1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში წმენდა მიმდინარეობს, სი ძინპინი კი ქვეყნის არმიის ერთპიროვნული ხელმძღვანელი ხდება”-Financial Times
“ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში წმენდა მიმდინარეობს, სი ძინპინი კი ქვეყნის არმიის ერთპიროვნული ხელმძღვანელი ხდება”-Financial Times

“ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში წმენდა მიმდინარეობს, სი ძინპინი კი ქვეყნის არმიის ერთპიროვნული ხელმძღვანელი ხდება”-Financial Times

104
0

როგორც ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 25 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში წმენდა მიმდინარეობს, სი ძინპინი კი ქვეყნის არმიის ერთპიროვნული ხელმძღვანელი ხდება” (ავტორები – ქეთრინ ჰილე და დიმიტროს სევასტოპულო), რომელშიც განხილულია “ცისქვეშეთის” სამხედრო ელიტაში დაწყებული რეპრესიების მორიგი ტალღის მიზეზები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჩინეთში დაიწყო გამოძიება შეიარაღებული ძალების ორი დარჩენილი გენერლის მიმართ, რომლებიც წინა საკადრო წმენდებს გადაურჩნენ, მაგრამ საბოლოოდ კომპარტიის ლიდერის რისხვა მაინც დაიმსახურეს. ამის შედეგად სი ძინპინი იღებს ერთპიროვნული ოპერატიული კონტროლის უფლებას სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის მიმართ.
ჩინეთის კომპარტია ამოწმებს გენერალ ჯან იუსის (ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის) და გენერალ ლიუ ჯენლის (ცენტრალური სამხედრო საბჭოს წევრისა და არმიის გაერთიანებული გენერალური შტაბის უფროსის) საქმიანობებს, რომელიც განპირობებულია გაჩენილი ეჭვებით „დისციპლინისა და კანონის სერიოზული დარღვევების გამო“, – განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 იანვარს.
ჯან იუსისა და ლიუ ჯენლის თანამდებობიდან გადაყენების შედეგად ცენტრალური სამხედრო საბჭო თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მცირერიცხოვანი გახდა: მასში დარჩნენ მხოლოდ სი ძინპინი, რომელიც თავმჯდომარეა და ჯან შენმინი – პოლიტიკური კომისარი, რომელიც არმიის ანტიკორუფციულ კომიტეტს ხელმძღვანელობს. იმავდროულად იგი თავმჯდომარის მოადგილეც არის, რომელიც ამ პოსტზე გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა.
სი ძინპინი უკვე რამდენიმე წელია ცდილობს თავისი როლისა და გავლენის გაძლიერებას ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელ არმიაზე. შარშან აპრილში მისი მითითებით გამოძიება დაიწყო გენერალ ხე ვეიდუნის წინააღმდეგ, რომელიც არმიაში გავლენით მეორე გენერალს წარმოადგენდა ჯან იუსის შემდეგ. იმ დროს ბევრი ანალიტიკოსი ამბობდა, რომ სი ძინპინს კორუფციის ამოძირკვა უნდა არმიაშიო, მაგრამ ზოგიერთების მტკიცებით, გენერლის დაკავებაში უფრო სერიოზული ფაქტორები მოქმედებდნენ.
„ეს ყველაზე შოკისმომგვრელი მოვლენაა ჩინეთის პოლიტიკაში სინ ძინპინის მოსვლის პირველი დღეებიდანვე, როცა მან უფროს ოფიცერთა კორპუსი ისეთი სამხედროებისაგან გაწმინდა, რომლებიც, სი ძინპინის რწმენით, მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ“, – ამბობს დენის უაილდერი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ჩინეთის პოლიტიკის ანალიზის განყოფილების ყოფილი უფროსი.
„ახლა ჩინეთის არმიის ცენტრალურ სამეთაურო ცენტრში, სი ძინპინის გარდა, მხოლოდ ერთი ადამიანიღა დარჩა. ეს ორგანო დაემსგავსა აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებულ კომიტეტს, რომელშიც მხოლოდ ერთი გენერალია – კომიტეტის თავმჯდომარე. მაგრამ აშშ-ის არმიისაგან განსხვავებით, ჩინეთის არმიის ასეთი მართვა არ ხდება. სი ძინპინმა დაკავებული გენერლების ადგილზე სხვები უნდა დაინიშნოს“, – აღნიშნავს დენის უაილდერი.
ცენტრალური სამხედრო საბჭო განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების სტრატეგიას და მის ოპერაციებს ხელმძღვანელობს. ჩინეთის კომპარტიის ენაზე ტერმინი „დისციპლინის დარღვევა“ ხშირად კორუფციას ნიშნავს, თუმცა სინამდვილეში მსგავსი შემთხვევები მჭიდროდ არის დაკავშირებული პარტიაში მიმდინარე ფრაქციულ ბრძოლებთან და პარტიის ლიდერები, მაო ძედუნიდან დაწყებული, ხშირად იყენებდნენ ამგვარ შემოწმებებს (წმენდებს) მეტოქეების მოსაცილებლად და გასანეიტრალებლად.
მას შემდეგ, რაც სი ძინპინი ჩინეთის უმაღლესი პარტიული და სამხედრო ლიდერი გახდა 2012 წელს, იგი სარგებლობდა რესტრუქტურიზაციით და წმენდებით, რათა არმია უფრო ერთგული და საიმედო გაეხადა, საბრძოლო თვალსაზრისით და თავისი ამბიციური მიდგომებით – გადააქციოს ჩინეთი აშშ-ის ტოლფას ძლიერ სახელმწიფოდ.

