1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “აშშ-ის მიერ გამოყოფილი 61 მილიარდი დოლარი უკრაინას მხოლოდ სულს მოათქმევინებს, გამარჯვებისთვის კი საკმარისი არ იქნება”-The Economist
“აშშ-ის მიერ გამოყოფილი 61 მილიარდი დოლარი უკრაინას მხოლოდ სულს მოათქმევინებს, გამარჯვებისთვის კი საკმარისი არ იქნება”-The Economist

“აშშ-ის მიერ გამოყოფილი 61 მილიარდი დოლარი უკრაინას მხოლოდ სულს მოათქმევინებს, გამარჯვებისთვის კი საკმარისი არ იქნება”-The Economist

411
0

„აშშ-ის დახმარების მიუხედავად, უკრაინას მოუწევს რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების დაბრუნებაზე უარი თქვას“, – ნათქვამია ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით “აშშ-ის მიერ გამოყოფილი 61 მილიარდი დოლარი უკრაინას მხოლოდ სულს მოათქმევინებს, გამარჯვებისთვის კი საკმარისი არ იქნება. წინ ბევრი პრობლემა მოჩანს“.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

ვაშინგტონში, როგორც ჩანს, სულ მალე ძალიან მწვავე ბრძოლები დაიწყება, რომლებიც სამომავლოდ ბევრ პრობლემას შექმნის.

დასახრჩობად განწირული ადამიანისათვის მაშველი რგოლის გადაგდება ყველაზე გადაუდებელი პრობლემის გადაჭრას ნიშნავს, მაგრამ თუ იგი ნაპირიდან შორს არის და თან წყალი ძალიან ცივია, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება – დაახლოებით ასეთი შთაბეჭდილება იქმნება 24 აპრილის შემდეგ, როცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინისათვის დიდი ხნის ნანატრ კანონპროექტს.

კიევი მიიღებს სამხედრო-ფინანსურ დახმარებას, რომელიც მას რუსეთის შეტევის მოგერიებაში დაეხმარება. მთლიანობაში, თანხა 98 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს, რომლიდანაც ყველაზე მეტი დახმარება – 61 მილიარდამდე – უკრაინისთვის არის განკუთვნილი, დანარჩენი 37 მილიარდი კი – ტაივანისა და ისრაელისთვის.

კონგრესს რომ დახმარება არ დაემტკიცებინა, უკრაინა უარეს მდგომარეობაში ჩავარდებოდა – კიევს კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების დატოვება მოუწევდა, ახლა კი ამერიკელი (და ევროპელი მოკავშირეებისაგან) მიღებული ფულით და იარაღით უკრაინას ბრძოლის გაგრძელება (ტივტივი) შეუძლია, მაგრამ უსაფრთხოების უზრუნველყოფამდე ჯერ შორს არის.

კარგი ახალი ამბავი უკრაინისათვის იმაში გამოიხატება, რომ დახმარების სასიკეთო ეფექტს ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი მებრძოლები მალე იგრძნობენ. კიევმა ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე დაიწყო საბრძოლო მასალების ძიება, სიტუაცია კი თანდათან უარესდებოდა. სულ ბოლოს ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ გასროლილ ხუთ (და ხშირად უფრო მეტ) ჭურვს მხოლოდ ერთით პასუხობდა და ხშირად ისიც არ ჰქონდა. ახლა კი ეს მწვავე დეფიციტი შერბილდება – ამერიკული საბრძოლო მასალები მეზობელ პოლონეთის სამხედრო ბაზებზეა დაგროვილი და უკრაინა მათ სწრაფად მიიღებს. რაც შეეხება დრონებს და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის რაკეტებს, მათი მიწოდებისათვის ცოტა მეტი დრო იქნება საჭირო, მაგრამ საბოლოო ჯამში რუსეთი უკრაინის ცაში თავის ბატონობას დაკარგავს, განსაკუთრებით საომარი მოქმედებების წინა ხაზზე და ფრონტისპირა ზონაში.

მაგრამ სასიხარულო ახალი ამბით გამოწვეული ეიფორიას რიგი გამომაფხიზლებელი ფაქტორები ჩრდილავს.

