1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ამბობენ, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანს, აშშ-ის სანქციების თავიდან ასაცილებლად, ქონება ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადააქვს”-BBC
“ამბობენ, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანს, აშშ-ის სანქციების თავიდან ასაცილებლად, ქონება ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადააქვს”-BBC

“ამბობენ, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანს, აშშ-ის სანქციების თავიდან ასაცილებლად, ქონება ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადააქვს”-BBC

3.20K
0

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ამბობენ, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანს, აშშ-ის სანქციების თავიდან ასაცილებლად, ქონება ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადააქვს“ (ავტორი – რაიჰან დემიტრი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გასული წლის გაზაფხულზე, როცა ათიათასობით ქართველი ქუჩაში ქვეყნის მთავრობის მიერ პრორუსული პოლიტიკის გატარებას აპროტესტდებდა, საქართველოს პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღო შესწორებები ქვეყნის საგადასახადო კოდექსში.

იმ დროს ანტიკორუფციული ორგანიზაცია Transparency International (TI) Georgia წერდა, რომ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, სავარაუდოდ, ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის ინტერესებს ემსახურებაო – მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. „ახლა გასაგებია, რომ სწორედ ასეა – ჩვენი იმდროინდელი ვარაუდი დადასტურდა“, – ამბობს TI Georgia-ს ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება (4,9 მილიარდი დოლარი) 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა და როგორც ითვლება, მისი სიმდიდრის დიდი ნაწილი ოფშორულ კომპანიებშია თავმოყრილი.

საქართველო პოლიტიკურ კრიზისშია ჩაძირული გასული წლის მაისიდან, როცა ქვეყნის პარლამენტმა სადაო კანონი მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც ხშირად „უცხოური აგენტების“ კანონსაც უწოდებენ. ამ სამართლებრივი აქტის თანახმად, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედიის საშუალებები, რომლებიც თავიანთი ბიუჯეტის (დაფინანსების) 20%-ს უცხოეთიდან იღებენ, რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ შესაბამის სახელმწიფო უწყებაში, შემოწმდეს მათი შემოსავლები და თუ რეგისტრაციაზე უარს იტყვიან, დიდი თანხით დაჯარიმდებიან. ბევრმა ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი იმის მცდელობად ჩათვალა, რომ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პრორუსული მთავრობა თავს არიდებს აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნების გავლენას საქართველოზე.

პროტესტები გაგრძელდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც. რომელიც ოპოზიციამ გაყალბებულად ჩათვალა. გარდა ამისა, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი აღაშფოთა მთავრობის მიერ მიღებულმა კიდევ ერთმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დროებით შეჩერებას ითვალისწინებდა. საპროტესტო აქციების ბევრი მონაწილე პოლიციამ დააპატიმრა და მათზე ფიზიკური ძალადობა გამოიყენა.

მთავრობის რეპრესიების საპასუხოდ გასული წლის ბოლოს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებამ (აწ უკვე ექს-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ) ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დააწესა. არსებობს აგრეთვე იმის რისკიც, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები გამოუცხადოს დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც – გასულ თვეში ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკლირმა პარლამენტში შესაბამისი წინადადება შეიტანა – „საქართველოს მთავრობა ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გადაჭარბებულ ძალას იყენებს, ამიტომ სანქციები უნდა დაუწესდესო“. 

TI Georgia-ს შეფასებით, თუ დიდი ბრიტანეთი მართლაც გამოაცხადებს სანქციებს, მაშინ საფრთხე შეექმნება ბიძინა ივანიშვილის მთელ ბიზნეს-იმპერიას, რადგან მისი ჰოლდინგური კომპანიები სწორედ ბრიტანულ ოკეანის იქითა ტერიტორიებზეა დარეგისტრირებულები – ვირჯინიისა და კაიმანის კუნძულებზე. ბესო ნამჩავაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები ცდილობენ თავიდან აიცილონ სანქციების საფრთხე და თავიანთი ოფშორული კომპანიების ქონების გადაფორმება საქართველოში ახლად შექმნილ კომპანიებზე დაიწყეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, იანვრის თვეში უცხოეთიდან ქვეყანაში ხელოვნების რამდენიმე ძვირადღირებული ნივთი შემოიტანეს – ნახატები თითქმის 500 მილიონი დოლარის ფასით. ბევრი თვლის, რომ აღნიშნული ნახატები ბიძინა ივანიშვილის კოლექციიდანაა: „ყველასათვის ცნობილია, რომ მილიარდერი თავისი სიმდიდრიდან და აქტივებიდან ყველაზე მეტად ხელოვნების ნიმუშებს აფასებს“, – ამბობს თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაციის Civic Idea-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, – „მას თავისი ნახატები უცხოეთიდან საქართველოში შემოაქვს და გადასახადის გადახდას არ აპირებს“.

