
აშშ-ის დაზვერვის ადრეული შეფასებით, ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაანადგურა – CNN
ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის სამხედრო დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაანადგურა და, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე თვით უკან დახია იგი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადრეული შეფასება თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ის ეფუძნება ბრძოლის შემდგომ ზარალის შეფასებას, რომელიც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ამერიკული დარტყმების შემდეგ განახორციელა.
ობიექტებისთვის მიყენებული ზიანის ანალიზი და დარტყმების გავლენა ირანის ბირთვულ ამბიციებზე კვლავ მიმდინარეობს და შესაძლოა შეიცვალოს, როდესაც ახალი სადაზვერვო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება. თუმცა, ადრეული დასკვნები ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არაერთ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დარტყმებმა ირანის ბირთვული გამდიდრების ობიექტები „სრულიად გაანადგურა“. თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმაც კვირას განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ამბიციები „განადგურებულია“.
ორი ინფორმირებული წყაროს თქმით, ირანის გამდიდრებული ურანის მარაგი არ განადგურებულა. ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ცენტრიფუგები დიდწილად „ხელუხლებელია“.
თეთრმა სახლმა აღიარა შეფასების არსებობა, თუმცა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მას.