1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ახლო აღმოსავლეთი განსაზღვრავს მსოფლიო პოლიტიკის მომავალს – ავთანდილ წულაძე
ახლო აღმოსავლეთი განსაზღვრავს მსოფლიო პოლიტიკის მომავალს – ავთანდილ წულაძე

ახლო აღმოსავლეთი განსაზღვრავს მსოფლიო პოლიტიკის მომავალს – ავთანდილ წულაძე

180
0

ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის დასრულების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. ირანი არ თანხმდება ბირთვული პროგრამის გაუქმებაზე. ირანის ბირთვულ ობიექტებზე ამერიკული დარტყმების შედეგებიც გაურკვეველია. მთლიანად განადგურებულია თუ მხოლოდ ნაწილობრივ დაზიანებულია ირანის ურანის წარმოების ობიექტები? ამ საკითხმა შეერთებულ შტატებში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის მწვავე დებატები გამოიწვია.

ირანი გაურკვევლობის ფაქტორს იყენებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ საინფორმაციო ომისთვის და მოლაპარაკებების პოზიციების გასაძლიერებლად. მსოფლიო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანმა 400 კილოგრამი 60%-ით გამდიდრებული ურანი საიდუმლო მიწისქვეშა საცავებში დამალა, სანამ ამერიკული საჰაერო ძალები ბირთვულ ობიექტებზე დარტყმას განახორციელებდნენ.

ახლო აღმოსავლეთში გავლენის სფეროების გადანაწილება აისახება სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე. რუსეთის კონფლიქტი აზერბაიჯანთან და სომხეთთან რეგიონში თურქეთის დიპლომატიური აქტივობის ფონზე მიმდინარეობს. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ცდილობს სომხეთისა და აზერბაიჯანის შერიგებას რუსეთის მონაწილეობის გარეშე. რუსეთმა ბაქოსა და ერევანზე ზეწოლის გაზრდით უპასუხა. საქართველო ჯერჯერობით დიდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების გვერდით რჩება. თუმცა, ამჟამინდელ პირობებში სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ზესახელმწიფოების ბრძოლაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნება შეუძლებელია.

უკრაინაში ომიც შორს არის დასასრულისგან. დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. ეს მოსკოვისგან ვაშინგტონისთვის სიგნალია, რომ რუსეთი არ აპირებს ზავის პირობების დათმობას. ეს ასევე დარტყმაა ტრამპის იმიჯისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ პუტინთან საუბრის წინა დღეს აშშ-მ უკრაინაში იარაღის მიწოდება შეაჩერა. ტრამპი სუსტად გამოიყურება. აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის მედია ეფექტი უკვე გავიდა.  ამავდოულად, რუსეთი ბრძოლის ველზე თავდასხმებს აძლიერებს, ჩრდილოეთი კორეა უკრაინაში საბრძოლველად 30 000 ჯარისკაცს აგზავნის, ირანი კი უარს ამბობს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე და ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობაზე მიანიშნებს.

ახლო აღმოსავლეთი ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მთავარ რეგიონად რჩება. ამერიკელი ანალიტიკოსები კამათობენ იმის შესახებ, თუ რა მეთოდები უნდა გამოიყენოს აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში. ჟურნალმა Foreign Affairs-მა გამოაქვეყნა ანალიტიკოს ჯეფრი ჯეიმსის სტატია სახელწოდებით „როგორ შეუძლია ტრამპს საქმის დასრულება ირანსა და ახლო აღმოსავლეთში“.

სტატიაში ავტორი აღნიშნავს, რომ აშშ-ის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში ათწლეულების განმავლობაში დიდად წარმატებული არ ყოფილა. ამერიკა რეგიონში დაძაბულობის შემცირებას მხოლოდ გარკვეული ხნით ახერხებდა, მაგრამ შემდეგ კონფლიქტები კვლავ იწყებოდა.

ჯეფრი ჯეიმსის თქმით, ახლა რეგიონის სტაბილიზაციის საუკეთესო დროა, რადგან ირანის მარიონეტული ძალები და თავად ირანი დასუსტებულნი არიან. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ტრამპს აქვს ისტორიული შანსი, დაასუსტოს ირანი იმდენად, რომ ის საფრთხეს არ შეუქმნის მეზობელ ქვეყნებს. ჯ.ჯეიმსი მხარს უჭერს ირანზე ეკონომიკურ ზეწოლას და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყენების იდეას. ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის არაბულ სახელმწიფოებთან  ურთიერთობა. ეს ქვეყნები დაინტერესებულნი არიან რეგიონული სტაბილურობითა და ეკონომიკური განვითარებით.

ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში შემდგომი განვითარება გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება მსოფლიო პოლიტიკისთვის. მას შემდეგ, რაც იმპერატორმა კონსტანტინემ რომის იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლში გადაიტანა, ეს რეგიონი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო პოლიტიკაში.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგი