აშშ ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს გმობს
ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსში ჩატარებულ „ფიქციურ“ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს გმობს – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„არჩევნები შიშის ატმოსფეროში ჩატარდა, ამ ვითარებაში ვერანაირი საარჩევნო პროცესი ვერ იქნება დემოკრატიული. რეჟიმს 1 400-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. ყველა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა დაკავებული ან ქვეყნიდან გაძევებულია. საზღვარგარეთ მყოფ ბელარუსებს ხმის მიცემა მხოლოდ მინსკში დაბრუნების შემთხვევაში ჰქონდათ, სადაც მათ სავარაუდოდ რეპრესიები ელოდებოდათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახდეპში ასევე აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთოს მისია არ დაუშვა, რამაც პროცესის გამჭვირვალობა შეზღუდა. ვაშინგტონმა ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს კვლავ მოუწოდა ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ და პოლიტიკურ ოპონენტებთან დიალოგის გახსნისკენ.
„ბელარუსი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, – აღნიშნავენ სახდეპში.
ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები ბელარუსში გუშინ ჩატარდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ლუკაშენკო 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთი ვადით იყრის კენჭს.