეზოლუციას – სიონისტთა დანაშაულის დასაგმობად. პრაქტიკულად უშიშროების საბჭო, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაზე, უძლური აღმოჩნდა მიეღო შესაბამისი რეზოლუცია. ბუნებრივია, რომ სიონისტური რეჟიმის მხარდასაჭერად მიმართული მსგავსი მიდგომები უფრო მეტად გაათავხედებს ისრაელის რეჟიმის ლიდერებს, რეგიონში თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებების გასაგრძელებლად და ომის არეალის გასაფართოებლად.

მალხაზ გულაშვილი:  რატომ  შეწყდა ეს შეტევა ?

 მაჰმუდ ადიბი მიუხედავად იმისა, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას შეეძლო უფრო მასშტაბური თავდასხმის განხორციელება, თავისი მტკიცე სამშვიდობო პოლიტიკიდან და რეგიონში ომისა და დეესკალაციის პრევენციის აუცილებლობიდან გამომდინარე, მის სამიზნედ იქცა  სიონისტური რეჟიმის მხოლოდ ის სამხედრო პოზიციები, საიდანაც განხორციელდა დამასკოში ჩვენი ქვეყნის საელჩოზე თავდასხმა.

  ოპერაცია  დაიგეგმა, ისე რომ ძირითადი სამიზნე ყოფილიყო მთავარი სადაზვერვო ცენტრი, საიდანაც სიონისტები იღებდნენ საჭირო ინფორმაციას, ასევე ნევატიმის საჰაერო ბაზა, საიდანაც აფრენილმა F-35 ტიპის ავიაგამანადგურებელმა დამასკოში, ირანის საელჩოზე მიიტანა იერიში.  ამრიგად, ჩვენმა თავდაცვითმა ოპერაციამ დასახულ მიზანს მიაღწია და შეჩერდა.

მალხაზ გულაშვილი:  რა შეგიძლია გვითხრათ,  ექნება თუ არა მომავალში გაგრძელება ამ პროცესებს?

როგორც ჩვენმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს და ოფიციალურადაც ითქვა, ჩვენი ოპერაცია იყო შეზღუდული, გაანგარიშებული, პროპორციული და ლეგიტიმური. რკინის გუმბათმა, ისრაელის რეჟიმის სხვა თავდაცვითმა სისტემებმა და მოკავშირეთა დახმარებამ ვერ ჩაახშო ჩვენი ოპერაცია. ჩვენი სამხედრო ძალები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ოპერაცია სასურველი შედეგით დასრულდა.
ირანის ისლამური რესპუბლიკა არ ცდილობს რეგიონში დაძაბულობისა და კონფლიქტების ესკალაციას. თუმცა, ისრაელის რეჟიმის სამხედრო პროვოკაციების გამო, ჩვენ ყოველგვარი საფრთხისგან დავიცავთ ჩვენს მოსახლეობას, ქვეყნის უსაფრთხოებას, ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ნებისმიერ აგრესიას მკაცრად ვუპასუხებთ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მალხაზ გულაშვილი:   შეუძლიათ თუ არა პროქსი ირანულ დაჯგუფებებს  ომის გაგრძელება?

ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის პირდაპირ ვიმოქმედებთ. ისევე როგორც ბოლო სამხედრო ოპერაციის დროს, რომელიც ჩატარდა ლეგიტიმური თავდაცვის ფარგლებში. სხვათა შორის, სწორედ ამერიკა იყენებს ისრაელს თავის მარიონეტად რეგიონში დესტაბილიზაციისათვის. მოგეხსენებათ, რომ ჰილარი კლინტონმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს აღიარა, რომ დაეში შეერთებული შტატების მიერ იყო შექმნილი. ასევე გეცოდინებათ, რომ ჩვენს რეგიონში მოქმედი სხვადასხვა წინააღმდეგობის დაჯგუფება, სწორედ დაეშთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა.

