ჩემს მშობლიურ სამტრედიაში, პატარებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ წარმატებული ფეხბურთელები – კახა კალაძე
მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ლევან კობიაშვილს, მთელ გუნდს იმ მაგარი პროექტების განხორციელებისთვის, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით აკეთებენ. დღეს ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მშობლიურ სამტრედიაში გაკეთდა ასეთი მაგარი ინფრასტრუქტურა, სადაც ამ გულანთებულ პატარებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ მაგარი, წარმატებული ფეხბურთელები, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამტრედიაში საფეხბურთო ცენტრი გახსნაზე.
ძალიან ემოციურია ჩემთვის დღევანდელი დღე. მინდა, აქ შეკრებილ ადამიანებს, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ამინდმა არ შეგვიწყო ხელი, თუმცა იმხელაა სიხარული და სიამაყის გრძნობა, რომ, რა თქმა უნდა, ვერანაირი ამინდი ვერ შეგვიშლის ხელს.
ბავშვებო, არასდროს არ გაჩერდეთ, ყოველთვის იბრძოლეთ, რომ იყოთ წარმატებულები ცხოვრებაში. ცხოვრება საინტერესოა იმით, რომ თქვენ გექნებათ უამრავი ხელისშემშლელი ფაქტი, იქნება სირთულეები, მაგრამ არ დანებდეთ, ყოველთვის იბრძოლეთ იმისთვის, რომ მიიღოთ მაქსიმუმი იმ საქმიდან, რასაც აკეთებთ, რაც გიყვართ და რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის. მინდა, უეფას და ფიფას წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რასაც ისინი იჩენენ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ასევე, ჩვენთან არის ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მინდა, მას მადლობა გადავუხადო. დღეს საღამოს ქუთაისში საინტერესო შეხვედრა გაიმართება საქართველოსა და ლატვიის ვეტერან ფეხბურთელებს შორის. აქ არიან ჩვენი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები, მადლობა მათ იმისთვის, რაც გაუკეთებიათ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და წარმატებები ვუსურვოთ მომავალ საქმიანობაში. კიდევ ერთხელ მადლობა ლევანს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ფიფას პროგრამა FORWARD-ისა და უეფას პროგრამა Hat Trick-ის ფინანსური თანამონაწილეობით განახორციელა.