1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ უკრაინელები შიშობენ, რომ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდება”-Le Figaro
“აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ უკრაინელები შიშობენ, რომ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდება”-Le Figaro

“აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ უკრაინელები შიშობენ, რომ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდება”-Le Figaro

500
0

ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგარო“-ში (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ უკრაინელები შიშობენ, რომ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდება” (ავტორი – სტანისლას პუაიე).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ უკრაინა გაურკვევლობაში იძირება. კიევში, ისევე როგორც ფრონტზე, უკრაინელები დაუფარავად აღიარებენ თავიანთ შიშს იმ ფონზე, როცა ამერიკის სათავეში მმართველობის სადავეებს არაპროგნოზირებადი ადამიანი იღებს. „დონალდ ტრამპი მუდმივად იმეორებს, რომ უკრაინისადმი დახმარების გაწევა ამერიკელებს ძალიან ძვირი უჯდებათ. და თუ ხვალ იგი დახმარების შემცირებას გადაწყვეტს, ყველაფერი უბრალოდ დასრულდება – ჩვენ [რუსების შემოტევას] დიდხანს ვერ გავუძლებთ“, – ამბობს სატელეფონო საუბრის დროს კაპიტანი ვადიმი (გვარის დასახელების გარეშე), რომელიც ამჟამად პოკროვსკში, დონბასში იმყოფება.

„უკრაინელებს ეშინიათ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი აიძულებს უკრაინას რუსეთთან შეთანხმება გააფორმოს და დათმობებზე დათანხმდეს, განსაკუთრებით ტერიტორიულ საკითხში, მაგრამ უკრაინელები მზად არ არიან ამგვარი პირობების მიღებაზე“, – განმარტავს ოქსანა კოვალენკო, პოლიტიკური ანალიტიკოსი.

დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ მას განზრახული აქვს ამერიკის დახმარება დაუკავშიროს უკრაინის თანხმობას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მიზნით.

„დონალდ ტრამპმა სამხედრო დახმარება რომც არ შეამციროს, მაინც ცუდია, როცა ასეთი არაპროგნოზირებადი მოკავშირე გყავს. საბრძოლო მოქმედებისათვის საკვანძო მომენტად დაგეგმვა ითვლება, მაგრამ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დაგეგმვის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს“, – ხაზს უსვამს კაპიტანი ვადიმი.

დადგა რა ამერიკის დახმარების შეწყვეტის რისკის წინაშე, უკრაინა აცნობიერებს, რომ მას ძალისხმევის გაორმაგება მოუწევს ევროპელი მოკავშირეების დასარწმუნებლად – შეავსონ ის სიცარიელე, რომელსაც, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დატოვებს.
„უახლოეს წლებში უკრაინას, უპირველეს ყოვლისა, ევროპის იმედად ყოფნა მოუწევს. შესაბამისად, იგი ბრიუსელისაკენ უნდა შებრუნდეს. იმიტომ, რომ ჩვენ და ევროპას ერთნაირი რისკები გვაქვს, თანაც ევროპა უკრაინის უსაფრთხოებით მოგებული დარჩება“, – თვლის ანტონ გერაშჩენკო, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მრჩეველი.

უკრაინელები დაიღალნენ ევროკავშირის უუნარობით რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოსვლის საკითხში. დასამალი არაა, რომ უკრაინაში ამგვარი განწყობა ფართოდაა გავრცელებული.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: