1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არსებობს თუ არა უკრაინის კრიზისიდან გამოსვლის გზა?”- რას წერს თურქული პრესა
“არსებობს თუ არა უკრაინის კრიზისიდან გამოსვლის გზა?”- რას წერს თურქული პრესა

“არსებობს თუ არა უკრაინის კრიზისიდან გამოსვლის გზა?”- რას წერს თურქული პრესა

283
0

თურქულ გაზეთ „ჰურიეთში“ (Hürriyet) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „არსებობს თუ არა უკრაინის კრიზისიდან გამოსვლის გზა?“ (ავტორი – ნიგიუნ გიუმეში).

„რუსეთ-უკრაინის ომი ევროკავშირისათვის გამოცდა გახდა. ყველა ლიდერს თავისი ინტერესები აქვს – ემანუელ მაკრონს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ოლაფ შოლცს… და ეს იმ დროს, როცა ამერიკამ უკრაინას დახმარება შეუწყვიტა. სამწუხაროდ, მშვიდობაზე არავინ ლაპარაკობს, თურქეთის გარდა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომში ესკალაციის ტენდენცია ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში მშვიდობის დამყარების პროგნოზირება რთულია, თუმცა მაინც შევეცადოთ გავარკვიოთ, თუ რამდენად შესაძლებელია საომარი მოქმედებების მშვიდობიანად დასრულება და საერთოდ, არის თუ არა გამოსავალი უკრაინის კრიზისიდან?

რას ელოდება კრემლი

როგორც ცნობილია, 16-17 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და მიღებული ხმების რაოდენობით (87,28% გაიმარჯვა ვლადიმერ პუტინმა. რა თქმა უნდა, მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვება, რომელსაც ჩუმი და შეუმჩნეველი მეტოქეები ჰყავდა, არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა. უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო ვლადიმერ პუტინის სიტყვებმა, რომლებიც მან გამარჯვების შემდეგ წარმოთქვა: „რუსეთი უკრაინის მიმართ სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრეა, მაგრამ არა იმიტომ, რომ კიევს საბრძოლო მასალები უმთავრდებაო“.

რას ნიშნავს რუსი ლიდერის სიტყვები? იმ დროს, როცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, ხოლო უკრაინის დახმარების საკითხი კონგრესშია „გაჭედილი“ და ადგილიდან არ იძვრის, ყველა ამჩნევს, რომ დონალდ ტრამპის აჩრდილი უკვე დიდ გავლენას ახდენს ამერიკულ პოლიტიკაზე მანამ, სანამ იგი, დიდი ალბათობით, თეთრ სახლში დაბრუნდება. ჰოდა, როცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ სწრაფად მოაგვარებს უკრაინის საკითხს, თან მისი მომხრე რესპუბლიკელები კიევისათვის იარაღის მიწოდებას აყოვნებენ, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის სიტყვები იმის მანიშნებლად უნდა მივიღოთ, რომ რუსული კრემლის ბინადარი ამერიკული თეთრის სახლის ბინადარის შეცვლას ელოდება, სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების იმედით.

რას ელოდება ევროპა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელსაც, რესპუბლიკელი კონგრესმენების გამო, არ შეუძლია სათანადო მრავალმილიარდიანი მასშტაბური დახმარების გაწევა უკრაინისათვის, გასულ კვირას განაცხადა, რომ გამონახა 300 მილიონი დოლარი საბრძოლო მასალებისათვის.
თუმცა ეს ფული ძალიან ცოტაა და ამ თანხით შეძენილი საბრძოლო მასალები კიევს მხოლოდ რამდენიმე კვირას თუ ეყოფა.

ევროპა ეძებს გზებს, თუ როგორ შეიძლება უკრაინის იარაღით უზრუნველყოფა, მაგრამ იმასაც ელოდება, რომ იქნებ ამერიკელმა რესპუბლიკელებმა უკრაინის დახმარების საკითხში თავიანთი ხისტი პოლიტიკა შეარბილონ. სხვათა შორის, ომი უფრო მეტად ევროპას ემუქრება, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს.

„მოკრივე“ მაკრონი

რუსეთ-უკრაინის ომი ევროკავშირის გამძლეობას ამოწმებს, რომელიც თავის დროზე მშვიდობიანი პროექტის სახით შეიქმნა, მაგრამ დღეს ალიანსში განხეთქილება შეინიშნება: საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც ადრე, სარგებლობდა რა ვლადიმერ პუტინთან ახლო დამოკიდებულებით, ცდილობდა „მშვიდობის მტრედის“ როლი შეესრულებინა, მაგრამ ბოლოს „ომის მსურველ ქორად“ გადაიქცა და თავისი ნამდვილი სახე აჩვენა, როცა უკრაინის დასახმარებლად დასავლური ჯარების გაგზავნის ვარაუდებზე დაიწყო ლაპარაკი. უფრო მეტიც – მან მოკრივის ხელთათმანები ჩაიცვა და სპეციალურად გადააღებინა ფოტოსურათი – სავარჯიშო „მსხალთან“ კუნთების დემონსტრირებით.

„რკინის ლედი“ ურსულა და ზეწოლის გამძლე ოლაფი

ევროკომისიის თავმჯდომარე (ევროკავშირის „პრემიერ-მინისტრი“) ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროლიდერებს სთავაზობს, რომ ევროპული სამხედრო მრეწველობა დამაჩქარებელი „ტურბოძრავით“ აღიჭურვოს.

რასაკვირველია, დღევანდელ მის განცხადებებში ბევრი რამ არის განპირობებული ევროპარლამენტის არჩევნებით, რომლის ჩატარება დაგეგმილია 2024 წლის ივნისში – „ევროპის რკინის ლედი“ ხომ ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევ კანდიდატს წარმოადგენს.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, „მტრედადყოფილ“ და აწ უკვე „ქორადქცეულ“ ემანუელ მაკრონთან შედარებით, უფრო თავშეკავებულია: მართალია, მასზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით უარს აცხადებს კიევისათვის „ტაურუსის“ მიწოდებაზე, თუმცა მხარს უჭერს ტანკებისა და სხვა იარაღის გადაცემას.

მოლაპარაკების ალბათობა

დასავლეთი მთლიანად არის დაკავებული იმით, რომ რაც შეიძლება მეტი იარაღი მისცეს უკრაინას. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ გავრცელებულია აზრი – თუ უკრაინა დამარცხდება და რუსეთი გაიმარჯვებს, მაშინ კრემლი ევროპის სხვა ქვეყნებსაც „დაერევა“.

თურქეთის გარდა, პრაქტიკულად არავინ არ ლაპარაკობს ომის მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობის დამყარებაზე. პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა , როცა არჩევნების გამარჯვების შემდეგ ვლადიმერ პუტინს დაურეკა და წარმატება მიულოცა, მან ისევ გამოხატა მზადყოფნა შეასრულოს ნებისმიერი საშუამავლო როლი მოლაპარაკების მაგიდაზე მხარეთა დასაბრუნებლად.

მოვლენების დღევანდელი მდგომარეობის ფონზე რუსეთ-უკრაინის ომი, როგორც ჩანს, კიდევ გაგრძელდება, მაგრამ იარაღის მიწოდების პარალელურად, აუცილებელია ვიმუშაოთ დარეგულირების ახალ ფორმულებზე, რომლებიც მშვიდობისაკენ გზამკვლევების ფუნქციას შეასრულებენ.

წყარო: