აფხაზეთის პრობლემის მოგვარების შესახებ – გურამ სანადირაძე, ნიკოლოზ სანებლიძე
მსოფლიო ის აღარ არის, რაც წელიწად ნახევრის წინ იყო. შესაბამისად, ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას (და უპირველეს ყოვლისა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა), ახლებურ გადააზრებას ითხოვს. მხოლოდ დეკლარირება (მაგალითად, ე.წ. მშვიდობიანი ინტეგრაციის პოლიტიკისა), რამდენადაც სწორი არ უნდა იყოს, იგი თავისთავად საკმარისი არ არის. საჭიროა უფრო კონკრეტული და გამოწვილვივითი განხილვები, დისკუსიები. სწორედ ამის მცდელობას წარმოადგენს ჩვენი წერილიც. ცხადია იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი კონცეფცია შესწორებას და კრიტიკას საჭიროებს.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი სტრატეგიულ თვალსაზრისით რუსეთისათვის ერთობ არასახარბიელოდ მიმდინარეობს. არასახარბიელოდ, ვინაიდან, სულ მცირე, ძნელი წარმოსადგენია მან აიძულოს უკრაინა უარი თქვას ეროვნული პოლიტიკის გატარებაზე და მეტიც, დაითანხმოს ტერიტორიულ დანაკარგებზე (ყოველ შემთხვევაში 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით). ვფიქრობთ, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რუსეთმა სამართლებრივად გაიფორმოს ის ტერიტორიები, რომლებიც დღეს შეიარაღებული კონფლიქტის პროცესში აქვს ოკუპირებული. თუმცა ესეც რომ მოხდეს, ომის შემდეგ უკრაინა დარჩენილი ტერიტორიებით დაუყოვნებლივ გახდება NATO-ს წევრი, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით (რუსეთისათვის).
ასე რომ, რუსეთის გეოსტრატეგიული მდგომარეობა შეუდარებლად უფრო ცუდი იქნება ვიდრე 2023 წლის ზამთრის მიწურულს. ამგვარი სცენარის განამდვილების შემთხვევაში NATO-ს წევრი გახდება მოლდოვაც (დნესტრისპირეთით ან მის გარეშე). საქართველოს მომავალი ამ თვალსაზრისით უფრო ბუნდოვანია. ამასთან, ეს საკითხი (NATO – საქართველოს ურთიერთობის შესაძლო სცენარები), ცალკე განხილვის თემა უნდა იყოს. ყველა შემთხვევაში 2022 წლის პუტინის 24 თებერვლის ულტიმატუმის შესრულების გარეშე რუსეთი ძნელად თუ ჩაითვლება გამარჯვებულად (სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით). ამიტომ მივიჩნევთ, რომ როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს კონფლიქტი – რუსეთის დეზინტეგრაციითა თუ „საპატიო“ მარცხით – ფაქტი ერთია: რუსეთი „ის თამრო აღარ იქნება“ (პრიგოჟინის „ლაშქრობამ“ ეს კიდეც დაადასტურა). ამას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება – გვიჩნდება ოკუპირებული ტერიტორიების გამოხსნისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური შანსი.
საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ არ აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო გზით შემოერთებას. მაშინ ჩნდება კითხვა: როგორ და რა გზით ვაპირებთ მშვიდობიანად სტატუს-კვოს შეცვლას თუ ამგვარი განაცხადი მხოლოდ პრობლემის თავიდან მოცილების მცდელობა არ არის? მით უფრო, რომ ექსპერტები ფრიად მორიდებულად აფასებენ აფხაზეთისა და ცხინვალის სტატუსის საქართველოსათვის მომგებიანად ცვლილების შესაძლებლობას, მითუმეტეს მშვიდობიანად. სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ საკითხზე დუმს და საეჭვოა, რომ რაიმე რეალური გეგმა ჰქონდეთ.
რუსეთს საქართველოს ორი ტერიტორიული ერთეული აქვს ოკუპირებული – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2007 წელს აღადგინა სახელით „დროებითი ადმინისტრაციული რეგიონი“. მივიჩნევთ, რომ ეს ნაბიჯი ამ ხელისუფლების დიდი შეცდომა იყო). აფხაზებისა და ოსების ეთნოგენეზი, მათი განსახლების ისტორიული გზები თუ სამართლებრივი სტატუსი, აგრეთვე, მათი სეპარატიზმის ბუნება და დინამიკა ერთმანეთისაგან თვალსაჩინოდ განსხვავდება. შესაბამისად, ამ პრობლემების მოგვარებაც დიფერენცირებულ მიდგომას მოითხოვს. ის, რომ უკანასკნელი ათწლეულებია მათ ერთ პაკეტში განიხილავენ, აშკარად არა-სწორი პრაქტიკაა.
