1. Home
  2. სიახლეები
  3. მსოფლიო
  4. „აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს ისევ უტევს და მის კაპიტულაციას ითხოვს, რუსეთი კი ჩუმად არის“ – უცხოური პრესა
„აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს ისევ უტევს და მის კაპიტულაციას ითხოვს, რუსეთი კი ჩუმად არის“ – უცხოური პრესა

„აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს ისევ უტევს და მის კაპიტულაციას ითხოვს, რუსეთი კი ჩუმად არის“ – უცხოური პრესა

789
0

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთდამოკიდებულების გამწვავებასთან დაკავშირებით, ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს ისევ უტევს და მის კაპიტულაციას ითხოვს, რუსეთი კი ჩუმად არის“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მთიან ყარაბაღში ომი დაბრუნდა: 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მისსავე ტერიტორიაზე მდებარე (ანუ იურიდიულად აზერბაიჯანის საზღვრებში მოქცეული) სომხური ანკლავის წინააღმდეგ.. „ანტიტერორისტული ოპერაცია“, ბაქოს განცხადებით, მიმართულია მთიან ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისაკენ და შეიარაღებული სომეხი ტერორისტების რეგიონიდან განდევნისაკენ. სომეხი ოფიციალური პირები, მათ შორის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების წინააღმდეგ მიმართულ ეთნკური წმენდაში ადანაშაულებენ. (…)

როგორც ჩანს, აზერბაიჯანს ამჯერად მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის სრული კაპიტულაცია სურს. „მათ იარაღი უნდა დაყარონ და თეთრი დროშა უნდა გამოფინონ“, – ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი ჰიქმეთ გაჯიევი ყარაბაღელი სომხების ლიდერთა მისამართით.

ბაქოელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეტევა მნიშვნელოვანწილად არის პასუხი იმ არჩევნებზე, რომლებიც ანკლავში 9 სექტემბერს ჩატარდა, აგრეთვე ნაღმების აფეთქებაზე, რომლის შედეგად ექვსი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა, როგორ ჩანს, შეტევა საკმაოდ დიდი ხნის წინ იქნა დეგეგმილი და მზადდებოდა. თავის მხრივ, სომხეთიც ადანაშაულებდა აზერბაიჯანს ანკლავის [ადმინისტრაციული] საზღვრების ახლოს ჯარების თავმოყრასა და პროვოკაციების მცდელობაში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

აზერბაიჯანმა ასევე დაბლოკა „ლაჩინის დერეფანი“ – სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქალქ ლაჩინზე გადის,  რათა ანკლავის სომეხი ლიდერები იძულებულები გახდნენ ბაქოს დაქვემდებარონ. ბუნებრივია, გზის დაბლოკვამ მთიან ყარაბაღში სურსათის, საწვავის და მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვია. აზერბაიჯანმა ყარაბაღელ სომხებს ალტერნატიული გზა შესთავაზა – აღდამიდან, ანუ იმ გზიდან, რომელიც მთიან ყარაბაღს საკუთრივ აზერბაიანის ტერიტორიასთან აკავშირებს, თუმცა მის გამოყენებაზე სომხები უარს აცხადებენ.

მთიანი ყარაბაღი, რომელიც ამჟამად მხოლოდ სომხებით არის დასახლებული და იურიდიულად (ფორმალურად) აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედის, სამი ათეული წლის განმავლობაში მომხდარი ორი სასტიკი ომის გამო ფაქტიურად „სისხლისგან არის დაცვლილი“. ბოლო ომის შედეგად, რომელიც 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მიმდინარეობდა, აზერბაიჯანმა უკან დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მდებარე ტერიტორიები, პირველი ომის დროს (1990-იანი წლების დასაწყისში) სომხების მიერ ოკუპირებული.

სავარაუდოდ, აზერბაიჯანის ამჟამინდელი შეტევა კვლავ გამოიწვევს ლტოლვილთა ნაკადს. არ არის გამორიცხული ისეთი სასტიკი ქმედებები, რომლებიც წინა ომების დროს იქნა გამოვლენილი. მართალია, ბაქომ უკვე გამოაცხადა, რომ გახსნა ლაჩინის დერეფანი „მშვიდობიანი სომხების თავისუფლად გადაადგილებისთვის“, მაგრამ მისი განცხადება უფრო ავბედითია, ვიდრე დამაიმედებელი.

