“აშშ-სა და ბრიტანეთის სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელთა განცხადებით, მსოფლიო წესრიგი ისეთი უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, რომელიც ცივი ომის შემდეგ კაცობრიობას არ უნახავს”-BBC
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC) აქვეყნებს სტატიას სათაურით: “აშშ-სა და ბრიტანეთის სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელთა განცხადებით, მსოფლიო წესრიგი ისეთი უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, რომელიც ცივი ომის შემდეგ კაცობრიობას არ უნახავს” (ავტორი – გორდონ კორერა).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
მსოფლიო წესრიგი „ისეთი საფრთხის ქვეშაა, რომელიც კაცობრიობას ცივი ომის შემდგომ არ უნახავს“, – დარწმუნებულები არიან ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის MI-6-ის ხელმძღვანელი რიჩარდ მური და მისი ოკეანის იქითა კოლეგა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი.
ორივე მთავარი მზვერავის თქმით, ლონდონი და ვაშინგტონი აქტიურად თანამშრომლობენ, რათა ერთიანი ფრონტით წინ აღუდგნენ რუსეთის აგრესიულ მცდელობასა და ვლადიმერ პუტინის მტაცებლურ ომს უკრაინაში“.
მათი ერთობლივი სტატია გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ გამოქვეყნდა: მსგავსი ფაქტი, რომ გაზეთში მსოფლიოს ორი უდიდესი სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელის პუბლიკაცია დაბეჭდილიყოს, დღემდე არასოდეს არ მომხდარა. ავტორები წერენ, რომ მათ წინასწარ გაითვალისწინეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მოახლოება და მსოფლიოს თანამეგობრობა გააფრთხილეს, რომ კიევისათვის დახმარება გაეწიათ.
ატლანტის ოკეანის ორივე მხარის – აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო უწყებები – CIA და MI-6 ერთად უპირისპირდებიან რუსეთის გაუაზრებელ დივერსიულ კამპანიას ევროპაში და იმავდროულად ცდილობენ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის სიმწვავის შესუსტებას, ებრძვიან ტერორს, რათა არ დაუშვან „ისლამური სახელმწიფოს“ გამეორება, – ნათქვამია სტატიაში.
„არანაირი ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ თანამედროვე საერთაშორისო მსოფლიო წესრიგი დაბალანსებული სისტემას წარმოადგენს, რომელმაც ჩვენი პლანეტა მეტ-ნაკლები მშვიდობითა და სტაბილურობით უზრუნველყო, პარალელურად კი აამაღლა ცხოვრების დონე, ახალი შესაძლებლობები გააჩინა და აყვავებისათვის საფუძველი შექმნა… მაგრამ ამჟამად ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშაა – თანაც ისეთის, რომელიც კაცობრიობას ცივი ომის შემდგომ არ უნახავს’, – დარწმუნებულნი არიან სტატიის ავტორები.
უილიამ ბერნისა და რიჩარდ მურის მტკიცებით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობები არსებობს და მათი აზრით, ასეთი დამოკიდებულების საფუძველს „საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა წარმოადგენს“.
ერთ-ერთი ასეთი საფრთხეა „მუქარების უპრეცედენტო კომბინაცია“, რომელიც ორივე ქვეყნის – აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წინაშე დგას – რუსეთ-უკრაინის ომი.
შაბათს ორივე ქვეყნის პოლიტიკური დაზვერვის უწყებების ხელმძღვანელები ერთად გამოვიდნენ საზოგადოების წინაშე გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც გაზეთმა „ფაინეშელ თაიმსმა“ (FT Weekend) მოაწყო ლონდონის კენვუდ-ჰაუსში.
მონაწილეების ვინაობა ბოლო მომენტამდე უცნობი იყო და ის მხოლოდ უკანასკნელ წუთს გახდა ცნობილი, როცა ორივე – უილიამ ბერნსი და რიჩარდ მური სცენაზე გამოვიდნენ თავისუფლად, ჰალსტუხების გარეშე.
უილიამ ბერნსმა უკრაინის ჯარების ამასწინანდელ შეჭრას რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე „მნიშვნელოვანი ტაქტიკური წარმატება“ უწოდა, მაგრამ დაამატა, რომ ვერავითარ ნიშანს ვერ ხედავს, რომ კიევის ამ ოპერაციით ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება შესუსტდა
უკრაინაში გაისმის მოწოდებები დასავლეთის გასაგონად, რომ კიევს მეტი იარაღი მიაწოდონ და გააუქმონ შეზღუდვა მის გამოყენებაზე რუსეთის სიღრმეში. დასავლეთის ქვეყნები ამ შეზღუდვას იმით ამართლებს, რომ ვაითუ კრემლმა მძაფრი რეაქცია გამოავლინოს და ბირთვული იარაღი გამოიყენოსო. მაგრამ ორივე სპეცსამსახურის ხელმძღვანელები დათანხმდა იმაზე, რომ უკრაინისადმი დახმარება ამის გამო არ უნდა შეჩერდეს.
