
ანი წითლიძე – მშვიდად და ნარნარად დაემხობა ეს რეჟიმი, „ვარდების რევოლუცია“ იყო მშვიდობიანი ხალხის რევოლუცია, ზუსტად ასეთი იქნება 4 ოქტომბერს
მშვიდად და ნარნარად დაემხობა ეს რეჟიმი, ვარდების რევოლუცია იყო მშვიდობიანი ხალხის რევოლუცია, ზუსტად ასეთი იქნება 4 ოქტომბერს, მშვიდობიანი ქართველი ხალხის რევოლუცია, – ამის შესახებ პარტია „ერთიანობა–ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანი წითლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ანი წითლიძის თქმით, ერთადერთი, რაც ქვეყანაში ცვლილებებს მოიტანს, 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციაა.
„4 ოქტომბრის ორგანიზატორები არიან პაატა ბურჭულაძე და „რუსთაველის გამზირი“. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება 4 ოქტომბერს ამ ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას. მე ჩართული ვარ და ჩავერთვები ნებისმიერ ინიციატივაში, რომელიც რუსული რეჟიმის დამხობაში მიიღებს მონაწილეობას. მე გეგმას ნამდვილად ვერ გეტყვით, გეტყვით, რომ 4 ოქტომბერი არის 70 პროცენტით შემდგარი ფაქტი. ის 30 პროცენტი, რაც საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან ბრძოლას გულისხმობს რეჟიმის დასამხობად 4 ოქტომბერს, აი, მშვიდად და ნარნარად რომ დაემხობა ეს რეჟიმი. ეს არის ის, რაც უნდა მოხდეს 4 ოქტომბერს – როგორც „ვარდების რევოლუცია“, ისე, რომ არცერთი ადამიანი არ დაშავებულა, მშვიდად და წყნარად. „ვარდების რევოლუცია“ იყო მშვიდობიანი ხალხის რევოლუცია. ზუსტად ასეთი იქნება 4 ოქტომბერს, მშვიდობიანი ქართველი ხალხის რევოლუცია.
მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ არანაირი 4 ოქტომბრის არჩევნები არ არსებობს. ამ ქვეყანაში არჩევნები არ არსებობს, ეს არის ფარსი და არის რუსული სპეცოპერაცია. ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაში ცვლილებებს მოიტანს, ეს არის 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუცია. ნურავინ ნუ მივა საარჩევნო უბანთან, ნუ მივლენ და ნუ შეეცდებიან გააპრავონ რუსული სპეცოპერაცია. რუსთაველზე 16:00 საათზე არის რეალური ცვლილების შანსი“, – განაცხადა ანი წითლიძემ.