1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ცესკო-ს თავმჯდომარე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა
ცესკო-ს თავმჯდომარე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

ცესკო-ს თავმჯდომარე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

212
0

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და ამომრჩევლების განათლება, ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევები იყო დღეს ცესკო-ში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

26 ოქტომბრის არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების უპირატესობების, ამომრჩეველთა განათლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობების შესახებ მისიის წარმომადგენლებს ინფორმაცია ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მიაწოდა. მან ასევე ისაუბრა საუბნო-საარჩევნო კომისიის პოტენციურ წევრთა სერტიფიცირების მიზნით გაწეული სამუშაოების შესახებ.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებთან. ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება არჩევნების ადმინისტრირების მიმართულებით გაწეულ და დაგეგმილ საქმიანობებს. ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება, რა თქმა უნდა, აღნიშნული არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ საარჩევნო მთლიანობისა და გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები. თანამშრომლობა ODIHR-თან ამ მხრივ გადამწყვეტია და მზად ვართ, მისიის წარმომადგენლებს მივაწოდოთ გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

გიორგი კალანდარიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ცესკო-ს მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლოს ODIHR-ის მისიასთან და ხაზი გაუსვა მუდმივი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. როგორც მან აღნიშნა, „საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ფასდაუდებელია ODIHR-ის მიერ გაწეული მხარდაჭერა და ზედამხედველობა. ჩვენ ორიენტირებულები ვართ გამჭვირვალობაზე და ღია ვართ კონსტრუქციული გამოხმაურებისთვის, რომელიც დაგვეხმარება, გავაუმჯობესოთ ჩვენი პრაქტიკა“.

დღევანდელ შეხვედრას ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მეგან ფიცჯერალდი, უფროსი მრჩეველი ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების საკითხებში ვლადიმირ მისევი, მრჩეველი/ოფიცერი საარჩევნო საკითხებში ქსენია დაშუტინა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ადმინისტრაციული და პროგრამის მთავარი ოფიცერი ტიმ ნობლაუ ესწრებოდნენ. შეხვედრა დღეს ცესკო-ში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკო-ს წევრი დიმიტრი ჯავახაძე და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.