„არავინ არ უნდა მიუდგეს მსუბუქად და უყურადღებოდ ესკალაციის რისკებს“, – განაცხადა უილიამ ბერნსმა. იგი შეხვედრის მონაწილეებს მოუყვა, რომ 2022 წლის დასასრულს იყო მომენტი, როცა რეალური რისკი არსებობდა – ბრძოლის ველზე რიგი წარუმატებლობის გამო – შეიძლებოდა რუსეთს ბირთვული იარაღი გამოეყენებინა. თავის მხრივ, CIA-ს დირექტორი ანკარაში თავის რუს კოლეგას შეხვდა და რუსეთის ოფიციალურ პირებს მისი გამოყენების შედეგები შეახსენა.
„მე არასოდეს არ ვთვლიდი – და ეს ჩემი უწყების საერთო აზრია – რომ ჩვენ ამის გამო უნდა შევშინდეთ. ვლადიმერ პუტინს მუქარები უყვარს და დროდადრო იარაღს აჟღარუნებს ხოლმე“, – აღნიშნა აშშ-ის მთავარმა მზვერავმა.
თხოვნაზე – კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ევროპაში საიდუმლო დივერსიული ოპერაციების ჩატარებისათვის – რიჩარდ მურმა აღნიშნა, რომ „რუსული სპეცსამსახურები გაველურდნენ და მიზნის მისაღწევად ხშირად სისხლის სამართლის დამნაშავეებს იყენებენ“.
თავიანთ სტატიაში უილიამ ბერნსი და რიჩარდ მური ხაზს უსვამენ, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერის საკითხში „ახლა ისე როგორც არასდროს, დასავლეთი არჩეული კურსის ერთგული უნდა იყოს“. ორივე დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინი წარმატებას ვერ მიაღწევს. მათი აზრით, „უკრაინის ომმა აჩვენა, რომ თანამედროვე სამხედრო კონფლიქტები ძალიან არიან დამოკიდებული უახლეს ტექნოლოგიებზე, რაც იმას მიანიშნებს, რომ აუცილებელია ადაპტირება, ექსპერიმენტების ჩატარება და ინოვაციების დანერგვა“.
„უკრაინის გარდა, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ იმ დივერსიული კამპანიის ასალაგმავად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ევროპაში – დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელების სახით. კრემლი ცდილობს ჩვენ შორის უთანხმოება ჩამოაგდოს, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს“.
ორივე ქვეყნის დაზვერვის უწყებების ხელმძღვანელები თვლიან, რომ საუკუნის მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევას ჩინეთის გაძლიერება წარმოადგენს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ორივე სპეცსამსახურის რეორგანიზება ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით მოხდა.
უილიამ ბერნსმა და რიჩარდ მურმა საზოგადოებას ასევე აუწყეს, რომ მუდმივად არწმუნებენ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მხარეებს – ისრაელს და „ჰამასს“, რომ თავი შეიკავონ და კონფლიქტის დეესკალაცია განახორციელონ. CIA და MI-6-ც დაუღალავად ცდილობენ ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების დაბრუნებას.
უილიამ ბერნსმა, რომელიც ცენტრალურ როლს ასრულებს ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებაში, „ფაინენშელ თაიმსში“ გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შეიძლება უახლოეს დღეებშიც დაიდოს. „საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური ნების გამოვლენის საკითხს წარმოადგენს“, – ხაზი გაუსვა მან იმედი გამოხატა, რომ ორივე მხარის ლიდერები გარიგებაზე დათანხმდებიან.
გასული წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 1200 ადამიანი დაიღუპა, 251 კი მძევლად იქნა აყვანილი. მას შემდეგ 11 თვე გავიდა, ყველა მძევალი კი დღემდე გათავისუფლებული არ არის, ზოგიერთი კი უკვე გარდაცვლილია.
ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყების (რომელსაც „ჰამასი“ აკონტროლებს) მონაცემებით, გასული წლის ოქტომბერში ისრაელის მიერ დაწყებული ომის შედეგად უკვე 40 ათასი ადამიანი დაიღუპა.
მოამზადა სიმონ კილაძემ