“ბაშარ ასადი გაიქცა, მაგრამ სირიისა და ახლო აღმოსავლეთის მომავალი გაურკვეველი რჩება”-The Daily Telegraph
ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) 9 ნოემბრის ნომერში აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „ბაშარ ასადი გაიქცა, მაგრამ სირიისა და ახლო აღმოსავლეთის მომავალი გაურკვეველი რჩება“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
სირიაში მოვლენების ექსტრაორდინარული განვითარება, რასაც ხელისუფლებაში 20-წლიანი ყოფნის შემდეგ ბაშარ ასადის რეჟიმის კრახი მოჰყვა, ბერლინის კედლის დანგრევას და ისეთი ტირან-დიქტატორების დამხობას გვაგონებს, როგორებიც იყვნენ, ვთქვათ, რუმინეთის პრეზიდენტი ნიკოლაე ჩაუშესკუ და სხვები. მართალია, ბასარ ასადი ცოცხალი დარჩა და ამჟამად რუსეთშია, მაგრამ მაინც.
მაგრამ ვისაც იმედი აქვს, რომ სირია ტირანიისაგან საბოლოოდ გათავისუფლდა და აწი უკვე დემოკრატიულ ქვეყნად გადაიქცევა, მწარედ სცდება. ეგრეთ წოდებული „არაბული გაზაფხული“, რომელიც 2010 წელს დაიწყო, განიხილებოდა როგორც რეგიონის გადასვლად დასავლური მმართველობის პრინციპზე, მაგრამ ეს არ მოხდა – სიტუაცია არაბული ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც კი მთავრობები დაემხო, ან ძველებურად დარჩა, ან მხოლოდ ოდნავ გაუმჯობესდა.
სირიის რევოლუცია ანტიასადური მოძრაობით დაიწყო იმ დროინდელი სულისკვეთებით – როგორმე შერბილებულიყო რეჟიმის სისასტიკე. სამწუხაროდ, რევოლუცია სამოქალაქო ომში გადაიზარდა – მოხდა ქვეყნის „ბალკანიზაცია“, რის შედეგადაც სირიის რუკა ნაჭერ-ნაჭერ შეკერილ საბანს დაემსგავსა, თითოეულ რეგიონს თავისი სამხედრო დაჯგუფება და ლიდერ-პატრონი გამოუჩნდა. – დაწყებული ქურთი სეპარატისტებით და დამთავრებული ყველაზე ექსტრემისტ-ისლამისტი ლიდერებით. რაც შეეხება პრეზიდენტ ბაშარ ასადს, მან ქვეყნის მცირე ნაწილზე კონტროლი მხოლოდ ირანისა და რუსეთის სამხედრო მხარდაჭერით შეინარჩუნა, რომლებსაც თითოეულს თავისი ინტერესები ჰქონდა, საკუთარი პოზიციების განმტკიცების მიზნით. რუსეთმა, კერძოდ, განახორციელა დამანგრეველი საჰაერო დაბომბვები, რომლის შედეგად ოპოზიციური მებრძოლების მიერ დაკავებული ქალაქების საცხოვრებელი კვარტლები მიწასთან გაასწორა. იმავდროულად იღუპებოდა ათასობით მშვიდობიანი მცხოვრები, ნადგურდებოდა ინფრასტრუქტურა.
საბრძოლო მოქმედებებმა ხელი შეუწყო კრიზისებისა ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ლტოლვილთა ნაკადის პროვოცირებას – ექვსმა მილიონმა სირიელმა მშობლიური ადგილების მიტოვება დაიწყო და იმედის თვალი ევროპას მიაპყრო. რუსეთმა, ირანმა და პალესტინურმა შეიარაღებულმა ისლამისტურმა დაჯგუფებებმა სირიაში მეტ-ნაკლებად [მოჩვენებითი] სტაბილურობა დაამყარეს. 2024 წლამდე ისე ჩანდა, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი თითქოსდა დაღუპვას გადაურჩა, მაგრამ…
რა თქმა უნდა, შესამჩნევი იყო, რომ ბოლო წლებში მომხდარმა მოვლენებმა, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის და ისრაელ-ჰამას-ჰეზბოლას ომებმა სირიელი დიქტატორი მოწყვლადი გახადა: რუსეთმა თავისი სამხედრო ქვედანაყოფები სირიიდან უკრაინის ფრონტზე გადაისროლა, „ჰამას-ჰეზბოლას“ კი ისრაელმა „თავის მოჰკვეთა“. ირანიც, აშშ-ის გააქტიურების გამო, სირიას ძველებურად ვეღარ ეხმარებოდა.