პირველი – რასაკვირველია, დახმარების პაკეტი უკრაინის თავდაცვისუნარიანობას განამტკიცებს, მაგრამ ის მაინც არასაკმარისია იმ მიწების დასაბრუნებლად, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 18%-ს მოიცავს. შარშანდელი ძალზე წარუმატებელი კონტრშეტევა უკრაინას ძალიან ძვირად დაჯდა – ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგების სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიის დაბრუნება ძალიან რთული საქმეა. კოსმოსური თანამგზავრებისა და დრონების ფართო გამოყენებამ ბრძოლის ველი ძალიან გამჭვირვალე გახადა – უფრო იოლი გახდა დაზვერვა, რეკოგნოსცირება და მოწინააღმდეგის გადაადგილების მიმართულებების გაგება. დღეისათვის უკრაინისათვის ყველაზე ოპტიმალური პერსპექტივა იქნება ამჟამინდელი პატური სიტუაციის შენარჩუნება.

მეორე – სამომავლოდ კონგრესში, როცა ისევ დადგება უკრაინის დახმარების საკითხი, ისეთი მდგომარეობა შეიქმნება, რომელიც ძალიან დიდ ბატალიებს მოასწავებს. ახლანდელი 61 მილიარდ დოლარი კიევისათვის არასაკმარისია. თუ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი იქნება არჩეული, სამომავლო დახმარებას საფრთხე შეექმნება, ხოლო თუ ჯო ბაიდენი დარჩება, მასაც დიდი ჯაფა მოუწევს დახმარების პრობლემის მოგვარებისათვის 2025 წელს და არანაირი გარანტია არ არის, რომ მისი ძალისხმევა პოზიტიური შედეგით დასრულდება. ანუ, შეიძლება 61 მილიარდიანი პაკეტი უკრაინისათვის უკანასკნელი აღმოჩნდეს.

აი, რატომ უყურებენ დასავლელი ლიდერები აშშ-ის დახმარებას როგორც დროებით სულმოსათქმელს. არის დიდი ალბათობა, რომ ომი კიდევ რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება. მას შემდეგ, რაც 2022 წლის ნოემბერში უკრაინის არმიამ რუსები დნეპრის მარცხენა ნაპირისაკენ შეავიწროვა, ფრონტის ხაზი თითქმის აღარ შეცვლილა, თუმცა მხარეებმა კოლოსალური ადამიანური დანაკარგები განიცადეს. უკრაინის მოკავშირეებს შეუძლიათ კიევს რამდენჯერაც სურთ იმდენჯერ მოუწოდონ – ტერიტორიები დათმეთ და სამაგიეროდ უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებთო, მაგრამ ძნელია იმის გაგება, თუ როგორი შინაარსის ხელშეკრულება დააკმაყოფილებს ორივე მხარეს – უკრაინასაც და რუსეთსაც.

დასავლეთს სწორი მიზანი აქვს: სტაბილური, დაცული და აყვავებული უკრაინის არსებობა, სამართლიანი საზღვრების ფარგლებში და ნატო-ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი. ვაშინგტონში მიმდინარე წინააღმდეგობრივი პოლიტიკური ბატალიები, თანაც საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე იმას მიუთითებენ, რომ სამომავლოდ უკრაინის „კმაყოფაზე აყვანა“ და მის მიმართ მეურვეობა ევროკავშირს მოუწევს. ამისათვის აუცილებელია უფრო მსხვილი სამხედრო მრეწველობის არსებობა, ვიდრე დღეს აქვს ევროპას.

დიახ, ბოლო დროს ევროპა ლიდერი გახდა ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში, მაგრამ რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ამ სფეროში ევროპა და აშშ-ის მიერ შეტანილი წვლილი თითქმის ერთნაირია.

კონგრესის მიერ მიღებული დახმარება ევროპელებს იმის დროს აძლევს, რომ დაფიქრდნენ და განსაზღვრონ, თუ რით შეიძლება დაეხმარონ კიევს რუსეთთან ომში გასამარჯვებლად… მაგრამ ამოცანების მასშტაბები ისეთია, რომ სამუშაო გადაუდებელ მოქმედებას ითხოვს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: