“ბუდაპეშტი თავისი მოქმედებით ნატოს ზიანს აყენებს”-Financial Times
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) სათაურით „აშშ-ის ელჩი დევიდ პრესმანი ვიქტორ ორბანს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ბუდაპეშტი თავისი მოქმედებით ნატოს ზიანს აყენებს“, აქვეყნებს ინტერვიუს აშშ-ის ელჩთან (ესაუბრებიან ბენ ჰოლი და მარტონ დუნაი), რომელშიც უნგრეთ-აშშ-ის ურთიერთობებია განხილული, რუსეთ-უკრაინის ომის შუქზე.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უნგრეთში აშშ-ის ელჩმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი „ფანტასტიკური საგარეო პოლიტიკის“ გატარებაში დაადანაშაულა, რომელიც კრემლის ინტერესებს ემსახურება და ზიანს აყენებს ნატოს ალიანსის ერთიანობას.
„ფაინენშელ თაიმსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში დევიდ პრესმანმა თქვა, რომ უნგრეთის მთავრობის მიდგომები საერთაშორისო საკითხებისადმი ეფუძნება „ხელოვნურად გამოგონილ უნგროფობიას“ და შეთხზულ მითებს, რომ ბუდაპეშტის ყველა მეზობელი ვითომდა მტაცებელია. ეს ყველაფერი ვიქტორ ორბანის შიდაპოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და მის ზოგიერთ პოზიციას ამჟღავნებს. „მაგრამ, საბოლოო ჯამში, პრემიერ-მინისტრის განცხადებები ფანტაზიებს წარმოადგენს“, – აღნიშნა ელჩმა.
დევიდ პრემმანმა ასევე გააკრიტიკა ვიქტორ ორბანი „აშშ-ის საპრეზიდენტიო საარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობისა და ჩარევისათვის“, რაც გამოიხატა დონალდ ტრამპის მიმართ აქტიურ მხარდაჭერაში და მოწოდებებში ჯო ბაიდენის გადადგომის თაობაზე.
„ნატოელი მოკავშირეების მხრიდან ჩვენთვის ასეთი ნაბიჯები მიუღებელია“, – განმარტა აშშ-ის ელჩმა. მისი თქმით, ბუდაპეშტის გადაწყვეტილებამ, რომ ურთიერთობა მოკავშირეებთან და მათ შორის აშშ-სთანაც პოლიტიზებული გახადოს, უნგრეთი გარიყულ და იზოლირებულ ქვეყნად გადააქცია, ვიდრე ოდესმე იყო და, როგორც ჩანს, ასე გაგრძელდება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში“.
აშშ-ის ელჩის უჩვეულოდ გულახდილი კომენტარი ასახავს იმ იმედგაცრუეებას, რომელიც ვიქტორ ორბანის მოქმედება იწვევს – ჯერ ერთი, რომ თვითონ უნგრეთის მთავრობა არღვევს დემოკრატიის სტანდარტებს და კანონის უზენაესობას, მეორე კი – ხელს უშლის უკრაინისადმი დახმარებას რუსეთთან ომში და შვედეთის მიღებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. სხვათა შორის, ამჟამად უნგრეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც აჭიანურებს შვედეთის ნატოში მიღების რატიფიცირებას.
ამ დღეებში ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბებიან, რომ როგორმე უკრაინას დაფინანსება გაუგრძელონ მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანმა გასულ თვეში ვეტო დაადო კიევისათვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ოთხი წლის განმავლობაში.
დევიდ პრესმანის თქმით, როცა უნგრეთის საგარეო პოლიტიკას ვუყურებთ, ბუდაპეშტისა და მოსკოვის მიერ გატარებული პოლიტიკაში ბევრი რამ ერთმანეთს ემთხვევა: მაგალითად, უკრაინისადმი დახმარების ბლოკირება, წინააღმდეგობა ენერგოშემცველების იმპორტის დივერსიფიცირებისადმი, უნგრეთში პრორუსული პლატფორმების დახურვისადმი, მზადყოფნა ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად… ასეთი მოქმედებით ბუდაპეშტი სულ უფრო სცილდება თავის პარტნიორებს და გარიყული ხდება. ასეთი პოლიტიკური არჩევანი, უეჭველია, სასარგებლოა ვლადიმერ პუტინისათვის და მავნეა ნატოსათვის“.
