“ამბოხების ორგანიზატორები დანაშაულში მონაწილე პირებს უბიძგებდნენ თანამოქალაქეების მკვლელობისკენ”- პუტინი
ამბოხების ორგანიზატორები დანაშაულში მონაწილე პირებს თანამოქალაქეების მკვლელობისკენ უბიძგებდნენ, ეს არის ის, რაც სურდათ რუსეთის მტრებს, ნეონაცისტებს კიევში, მათ დასავლელ მფარველებს, მაგრამ არასწორად გათვალეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.
„მადლობას ვუხდი იმ ჯარისკაცებს და „ვაგნერის“ ჯგუფის მეთაურებს, რომლებმაც მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – ძმათამკვლელი სისხლისღვრა არ ჩაიდინეს, ბოლო ხაზზე გაჩერდნენ. დღეს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გააგრძელოთ რუსეთის მსახურება თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებით, ან სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, ან დაუბრუნდეთ ნათესავებსა და მეგობრებს, ვისაც უნდა, შეუძლია, წავიდეს ბელარუსში. ჩემი დაპირება შესრულდება. ვიმეორებ, არჩევანი თითოეულ თქვენგანზეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს უნდა იყოს რუსი ჯარისკაცების არჩევანი, რომლებმაც გააცნობიერეს თავიანთი ტრაგიკული შეცდომა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლებისა და მეთაურების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის პატრიოტები არიან, თავიანთი ხალხისა და სახელმწიფოსადმი თავდადებულები, რომლებმაც ეს დაამტკიცეს თავიანთი სიმამაცით ბრძოლის ველზე, გაათავისუფლეს დონბასი და ნოვოროსია.
„ეს იყო მცდელობა მათი მოტყუებით გამოყენებისა თავიანთი ძმების წინააღმდეგ. ამიტომ მოვლენების დაწყებიდანვე, ჩემი პირდაპირი მითითებით, გადაიდგა ნაბიჯები დიდი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა პუტინმა და დაამატა, რომ ამას დრო დასჭირდა.
„მათ შორის, მივეცით დრო მათ, ვინც შეცდომა დაუშვა, დაფიქრდნენ, გააცნობიერონ, რომ მათი ქმედებები მკაცრად უარყოფილია საზოგადოების მიერ და რა ტრაგიკული, დამანგრეველი შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, იმ ავანტიურას რომელშიც ისინი ჩათრეულნი არიან“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამბოხების დაწყებიდანვე ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღო ყველა საჭირო გადაწყვეტილება წარმოქმნილი საფრთხის განეიტრალების, კონსტიტუციური წესრიგის, რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად.
„შეიარაღებული ამბოხება ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, ამბოხების ორგანიზატორებმა, „მიუხედავად ადეკვატურობის დაკარგვისა“, ეს გაიგეს.
„მათ ესმოდათ, რომ წავიდნენ კრიმინალურ ქმედებებზე, რათა გაეტეხათ და დაესუსტებინათ ქვეყანა, რომელიც ახლა უპირისპირდება კოლოსალურ გარე საფრთხეს, გარედან უპრეცედენტო ზეწოლას. როცა ჩვენი თანამებრძოლები ფრონტზე იღუპებიან სიტყვებით – „არც ერთი ნაბიჯი უკან“. ამბოხების ორგანიზატორებმა უღალატეს თავიანთ ქვეყანას და დანაშაულში მონაწილე პირებს მოტყუებით სიკვდილისაკენ და თანამოქალაქეების მკვლელობისკენ უბიძგებდნენ. ეს არის ზუსტად ის შედეგი – ძმათამკვლელობა – რაც სურდათ რუსეთის მტრებს: ნეონაცისტებს კიევში, მათ დასავლელ მფარველებს და ქვეყნის ყველა სხვა მოღალატეს. მათ სურდათ, რომ რუსეთის სამხედროებს ერთმანეთი დაეხოცათ, რათა ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები დაღუპულიყვნენ, რათა საბოლოოდ რუსეთი დამარცხებულიყო, ჩვენი საზოგადოება გაყოფილიყო და ჩართულიყო სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში“, – აღნიშნა პუტინმა.
პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვის ოპონენტები „ხელებს იფშვნეტდნენ ფრონტზე და ე.წ. კონტრშეტევის დროს თავიანთი წარუმატებლობის რევანშის მოლოდინში, მაგრამ არასწორად გათვალეს“.
„მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა სამხედრო მოსამსახურეს, სამართალდამცავებს, სპეცსამსახურებს, რომლებიც მეამბოხეებს წინ აღუდგნენ, თავიანთი მოვალეობის, ფიცისა და ხალხის ერთგული დარჩნენ. დაღუპული გმირი მფრინავების გამბედაობამ, თავგანწირვამ გადაარჩინა რუსეთი ტრაგიკული დამანგრეველი შედეგისგან“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რუსეთის მოქალაქეებს გამძლეობის, სოლიდარობისა და პატრიოტიზმისთვის, „რამაც აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი და არეულობა განწირულია მარცხისთვის“.
„საზოგადოებამ, პარტიებმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, მთელმა საზოგადოებამ დაიკავა მტკიცე პოზიცია კონსტიტუციური წესრიგის მხარდასაჭერად“, – აღნიშნა პუტინმა.