1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ანტიდასავლურობა არის საზოგადოებისთვის სიმართლის დამალვა”- სოზარ სუბარი
“ანტიდასავლურობა არის საზოგადოებისთვის სიმართლის დამალვა”- სოზარ სუბარი

“ანტიდასავლურობა არის საზოგადოებისთვის სიმართლის დამალვა”- სოზარ სუბარი

332
0

ანტიდასავლურობა არის საზოგადოებისთვის სიმართლის დამალვა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ადამიანებისთვის იარლიყების მიწებება და საკუთარი ქვეყნი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

სოზარ სუბარის თქმით, „ხალხის ძალის“ მიზანია არა მხოლოდ ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს მეტი სიმართლე, არამედ საქართველომ, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები.

 

„ნებისმიერ ჩვენს განცხადებაზე, რომელსაც ვამბობთ და ვავრცელებთ, ჩვენგან პასუხად გვესმის არა დასაბუთებული კრიტიკა, რომელ პუნქტს არ ეთანხმებიან, ან რომელ პუნქტში არ ვამბობთ სიმართლეს, არამედ ძალიან ზოგადი განცხადებები ანტიდასავლურობაზე და ა.შ. რატომ ვერ გვედავებიან კონკრეტულ პუნქტებში, იმიტომ, რომ ამ კონკრეტულ პუნქტებში არის ჩადებული აბსოლუტური სიმართლე და ეს იცის ყველამ ძალიან კარგად. ამიტომაც არის, რომ როცა ვსვამთ კითხვებს, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვიღებთ პასუხებს და ბოლოს როცა იძულებული ხდებიან, ვიღებთ პასუხებს, ოღონდ არა დასაბუთებულს და დამაჯერებელს. ანტიდასავლურობა არის საზოგადოებისთვის სიმართლის დამალვა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ადამიანებისთვის იარლიყების მიწებება და საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება.

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს მეტი სიმართლე, რადგან როცა საზოგადოებამ იცის სიმართლე, მას ვერავინ აიძულებს, გადადგას არასწორი ნაბიჯი, არამედ ჩვენი ამოცანაა, საქართველომ, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილებები თვითონ, ხალხის ნებით და ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებებმა. ის, რისთვისაც ვიბრძოდით, როცა ვიდექით ქუჩაში 1980-იანი წლების ბოლოს, როცა ვითხოვდით საქართველოს დამოუკიდებლობას, ეს იყო, რომ საქართველო ყოფილიყო სუვერენული სახელმწიფო, რომელიც თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებებს და არა ის, რომ ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ნაცვლად, სხვამ გვიკარნახოს, რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ.

როდესაც საქართველოს აქვს გაცხადებული და კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ ჩვენი მიზანია, გავხდეთ ევროკავშირის და ევროატლანტიკური სივრცის წევრები, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო, ისევე როგორც ევროკავშირის შემადგენელი წევრი სახელმწიფოები, თმობს ნებაყოფლობით სუვერენობის გარკვეულ ნაწილს, გარკვეულ ნაწილს თმობს, რადგან როცა ევროკავშირის წევრი ხდები, გადაწყვეტილებების გარკვეული ნაწილი მიიღება ევროკავშირის დონეზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად უარი თქვას სახელმწიფომ ყველა გადაწყვეტილების მიღებაზე, ვთქვათ, რომელიმე ელჩმა უკარნახოს საქართველოს, რომელი კანონი მიიღოს, რომელი არ მიიღოს, სარჩევნო ბარიერი რამდენი პროცენტი იყოს, ომში როდის ჩავერთოთ და როდის არ ჩავერთოთ.

ეს არის მიუღებელი, წინააღმდეგი იმ ღირებულებების, რისთვისაც ვიბრძოდით, როცა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ვიდექით ქუჩაში, გვინდოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები. გნებავთ, ილია ჭავჭავაძე, გნებავთ მიხეილ ჯავახიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, გნებავთ დიდი მეფეები, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და ასეთი ბრძოლა გამოუცხადეს დღეს სამშობლოს არმოყვარულმა და მართლა უსამშობლო ადამიანებმა, რომლებიც მოღალატეებად გვიცხადებენ დღეს მეფე ერეკლეს და უამრავ სხვას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.