„არგუმენტები რუსეთთან მოლაპარაკების სასარგებლოდ“ – The New Yorker
ამერიკულ ჟურნალ „ნიუ-იორკერში“ (The New Yorker) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „არგუმენტები რუსეთთან მოლაპარაკების სასარგებლოდ“ (ავტორი – ქეით გესენი), რომელშიც სერიოზულად არის განხილული ის პოზიცია, რომელიც საკმაოდ არაპოპულარულია როგორც უკრაინის, ასევე ამერიკულ ისტებლიშმენტში: რა არის იმისთვის საჭირო, რომ როგორმე შეჩერდეს ომი რუსეთთან მოლაპარაკების გზით. ამ პოზიციის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მხარდამჭერს წარმოადგენს სემუელ ჩარაპი – აშშ-ის ანალიტიკური ცენტრის „რენდ კორპორეიშენის“ (Rand Corporation) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
სემუელ ჩარაპი, რომელიც ნიუ-იორკში, მანჰეტენზეა გაზრდილი, ჯერ კიდევ სკოლის უფროს კლასებში დაინტერესდა რუსული ლიტერატურით, შემდეგ კი, ამჰერსტის კოლეჯში სწავლისას, რუსეთის საგარეო პოლიტიკით. ოქსფორდის უნივერსიტეტში დისერტაციის მომზადებისას იგი რამდენჯერმე მოსკოვშიც იყო და კიევშიც. როცა 2009 წელს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო, სემუელ ჩარაპმა მუშაობა დაიწყო „ამერიკული პროგრესის ცენტრში“ – ვაშინგტონის ლიბერალურ ანალიტიკურ ორგანიზაციაში. იმ დროს ახალი დამთავრებული იყო რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომი, მაგრამ ამის მიუხედავად, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ახალი ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ კრემლთან ურთიერთობის „გადატვირთვას“ მოახდენდა და შეხების წერტილებს მოძებნიდა. სემუელ ჩარაპმა მხარი დაუჭირა თეთრი სახლის ამ ძალისხმევას და დაწერა სტატია, რომელშიც შეეცადა ჩამოეყალიბებინა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პროგრესული კურსი პოსტსაბჭოთა სივრცეში. მაგრამ რუსეთთან ურთიერთობაში დაძაბულობა მატულობდა.
მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასელი სეპარატისტებისადმი სამხედრო მხარდაჭერის შემდეგ, 2014 წელს, სემუელ ჩარაპმა ჰარვარდელ პოლიტოლოგთან ტიმოთი კოლტონთან ერთად დაწერა წიგნი სახელწოდებით „აგებს ყველა“, რომელშიც რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის წინა ისტორიაა განხილული. წიგნის ავტორების მტკიცებით, აშშ-მა და რუსეთმა თავისი ძალები უკრაინაში მოსინჯეს. რუსეთი, რა თქმა უნდა, აგრესორი იყო, მაგრამ მოაქცია რა უკრაინა ისეთ სიტუაციაში, რომ კიევი იძულებული ხდებოდა ან რუსეთი აერჩია, ან დასავლეთი, ამით კრემლმა ამერიკას და ევროპას ხელი შეუწყო კონფლიქტის გაღვივებაში. საბოლოოდ კი ყველამ წააგო.
სემუელ ჩარაპის დღევანდელ პოზიციას რუსეთის მიმართ ბევრი დასავლელი ექსპერტი და პოლიტიკოსი მოღალატურად თვლის. იგი რუსეთის გავლენის აგენტად მიაჩნიათ. სხვათა შორის, მის მიმართ „პრორუსულობის“ ბრალდებას ისიც აძლიერებს, რომ სემუელ ჩარაპი „ვალდაის კლუბის“ ფორუმებშიც ხშირად მონაწილეობდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება ხოლმე. რუსეთში ჩატარებულ ფორუმებზე იგი, სხვა ექსპერტებთან ერთად, ხშირად უსმენდა ვლადიმერ პუტინს, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე ლაპარაკობდა. „რუსეთუმეობის“ ბრალდებებზე სემუელ ჩარაპი პასუხობს, რომ „ვალდაის კლუბის“ ფორუმებში მონაწილეობა ერთადერთი შესაძლებლობა იყო ახლოს მისულიყო ვლადიმერ პუტინთან და გაეგო, თუ რა სურდა მას.
სემუელ ჩარაპმა კორექტულად იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოხდებოდა. იგი მხოლოდ იმაში შეცდა, რომ ფიქრობდა – შეჭრის შედეგად რუსეთი ელვისებურად მიაღწევდა თავის მიზნებს და აშშ-ის მიერ უკრაინისათვის მიწოდებული „ჯაველინები“ და „სტინგერები“ კიევს რიგ მომენტებში მაინც გამოადგებოდა.
სემუელ ჩარაპი მხარს არ უჭერს მოსკოვის მიერ ბოლო წლებში გადადგმულ ბევრ ნაბიჯს – მაგალითად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას 2016 წელს და, რა თქმა უნდა, უკრაინაზე თავდასხმას. ამასთან, იგი თვლის, რომ დასავლეთის ქვეყნების რეაქცია მცდარია: სემუელ ჩარაპი მიუთითებს, რომ სანქციების დაწესება სასარგებლოა მაშინ, როცა მისი მოხსნის შესაძლებლობაც არსებობს და როცა დარწმუნებული ხარ, რომ სანქციადადებული ქვეყანა თავის კურსს შეცვლის. მაგრამ აშშ-ის კანონები სანქციების შესახებ, რომლებიც 2017 წლის შემდეგ იქნა მიღებული, კონგრესმენების მიერ ისეა დაწერილი, რომ პრაქტიკულად ვერცერთი პრეზიდენტი მათ ვერ გააუქმებს.
