1. Home
  2. TOP სიახლე
  3. არახამიას მანამდე არაფერი ეტკინოს, ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება – ნიკოლოზ სამხარაძე
არახამიას მანამდე არაფერი ეტკინოს, ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება – ნიკოლოზ სამხარაძე

არახამიას მანამდე არაფერი ეტკინოს, ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება – ნიკოლოზ სამხარაძე

670
0

დავით არახამიას ფსევდოპატრიოტობასთან დაკავშირებით განცხადება არაერთხელ გვაქვს გაკეთებული, ასევე მის დაუსაბუთებელ განცხადებებზე, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ზოგიერთი ადამიანი საქართველოს იმიჯს მიზანმიმართულად აზიანებს. ამ განცხადებით სამხარაძე გამოეხმაურა დავით არახამიას, რომელმაც თქვა: „ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც“.

„ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველანაირი დასაბუთებისა და მტკიცებულების გარეშე ამბობდნენ, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაგრამ ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანეს და ცდილობდნენ, საქართველოს იმიჯი მიზანმიმართულად დაეზიანებინათ, თუმცა ახლა იმის გამო აღშფოთდნენ, რომ თურმე რაღაც ფაქტები გაჩნდა ალბანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში იარაღის გაყიდვაზე, რაც არის ორმაგი სტანდარტი.

უკრაინის ხელისუფლებაში არიან გარკვეული ადამიანები, ვინც საქართველოს იმიჯს მიზანმიმართულად აზიანებენ. ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს. დავით არახამიას ინტერესი აქვს, დააზიანოს ქართული ხელისუფლება და სახელმწიფო, მაგრამ ეს ინტერესი ვისგან მოდის, არ ვიცი და შეიძლება, ბევრი სპეკულაცია იყოს – ეს არის „ნაციონალური მოძრაობისგან“, რუსეთისგან თუ სხვა დაინტერესებული ძალებისგან. ამის განხილვაში ვერ შევალ, თუმცა ფაქტია, რომ კვირა არ გავა ისე, ამ ადამიანმა საქართველო მიზანმიმართულად არ დააზიანოს. არ ვიცი, ეს ყველაფერი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებს თუ რუსეთისას, რადგან სხვა ქვეყანა არ ვიცი, რომელსაც მოცემულ მომენტში საქართველოს იმიჯის დაზიანება უნდა. ძალიან კარგად ვიცით მისი ახლო კავშირების შესახებ მიხეილ სააკაშვილთან. ეს ახალი არ არის. მისი პარტიის წევრიც იყო უკრაინაში. რა თქმა უნდა, შიდა ფაქტორი სახეზეა და შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ არახამიას განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაა. ამის მიღმა რა კავშირები შეიძლება, ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან, ეს არის დიდი ეჭვის საგანი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.