ელჩმა ასევე განაცხადა, რომ „კრემლის პროპაგანდა და დეზინფორმაცია რეგულარულად ვრცელდება უნგრეთის პროსამთავრობო მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით“.
ამერიკელი დიპლომატის აზრით, ვიქტორ ორბანმა გასულ თვეში საოცარი და იმავდროულად ძალზე ცრუ განცხადება გააკეთა – თითქოსდა იმ მილიარდობით ევროს, რომელიც უნგრეთს ეკუთვნის ევროკავშირის ცენტრალური ბიჯეტიდან და მას ბრიუსელი ბლოკავს, ამერიკელები უკრაინისათვის გაგზავნას უპირებენ, საბოლოოდ კი ეს ხდება ამერიკელი იარაღის დამამზადებელი კომპანიების სასარგებლოდ.. „სადაც ამერიკელები არიან, იქ მათი ფულიც არის. როგორც ანდაზაშია – „სადაც ხორცია, იქ ბუზებიც ირევიან“. „ეს განცხადება ვიქტორ ორბანმა შეიძლება კრემლის კარნახით, ან კრემლის პროპაგანდის ფონზე გააკეთა, მაგრამ საშინლად წარუმატებელია და უადგილოა“, – აღნიშნა დევიდ პრესმანმა.
ელჩის თქმით, აშშ ზრუნავს უნგრეთზე და მას ახლო მოკავშირედ თვლის, მაგრამ უკიდურესად უხერხულია იყო ისეთი მთავრობის მოკავშირე, რომელიც უარს აცხადებს აშშ-ის ინტერესების გათვალისწინებაზე“. როგორც ჩანს, ვიქტორ ორბანს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია რამდენიმე თვეში აღარ იქნება.
საინტერესოა, რომ ვიქტორ ორბანი ბოლო წლებში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ რამდენიმე ღონისძიებაში მონაწილეობდა – მაგალითად, ჯერ აშშ-ში ორი წლის წინ გამართულ ამერიკელ კონსერვატორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე (რესპუბლიკელებთან ერთად), შემდეგ კი შარშან, ბუდაპეშტში ჩატარებულ მსგავს ღონისძიებაზე და განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს აშშ-ის თეთრ სახლში ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაბრუნებას.
„მე დარწმუნებული ვარ: დონალდ ტრამპი რომ ამერიკის პრეზიდენტი ყოფილიყო, უკრაინაში და ევროპაში ომი არ იქნებოდა“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას, 2023 წლის 4 მაისს, – „დაბრუნდით, მისტერ პრეზიდენტო! დაუბრუნეთ ამერიკას ყოფილი დიდება, ჩვენ კი მშვიდობა მოგვიტანე!“.
დონალდ ტრამპმა, საპასუხოდ, განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანი ძლიერი ადამიანია: „ზოგიერთებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ძლიერება არ მოსწონს – იმიტომ, რომ იგი ყველას გადასწონის“, – თქვა აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა გასულ კვირას ნიუ ჰემპშირის შტატში ჩატარებულ პარტიულ პრაიმერზე, სადაც მან გაიმარჯვა და პარტიული მეტოქე ნიკი ჰეილი უკან ჩამოიტოვა, – „სასიამოვნოა, როცა იცი, რომ შენს ქვეყანას ძლიერი და ჭკვიანი ადამიანი მართავს“.
დევიდ პრესმანის თქმით, იგი ვერ ხედავს ვიქტორ ორბანის მთავრობის სურვილს და მცდელობას აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის აღდგენის მიზნით, მაგრამ მან ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონს აქვს ბერკეტები, რომლებითაც ვიქტორ ორბანზე გავლენას მოახდენს.
იანვრის თვეში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მრავალრიცხოვანი პრობლემების გამო, უნგრეთთან დადებული საგადასახადო ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინა – იმ მიზეზით, რომ გასულ წელს აშშ-მა უნგრეთს ბუდაპეშტში მოქმედი რუსული ბანკის ფილიალის დახურვა სთხოვა, უნგრეთის ხელისუფლება კი თეთრი სახლის მითითებას არ დაემორჩილა.
„დიახ, ჩვენ მართლაც აბსოლუტურად ვფლობთ უნგრეთზე ზემოქმედების ბერკეტებს“, – ხაზი გაუსვა ელჩმა, – „და ჩვენ ამ ბერკეტებს ყოველთვის გამოვიყენებთ [ურჩი ქვეყნების მიმართ]“.