პარლამენტის ფინანსებისა და ბიუჯეტის კომისიის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე მხარს უჭერს ოფშორული ზონებიდან აქტივების თავისუფალ შემოტანას საქართველოში, ყოველგვარი გადასახადების გარეშე: „ჩვენი გადაწყვეტილება სწორედაც რომ სასიკეთოა: ის ემსახურება ოფშორული ზონებიდან კომპანიების გამოყვანას და ქვეყანაში ინვესტიციების შემოტანას“.

მმართველი პარტია უზრუნველყოფს მილიარდერის ინტერესების დაცვას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ფინანსური დავა აქვს შვეიცარიის ბანკთან Credit Suisse-თან. ამას წინათ კი მისმა ადვოკატმა საჩივარი შეიტანა კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ, რომელიც არასწორად ინტერპრეტირებს ამერიკულ სანქციებს და „პოლიტიკურ შანტაჟს“ მიმართავს.

ზოგიერთების ვარაუდით, მილიარდერის უნდობლობა დასავლეთისადმი გამოწვეულია პირადული რწმენით, რომ თითქოსდა მის წინააღმდეგ გლობალური შეთქმულება არსებობს, საერთაშორისო „ღრმა სახელმწიფოს“ („სახელმწიფო სახელმწიფოში“) და „გლობალური ომის პარტიის“ მიერ. „როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფინანსური პრობლემების მძევლად იქცა“, – ამბობს თინა ხიდაშელი.

ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს მმართველი პარტიის მხოლოდ საპატიო თავმჯდომარის სტატუსი აქვს, არის იმის მტკიცე რწმენა, რომ იგი საქართველოში უპირველეს ფიგურად ითვლება. შესაბამისად, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მთელი მთავრობის საწინააღმდეგოდ მიმართულ სანქციებად ითვლება.

ნიკა გილაური საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო 2009-2012 წლებში, ამჟამად იგი კერძო კომპანია Reformatics-ის ხელმძღვანელია, რომელიც კონსულტაციებით არის დაკავებული მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების საკითხში. როგორც ნიკა გილაური ამბობს, საქართველოში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე: „ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება: 2024 წლის 9 თვის მონაცემებით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციების დონე 40%-ით დაეცა. ასე რომ, სამომავლოდ მდგომარეობა გაუარესდება“.

მაგრამ მთავრობა სულ სხვა სურათს ხატავს: გასულ თვეში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 მილიარდი დოლარის საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა არაბულ კომპანია Emaar-თან არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, რაც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბოლო ათწლეულის უდიდეს გარიგებად შეაფასა და რომელიც ეკონომიკის 1,5%-იან ზრდას უზრუნველყოფს. თვითონ ირაკლი კობახიძის ვარაუდით, საქართველოს ეკონომიკისათვის ყოველწლიური 10%-იანი ზრდა სრულიად რეალურია.

მაგრამ ამას წინათ ქართული კვლევითი კომპანიის Policy and Management Consulting Group (PMCG) მიერ გამოქვეყნებული მოხსენება აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივა უახლოეს 6 თვეში „უკიდურესად ნეგატიურია“. მასში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური რყევების გაგრძელება ეკონომიკაზე ნეგატიურად იქნება ასახული.

ნიკა გილაურიც ამბობს, რომ მიმდინარე 2025 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა არ გაიზრდება და ნულოვან ნიშნულზე გაჩერდება:

„სამომავლოდ დიდი საბიუჯეტო პრობლემები გვექნება, გართულდება ვალუტის გაცვლა, მოიმატებს ინფლაცია და უმუშევრობის დონე, საფრთხის წინაშე დადგება საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობა… და ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც ერთადერთი სწორი გზაა როგორც ქვეყნისათვის, ასევე პირადად ბიძინა ივანიშვილისათვის“, – ამბობს ნიკა გილაური, საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: