“აშშ-ის საელჩოდან მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ლობირებაში ჩართული არავინ ყოფილა, წერტილი” – კელი დეგნანი
თბილისში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან არავინ ყოფილა ჩართული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, საელჩო ნახსენები იყო დოკუმენტებში, რადგან თანამშრომელმა უპასუხა ლობისტური კომპანიის ზარს.
კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებთან დაკავშირებით, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე.
„ჩვენ მკაფიოდ ვისაუბრეთ ამ საკითხზე. აქ არაფერია ორაზროვანი. არავინ თბილისში მდებარე აშშ-ის საელჩოდან არ ყოფილა ჩართული პრეზიდენტ სააკაშვილის ლობირებაში. საელჩო ნახსენები იყო დოკუმენტებში, რადგან ჩვენმა თანამშრომელმა უპასუხა ლობისტური კომპანიის ზარს. ტელეფონის ზარზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს რამის გაკეთებაზე თანხმობას. ეს ნიშნავს მხოლოდ სატელეფონო ზარზე პასუხს. ჩვენ ძალიან, ძალიან მკაფიოდ ვთქვით: არავინ თბილისში მდებარე საელჩოში არ ყოფილა ჩართული პრეზიდენტ სააკაშვილის ლობირებაში“, – განაცხადა დეგნანმა.