და მაინც, მოვლენების ესოდენ ელვისებურად განვითარება მსოფლიო პოლიტიკისათვის ერთობ მოულოდნელი იყო. ვერცერთმა ანალიტიკოსმა წინასწარ ვერ განჭვრიტა ის, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი, რომელმაც ათეულ წელზე მეტ ხანს გაუძლო სამოქალაქო ომს, ორ კვირაში დაემხობოდა. დასავლეთი მიესალმება დიქტატორის რუსეთში გაქცევას და ამ დროს ყურადღება ექცევა იმას, თუ რა უარყოფითს ნიშნავს მომხდარი ფაქტი რუსეთისა და ირანისათვის. მაგრამ ის, რაც ცუდია მოსკოვ-თეირანისათვის, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კარგია დასავლეთისათვის.
ბაშარ ასადის დამამხობელი „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი“ („ჰთშ“) წარსულში უკომპრომისო ისლამისტურ დაჯგუფებას წარმოადგენდა, რომელიც „ალ-ყაიდას“ ბაზაზე იყო შექმნილი. მიზეზი, რის გამოც ვლადიმერ პუტინმა თავის დროზე მხარი სირიელ დიქტატორს ბაშარ ასადს დაუჭირა, გამოიხატებოდა იმაშიც, რომ რუსეთის სამხრეთით მდებარე რეგიონებში, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში ექსტრემისტულ-ისლამისტური ძალები არ გაძლიერებულიყვნენ..
ბევრი ანალიტიკოსის შეფასებით, ამჟამად „ჰთშ“ აღარ ითვლება რადიკალურ ისლამურ დაჯგუფებად, ანუ ისეთები, როგორებიც ადრე იყვნენ, მაგრამ სირიულ ოპოზიციაში საკმაოდ ბევრია ისეთი პოლიტიკოს-„ბოევიკები“, რომელთა დანახვას ქვეყნის ახალ ეროვნულ მთავრობაში არცერთი დასავლელი ლიდერი არ მოისურვებდა. ასევე გაუგებარია, შეძლებენ კი ჭრელი დაჯგუფებები ისეთი მმართველი ორგანოს შექმნას, რომელიც მთავრობის მსგავსი იქნება? შეძლებენ ისინი ერთმანეთთან მოლაპარაკებას და ურთიერთშუღლის შეწყვეტას? რამდენი დრო დაჭირდება სირიაში სტაბილურობის დამყარებას?
ბოლო დღეების მოვლენებში, რა თქმა უნდა, „თურქული ხელი“ აშკარად მოჩანს. ეს თავიდანვე გაირკვა, როცა პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა საჯაროდ მხარი დაუჭირა „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ მიერ იდლიბის პროვინციიდან (სადაც ანკარის გავლენა დიდია) დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებს. ცხადია, თურქეთს თავისი ინტერესები აქვს: ანკარას სურს, რომ „ჰაიათელებმა“ სირიელი ქურთები გაანადგურონ, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად თვლის. გარდა ამისა, ანკარას უნდა, რომ მილიონობით სირიელი ლტოლვილი, რომლებმაც 2011 წლიდან თავი თურქეთს შეაფარეს, სირიაში დაბრუნდნენ.
ბაშარ ასადის დამხობა ზოგადად მისასალმებელია, მაგრამ სირიისა და რეგიონის მომავალი ძირითადად მაინც გაურკვეველი რჩება: მტრული ძალები მზად არიან შექმნილი სიტუაციით მთლიანად ისარგებლონ.
მოამზადა სიმონ კილაძემ