აშშ-სა და ტაივანის მთავრობების მონაცემებით, სი ძინპინმა ჩინეთის არმიას უბრძანა, რომ შეიმუშაოს გეგმა და შექმნას რეზერვები ტაივანის ძალით მიტაცების მიზნით, რომელიც სავარაუდოდ, 2027 წელს უნდა განხორციელდეს.

„გამოძიების დაწყება ხაზს უსვამს სი ძინპინის მტკიცე ძალაუფლებას ჩინეთის არმიაზე. იგი უკან არ იხევს, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი ოფიცრების ამგვარი წმენდებით შეიძლება არმია დასუსტდეს“, – ამბობს ტრისტან ტანი, ანალიტიკური ცენტრის Pacific Forum-ის მეცნიერ-თანამშრომელი. მისი თქმით, გენერლების მიმართ დაწყებული გამოძიება, როგორც ჩანს, ასახავს იმ შეშფოთებას, რომელიც გამოხატულია ჩინეთის არმიის საბრძოლო მზადყოფნის ზრდის ნელი პროცესისა და თავდაცვითი რესურსების არაეფექტური სარგებლობის მიმართ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის არმია საკმაოდ წინ წავიდა საბაზო და კომბინირებული მომზადების სფეროებში გატარებული რეფორმების მხრივ, მას ჯერ კიდევ დრო ჭირდება იმ მიზნის შესასრულებლად, რომელიც არმიას სი ძინპინმა დაუსახა – ტაივანის დაპყრობა 2027 წლისათვის. რასაკვირველია, გამოძიების დროს შეიძლება კორუფციის ნიშნებიც იპოვონ, მაგრამ არმიის ძირითად პრობლემად კვლავ რჩება დაბალი ეფექტიანობა და უუნარობა, საიმედო საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად“, – განმარტავს ტრისტან ტანი.

75 წლის ჯან იუსი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ოფიცერთაგან, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს. ჩინეთის არმიას ბოლო ბრძოლები 1979 წელს ჰქონდა ვიეტნამთან ომის დროს და გენერალიც სწორედ იმ ომში მონაწილეობდა. მისი ოჯახი წარმოშობით იმ რეგიონიდანაა, სადაც სი ძინპინის დედ-მამა ცხოვრობდა. მათი მამები ჩინეთის სამოქალაქო ომში ერთად იბრძოდნენ, მაო ძედუნის ხელმძღვანელობით.

ჯან იუსი ბოლო დრომდე ითვლებოდა სი ძინპინის მნიშვნელოვან და ერთგულ მოკავშირედ არმიის რეფორმირებაში. საერთოდ, ოჯახების რევოლუციური წარსული და საომარი მოქმედებების ვეტერანის სტატუსი ჩინეთში ბევრს ნიშნავს.
ჯანი გადაურჩა (გადაიტანა) სი ძინპინის მიერ დაწყებული სამხედრო წმენდების წინა რაუნდს, რომელიც იარაღის წარმოებაში და შესყიდვებში კორუფციის აღმოფხვრისაკენ იყო მიმართული.

მაგრამ გასული წლიდან მოყოლებული სი ძინპინის მიერ მიღებული მკაცრი ზომები ძირითადად მიმართულია მისი პირადი ერთგულების, ლოიალობისა და პოლიტიკური საიმედოობის უზრუნველსაყოფად, რის გამოც, ანალიტიკოსების აზრით, ჩინელი გავლენიანი სამხედროები ქვეყნის ლიდერის სავარაუდო სამიზნედ იქცნენ.

გამოძიება შეიძლება თვეები და წლებიც გაგრძელდეს. ჩინოვნიკთა უმეტესობა, რომელიც ასეთი გამოძიებების ხაფანგში გაებმებიან ხოლმე, ჩვეულებრივ, დამნაშავედ აღიარდებიან და კარგავენ თანამდებობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომუნისტური პარტიის წევრის სტატუსს.

წყარო: