
“არავითარი სამშვიდობო გეგმა არ არის მაგიდაზე”- მარკ რუტე
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის სამშვიდობო გეგმა წარუდგინა.
აღნიშნულის შესახებ რუტემ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაუზუსტებელი იყო.
„არავითარი სამშვიდობო გეგმა არ არის მაგიდაზე. თუ სამშვიდობო გეგმა არსებობს, ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ კვირას თქვა: „გაჩერდით სადაც ხართ, შეწყვიტეთ ბრძოლა””, – აღნიშნა რუტემ.
ამასთან, როგორც რუტემ აღნიშნა, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთზე მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს.
„ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ შევცვალოთ პუტინის გათვლები და მას მივაწოდოთ, რომ ტრამპის ხედვა – ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და საბრძოლო მოქმედებების გაყინვის შესახებ იქ, სადაც ახლა მხარეები არიან – უნდა იყოს პირველი ნაბიჯი”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, მარკ რუტემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.