1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჩემი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა”– დეკანოზი გიორგი მამალაძე
“ჩემი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა”– დეკანოზი გიორგი მამალაძე

“ჩემი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა”– დეკანოზი გიორგი მამალაძე

1.10K
0

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან წერილს აგზავნის, სადაც მისი ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს.

„ინტერპრესნიუსისთვის” გამოგზავნილ წერილში მამალაძე აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„როგორც იცით, დაპატიმრებიდან მალევე დამემართა მარჯვენა კიდურების პარალიზება. სამწუხაროდ, მდგომარეობა დღემდე უცვლელია. დამოუკიდებლად ვერ ვმოძრაობ და ჩემი ახლო მანძილზე გადაადგილებაც კი საკაცით უწევთ.

ჩემი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ყველა სამედიცინო დასკვნა ამას ადასტურებს. შესაბამისი მკურნალობის გარეშე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ამ დაწესებულებაში ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ და მადლიერი ვარ ხელმძღვანელობის და პერსონალის, თუმცა ისეთი დაავადების მკურნალობა, რაც მე მჭირს, სხვა საშუალებებს და რეჟიმს მოითხოვს, ეს კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუძლებელია. ვფიქრობ, უნდა დააკმაყოფილონ სასჯელის გადავადების მოთხოვნა”, – აცხადებს დეკანოზი მამალაძე.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ის პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს, დროს მის ოჯახსა და მკურნალობას დაუთმობს.

„მართლაც, სასჯელის ნახევარზე მეტი მოვიხადე. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ გადავაფასე და ბევრიც სხვაგვარად დავაფასე. როდესაც გავთავისუფლდები ჩემი დროისა და ენერგიის უდიდეს ნაწილს ჩემს ოჯახს მოვახმარ. ეს წლები, რაც ჩემს შვილებს მოვაკელი, უნდა ავანაზღაურო. ასევე მკურნალობისთვის დამჭირდება მობილიზება. ასე რომ, არ მგონია სხვა რამისთვის დამრჩეს დრო და ენერგია”, – აცხადებს მამალაძე.

 დეკანოზ გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9- წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.