
ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში – მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს
ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში, იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.
მან კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, საქართველოს მიმართ თქვენი პოზიციის გამო. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ევროკავშირის ფარგლებშიც და, რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. წელს ინტენსიური ურთიერთობები გვაქვს, მომავალი კიდევ უფრო უკეთესია. მალე გვექნება ეკონომიკური საბჭოს სხდომა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები და ახალი შესაძლებლობები გამოვავლინოთ. მაჩვენებლები კარგია, მაგრამ მათი გაუმჯობესებაც შეიძლება. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში, უკეთესი შედეგები გვექნება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესების კუთხით. მოუთმენლად ველით ჩვენს შემდგომ მთავრობათაშორის შეხვედრას ბუდაპეშტში. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა იმაზე სასაუბროდ თუ რა შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კონტექსტში. ეს არის მკაფიო მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა თანამშრომლობდნენ ქვეყნები ერთმანეთთან და როგორ უნდა მუშაობდნენ ერთად იმისთვის, რომ გაძლიერდეს თანამშრომლობა.
საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ითამაშოს საკუთარი როლი შუა დერეფანში. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ პროექტს. აქ, უნგრეთში უნდა ვახსენო ჩვენი კარგი თანამშრომლობა როცა საუბარია დაკავშირებადობაზე, თანამშრომლობაზე საქართველოს უნგრეთს, რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში, იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის.
მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო კვლავ დგას რუსეთის მხრიდან ოკუპაციის პრობლემის წინაშე. ეს გარკვეულ საფრთხეებს ქმნის. ჩვენ მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე ვმუშაობთ. რაც შეეხება ევროპაში ინტეგრაციას, თქვენ თქვით, რომ მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი ეს გახლავთ. აქ მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, რომელსაც უზრუნველყოფთ ექსპერტული დახმარების კუთხით. ეს ძალიან ქმედითი დახმარებაა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
აღნიშნული განცხადების თარგმანს „რუსთავი 2“ ავრცელებს.