1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩეხეთთან ლამაზი ფეხბურთით და ასეთი ანგარიშით მოგება, ძალიან მნიშვნელოვანია -ხვიჩა კვარაცხელია
ჩეხეთთან ლამაზი ფეხბურთით და ასეთი ანგარიშით მოგება, ძალიან მნიშვნელოვანია -ხვიჩა კვარაცხელია

ჩეხეთთან ლამაზი ფეხბურთით და ასეთი ანგარიშით მოგება, ძალიან მნიშვნელოვანია -ხვიჩა კვარაცხელია

419
0

ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის B1 ჯგუფში ჩეხეთთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად მოიგო 4:1, კვარაცხელიამ კი ანგარიში პენალტით გახსნა.

„რაც დღეს, ბიჭებმა აჩვენეს, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო… ვილიმ [სანიოლი] ტაქტიკურად მოგვცა ის დავალებები, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა და ჩვენც შევასრულეთ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ჩვენი მიზანი შევასრულეთ, დადებითად შევაფასებ მთლიანად ამ თამაშს და პერფორმანსს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო. ჩემი აზრით, ასეთი ლამაზი ფეხბურთი დიდი ხანია არ გვითამაშია და ძალიან კმაყოფილები ვართ. იყო შეცდომები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ამას გავაანალიზებთ. 4:1-ით მოგება ისეთ ძლიერ ნაკრებთან როგორიც ჩეხეთია, ძალიან მნიშვნელოვანია.

თითქმის ყველა შექმნილი ეპიზოდი გამოვიყენეთ და, ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ამით ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯგუფური ეტაპის მოგებით დაწყება, რაც ალბანეთთან სტუმრად კარგი თამაშით უნდა გავამყაროთ.

საქართველოს ნაკრებს ყველა ტურნირზე შეუძლია წარმატების მიღწევა, რადგან დღეს ანგარიშგასაწევი გუნდი ვართ და ყველაფერს კარგად ვაკეთებთ – ეს დღევანდელმა მატჩმაც დაამტკიცა, ჩეხეთის ნაკრებთან 4:1-ის მოგება, თანაც ასეთი ლამაზი ფეხბურთის ჩვენება ძალიან კარგია.

ყველა გოლი ჩემთვის მნიშვნელოვანია, დღევანდელი თამაშით ბედნიერი ვარ. შევეცდები, გოლები სხვა მატჩებშიც გავიტანო და საქართველოს ნაკრებს ყველანაირად დავეხმარო, რასაც ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

 საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით – 4:1 დაამარცხა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთთან გამართავს, რომელმაც პირველ ტურში უკრაინა გასვლით მატჩში დაამარცხა (2:1) და საქართელოს ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის B1 ჯგუფის ლიდერია.