
ბალტიისპირელებს უკრაინა მართლა რომ ადარდებდეთ, საკუთარ ჯარებს უკრაინის ფრონტზე გაგზავნიდნენ, ამისთვის მათ ვინმეს ნებართვა არ სჭირდებათ- შალვა პაპუაშვილი
ბალტიისპირელებს უკრაინა მართლა რომ ადარდებდეთ, საკუთარ ჯარებს უკრაინის ფრონტზე გაგზავნიდნენ, ამისთვის მათ ვინმეს ნებართვა არ სჭირდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, როგორც პაპუაშვილი წერს, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არ აჰყვნენ ბალტიისპირეთის კაპრიზებს, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები.
„ყალბი და ქაოტური ვირტუალური სამყაროს შექმნა, რომელშიც საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სასტიკი დიქტატურაა, ბალტიისპირეთის რეალობას მოკლებულ პოლიტიკას საბოლოო სახეს აძლევს. ამ სიყალბეს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიაზე ზრუნვასთან, მაგრამ აშკარა გეოპოლიტიკური მიზეზებითაა ნაკარნახევი. ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა სასოწარკვეთილად ცდილობენ საკუთარი უსაფრთხოების გაუმჯობესებას რუსეთის ყურადღების სხვაგან გადატანით. ამიტომაც უკრაინაში შეჭრის დღიდან ისინი საქართველოს მოსკოვთან ღია კონფრონტაციისკენ მოუწოდებენ. დაჟინებული მოთხოვნით, რომ საქართველოს – ევროკავშირისა და ნატო-ს არაწევრ ქვეყანას – ორმხრივი სანქციები დაეწესებინა რუსეთისათვის, მათ ქართულ-რუსული ესკალაციის იმედი ჰქონდათ და, ფაქტობრივად, საქართველო საკუთარი ინტერესებისათვის გაწირეს. მათ პოლიტიკას სხვა ლოგიკური ახსნა არ აქვს.
ისე, ბალტიისპირელებს უკრაინა მართლა რომ ადარდებდეთ, საკუთარ ჯარებს უკრაინის ფრონტზე გაგზავნიდნენ. ამისთვის მათ ვინმეს ნებართვა არ სჭირდებათ.
მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არ აჰყვნენ ბალტიისპირეთის კაპრიზებს, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები“, – წერს შალვა პაპუაშვილი.