როგორც ჰიქმეთ გაჯიევი ამბობს, სავარაუდოდ, შეტევის შედეგი ის იქნება, რომ ამჯერად მთიანი ყარაბაღი მთლიანად იქნება ინტეგრირებული აზერბიჯანის შემადგენლობაში. მაგრამ როგორ განხორციელდება ინტეგრაცია ისე, რომ რეგიონის 120 ათასი სომეხი ლტოლვილად არ გადაიქცეს, ეს ჯერ გაურკვევლია. ბაქო უარს აცხადებს მთიანი ყარაბაღისათვის რაიმე განსაკუთრებული ავტონომიური უფლების გადაცემაზე და იქაური სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. „ეს ტერიტორია იგივე უფლებით ისარგებლებს, როგორითაც სარგებლობენ აზერბაიჯანის სხვა ნაწილები“, – განმარტავს ჰიქმეთ გაჯიევი.

დასავლეთის ოფიციალური პირები დღემდე მხოლოდ მშვიდობის დაცვის მიზნით სტანდარტული მოწოდებებით კმაყოფილდებოდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად გასაკვირია და უცნაურია რუსეთის რეაქცია, რომელიც რეგიონში დიდი ხნის ისტორიული და პრაქტიკული გავლენა აქვს. როგორც ითვლებოდა, 2020 წლის ომის შემდეგ მთიან ყარაბაღში განლაგებული რუსი მშვიდობისმყოფლები თავიდან აიცილებდნენ კონფლიქტის გამეორებას, მაგრამ ასე არ მოხდა. „რუსული სამშვიდობო ძალები არაფერს არ აკეთებენ“, – ამბობს რუბენ ვარდანიანი, ყოფილი ყარაბაღელი ჩინოვნიკი, – ისინი მოვლენებს შორიდან უყურებენ და ომის საქმეში არ ერევიან“.

2020 წლის ომის შემდეგ სომხეთი რეგულარულად აკრიტიკებდა უმოქმედობის გამო რუსეთს, რომელთანაც ერევანს თავდაცვითი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ამჯერად სომხეთმა თვითონ გადაწყვიტა, რომ დასავლეთს დაახლოვებოდა და ერთობლივი სამხედრო წრთვნები ჩაეტარებინა აშშ-სთან ერთად. ანტირუსულ ნაბიჯად იქნა აღიარებული კრემლის მიერ ისიც, რომ სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის ცოლი ანა აკოფიანი კიევში გაემგზავრა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლს ელენა ზელენსკაის შეხვდა და ჰუმანიტარულ დახმარებას შეპირდა. კრემლი გააღიზიანა სომხეთის იმ მოქმედებამ, რომელიც  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებაში გამოიხატა. როგორც ცნობილია, სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დასაპატიმრებლად ორდერი აქვს გაცემული და გამოდის, რომ თუ იგი სომხეთს ეწვევა, სომხეთის ხელისუფლებამ „მოკავშირე ქვეყნის“ ლიდერი უნდა დააკავოს.

როგორც ჩანს, ამ ყველაფრის შემდეგ, რუსმა დიქტატორმა, გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, სომხეთის დასჯა გადაწყვიტა. „რუსებმა აზერბაიჯანელბს მწვანე შუქი აუნთეს მთიან ყარაბაღში მოქმედებისათვის, – თვლის თომას დე ვაალი, ამერიკული კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი, – და სომხეთის დესტაბილიზებისათვის“.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს სომხეთის მოსახლეობის 80% რუსებს მეგობრად თვლიდა, თუმცა ამასწინანდელი გამოკითხვის შედეგად, ეს ციფრი 35%-მდე შემცირდა, 19 სექტემბერს კი ერევნის ცენტრალურ ქუჩებში ხალხმა გაიარა შეძახილებით – „რუსეთი ჩვენი მტერია“.

წყარო