მალხაზ გულაშვილი:  შესაძლებელია თუ არა ამ ომმა გამოიწვიოს მესამე მსოფლიო ომი?

როგორც აღვნიშნე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის უსაფრთხოება.  ჩვენ არ ვართ დაინტერესებული დაძაბულობის ესკალაციით. წლების და თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით სიონისტური რეჟიმის აგრესიული ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეებზე და მიგვაჩნია, რომ ამ რეჟიმის დანაშაულების გაგრძელება და დასავლეთის ზოგიერთი  ქვეყნის მხარდაჭერა, საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ექვსი თვეა, რაც სიონისტური რეჟიმი ღაზაში ახორციელებს დაუცველი ბავშვებისა და ქალების გენოციდს. ამერიკა და მისი მოკავშირეები კი, არ ცდილობენ ამის შეჩერებას. ნუთუ არ არის საკმარისი ისრაელის ექვსთვიანი ომი, დანაშაულები და  გენოციდი და როდის იმოქმედებს საერთაშორისო საზოგადოება ამ გენოციდისა და დანაშაულების შესაჩერებლად?

მალხაზ გულაშვილი:   ჯერჯერობით ისრაელს არ მიუღია გადაწყვეტილება, რა ფორმით უპასუხოს ამ თავდასხმას, როგორ ფიქრობთ უპასუხებს თუ არა ისრაელი თქვენს თავდასხმას?

როგორც ჩვენი ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, თუ ისრაელის რეჟიმი კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს და მორიგ ტერორისტულ თავდასხმას განახორციელებს ირანის ინტერესებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ, თეირანის შემდეგი რეაქცია და პასუხი იქნება მყისიერი, უმკაცრესი და ბევრად უფრო მასშტაბური.

მალხაზ გულაშვილი:  გაჩნდა აზრი, რომ თითქოს თქვენ და ამერიკა ერთიანად ცდილობთ ნეთანიაჰუს მოშორებას და ნეთანიაჰუმ განახორციელა საელჩოზე თავდასხმის პროვოცირება, რათა ის გადაზრდილიყო გლობალურ ომში. ამაზე რას იტყვით?

 მაჰმუდ ადიბისამწუხაროდ, ამერიკის მხარდაჭერა ისრაელის რეჟიმის უკანონო ქმედებების მიმართ, ამ რეჟიმის უფრო მეტად გათავხედებასა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გაგრძელებას იწვევს. თვეებია, რაც ჩვენ   ვაფრთხილებთ ამერიკას და ვთხოვთ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად და აიძულონ ისრაელის რეჟიმი ღაზაში ცეცხლის შესაწყვეტად და დააკისრონ პასუხისმგებლობა ამ რეჟიმს, ჩადენილი დანაშაულებისა და 25 ათასზე მეტი ქალისა თუ ბავშვის მკვლელობისთვის. დამასკოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოზე ისრაელის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ იყო მოლოდინი იმისა, რომ შეერთებული შტატები საერთაშორისო რეგულაციებისადმი ერთგულების საფუძველზე, დაგმობა სიონისტური რეჟიმის ქმედებას. თუმცა ამერიკა წინ აღუდგა უშიშროების საბჭოს მიერ ოფიციალური განცხადების გავრცელებას სიონისტური რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედების დაგმობასთან დაკავშირებით.

არსებობს მოსაზრება, რომ ამერიკის  მხრიდან მწვანე შუქი რომ არ ყოფილიყო, სიონისტური რეჟიმი ვერ გაბედავდა  ირანის ისლამური რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობაზე თავდასხმას. ამასთან,  ამერიკა შეეცადა აღეკვეთა ირანის ისლამური რესპუბლიკის ლეგიტიმური ქმედება სიონისტური რეჟიმის აგრესიისგან თავის დასაცავად. აქედან გამომდინარე თქვენი ეს კითხვა არ შეესაბამება რეალობას.