ამჟამინდელ მდგომარეობას, როცა ომს ჯერ დასასრული არ უჩანს, სემუელ ჩარაპი კიდევ ერთ შეცდომად თვლის: ჯერ ერთი, რომ მისი აზრით, არცერთ მხარეს არ აქვს გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა. მეორე – „დიპლომატია უნდა განვასხვაოთ ძალოვანი ზეწოლისაგან. დიპლომატია ერთ-ერთი ინსტრუმენტია იმის მისაღწევად, რისიც ძალოვანი ზეწოლითაც შეიძლება“, – ამბობს სემუელ ჩარაპი და ამ მხრივ კორეის ომს იხსენებს: მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდას ჯერ კიდევ 1951 წლის ივლისში მიუსხდნენ, როცა ომს დასასრული არ უჩანდა. მართალია, დავა ჩრდილოეთსა და სამხრეთ კორეას შორის დღემდე არაა მოგვარებული, მაგრამ ცეცხლი შეწყდა, საომარი მოქმედებები დასრულდა და უკვე 70 წელია კორეის ნახევარკუნძულზე ნგრევა და სიკვდილი აღარ არის.
ბევრ დასავლელ ექსპერტს აქვს არგუმენტი, რომ აშშ-სა და ევროკავშირის უკრაინისადმი მხარდაჭერა რუსეთს სტრატეგიულად დაასუსტებს. სემუელ ჩარაპი თვლის, რომ ეს მიზანი – რუსეთის დასუსტება – უკვე მიღწეულია, რაც ომის დაწყების დროს განხორციელდა. ომის გაგრძელება დასუსტებას არაფერს აღარ ამატებს, მხოლოდ დამატებით პრობლემებს უქმნის იმათ, ვისაც ამის მიღწევა უნდოდა. „სუსტი რუსეთი, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ არა სრულიად იზოლირებული, მსოფლიოსაგან გარიყული, გაყინული რუსეთი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას დაემსგავსება“, – ციტირებს ავტორი სემუელ ჩარაპის პოზიციას.
რუსეთის მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი არგუმენტი იმაშია, რომ თუ ვლადიმერ პუტინის ტერიტორიული პრეტენზიები დაკმაყოფილდება, მაშინ კრემლი გადაწყვეტს, რომ მისი დამპყრობლური გეგმები მუშაობს და კიდევ რომელიმე ქვეყანას თავს დაესხმება. ამასთან დაკავშირებით, ბევრი ვლადიმერ პუტინს ადოლფ ჰიტლერს ადარებს, რაც, სემუელ ჩარაპის აზრით, სუსტი არგუმენტია და მტკიცედ დასაბუთებული არ არის. დიახ, კრიტიკოსები შეიძლება მართლები არიან, რომ რუსეთი ამბიციების მქონე სახელმწიფოა, მაგრამ ერთია ამბიციები, მეორეა – შესაძლებლობები. სემუელ ჩარაპის თვალსაზრისით, ვლადიმერ პუტინს ახალი დაპყრობების ძალა და შესაძლებლობა არ აქვს.
იგი არ თვლის, რომ ამერიკამ რუსეთთან მოლაპარაკება „ერთი-ერთზე“ უნდა აწარმოოს და უკრაინას „უნდა გადაახტეს“. პირიქით, სემუელ ჩარაპი დარწმუნებულია, რომ აშშ-მა წინასწარ მხოლოდ უკრაინასთან (ევროკავშირთან ერთად) უნდა შეათანხმოს პოზიცია და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება მოსკოვთან. ასეთი პოზიცია შეიძლება ტერიტორიულ დათმობების შესაძლებლობასაც გულისხმობდეს. „მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინამ რაღაც აუცილებლად უნდა დათმოს. უბრალოდ, შექმნილ სიტუაციაში სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ“, – ამბობს ამერიკელი მკვლევარი.
ბუნებრივია, ასეთი პოზიცია დღეს ძალზე არაპოპულარულია უკრაინულ საზოგადოებაში, რომელმაც კარგად იცის რუსული ოკუპაციის საშინელი რეალიები, მაგრამ სტატიის ავტორმა ქეით გესენმა მაინც მოძებნა და ესაუბრება ერთ-ერთ ყოფილ უკრაინელ ჩინოვნიკს, რომელიც იზიარებს სემუელ ჩარაპის კომპრომისულ პოზიციას და მას ანონიმურობის პირობებით ესაუბრება. ჩინოვნიკი თვლის, რომ უკრაინულ საზოგადოებაში ომის საწინააღმდეგო განწყობა მხოლოდ მაშინ გაჩნდება, როცა სიკვდილის საშინელებას აბსოლუტურად ყოველი ოჯახი იგრძნობს. „ჯერ-ჯერობით ასეთი სიტუაცია არ არის, მაგრამ საქმე ამისკენ მიდის“.
მიუხედავად იმისა, რომ თავისი „პრორუსული“ პოზიციის გამო სემუელ ჩარაპს საკმაოდ მწარედ აკრიტიკებენ და მის მიმართ დამცინავ ეპითეტებს არ იშურებენ, იგი ამბობს, რომ გააგრძელებს ძალისხმევას დასავლური პოლიტიკის შეცვლის მიზნით: „უკრაინის ომი თავისი სირთულის მიხედვით უმაღლესი კატეგორიის „ხანძარს“ მიეკუთვნება. მე ცეცხლმოდებული სახლის გვერდით მშვიდად ვერ გავივლი. იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ: ცეცხლს დროზე თუ არ ჩააქრობ, ყველაფერი ბევრად უარესად იქნება“, – ასე აყალიბებს თავის პოზიციას სემეელ ჩარაპი.