1. Home
  2. TOP სიახლე
  3. (ვიდეო) ბადრი ესებუა დააკავეს
(ვიდეო) ბადრი ესებუა დააკავეს

(ვიდეო) ბადრი ესებუა დააკავეს

521
0

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას და ვიდეომასალას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული ბ.ე დააკავა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტისა და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა. დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა  დღეს დილით  სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.  შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. თავდამსხმელს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით აღიძრა, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.