გამოვდივართ რა ამ პრინციპული პოზიციიდან, ამჯერად აფხაზეთის პრობლემის შესაძლო მოგვარებას შევეხებით.
1. ქართველები და აფხაზები აფხაზეთის ავტოქტონურ მოსახლეობას წარმოადგენენ;
2. აფხაზმა ხალხმა 19-ე საუკუნის მიწურულს განიცადა გენოციდი. რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზები დამნაშავე ერად გამოაცხადა და მშობლიური მიწიდან გაასახლა, ისევე როგორც მათი მეზობელი ადიღე-ჩერქეზები (მუჰაჯირობა), ხოლო დაცარიელებულ მიწებზე იმპერიისადმი ლოიალურად განწყობილი მიგრანტები ჩაასახლა. ადიღე-ჩერქეზეთისაგან განსხვავებით აფხაზეთის სრულ რუსიფიკაციას ხელი შეუშალა ქართველთა საპირისპირო მიგრაციამ (შედარებისათვის: დღეისათვის ფსოუდან ანაპამდე ზღვისპირა რეგიონში ადგილობრივი კავკასიური მოსახლეობა თითქმის აღარ ბინადრობს). დღეს აფხაზი ეთნოსი კატასტროფულად შემცირებულია. უმეტესობას ე.წ. რუსულენოვანები წარმოადგენენ;
3. აფხაზთა წინაშე სადღეისოდ დგას ეგზისტენციალური პრობლემა – ეთნოსის გადარჩენა. სწორედ ეს ფაქტორია იმის უპირველესი მიზეზი, რომ კავკასიიდან რუსეთის მოსალოდნელი უკან დახევა ჯერ კიდევ არ ნიშნავს აფხაზეთის საქართველოსთან დაბრუნებას – დემოგრაფიული გარანტიების გარეშე აფხაზები ნებაყოფლობით არ დათანხმდებიან საქართველოსთან ერთიან სახელმწიფოში ინტეგრაციას. დემოგრაფიული პრობლემა ქართველების წინაშეც მწვავედ დგას, თუმცა აფხაზთა მდგომარეობა ნამდვილად კატასტროფულია;
4. შექმნილი დემოგრაფიული დინამიკიდან გამომდინარე, ახლო მომავალში აფხაზი ეთნოსი დემოკრატიული არჩევნებითვე (პროპორციული ან მაჟორიტარული), აღმოჩნდება ჩამოშორებული ქვეყნის მართვა-გამგეობას. სწორედ დემოგრაფიული მომენტი გაითვალისწინა საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ აფხაზებთან მოლაპარაკებისას1991 წლის ზაფხულში, როცა აფხაზურ მხარესთან საარჩევნო შეთანხმებას მივაღწიეთ. საარჩევნო ოლქები ისე დარეგულირდა, რომ 28 მანდატი ერგო აფხაზურ დეპუტაციას, 26 – ქართულს, ხოლო 11 – რუსულენოვან მოსახლეობას. ამ საარჩევნო შეთანხმების შესაბამისად აფხაზებმა მიიღეს ეთნიკური გადარჩენის რეალური სამართლებრივი გარანტია. ამავე დროს კვალიფიციური უმრავლესობის შედგენა აფხაზ და ქართველ დეპუტაციათა ერთობას შეეძლო. ეს მათ უეჭველი თანამშრომლობისაკენ უბიძგებდა.
5. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ აღნიშნული საარჩევნო შეთანხმება აპარჰტეიდად გამოაცხადა (რაც მოგვიანებით პარლამენტმაც დაადასტურა 1994 წლის15 მარტის დადგენილებით). ეს პრინციპულად მიუღებელი სამართლებრივად მცდარი და პოლიტიკურად ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის მავნე მიდგომაა. აპარტჰეიდი ნიშნავს ცალ-ცალკე განვითარებას (apart – ცალკე, heid – განვითარება), მაშინ როცა საარჩევნო შეთანხმება განუხრელი შესრულების შემთხვევაში, მხარეთა შორის თანამშრომლობის და მშვიდობის საიმედო გარანტი იქნებოდა.
6. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა კონფლიქტების მოგვარების პარადიგმა.
ჩაითვალა, რომ აფხაზებს არ გააჩნიათ საკუთარი ინტერესი და მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვის კარნახით (და, შესაბამისად, ისინი ოდენ ბრმა იარაღს წარმოადგენენ რუსული იმპერიალიზმის ხელში). ცხადზე ცხადია, რომ რუსეთი იყენებდა და კვლავაც იყენებს ეთნიკურ სეპარატიზმს ქართული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ აფხაზებს საკუთარი ინტერესები არ გააჩნიათ (იხ. პუნქტი 3);
7. პარადიგმის შეცვლამ სრულად და რადიკალურად შეცვალა პრობლემის მოგვარების ტაქტიკა. აფხაზები მხარედ საერთოდ აღარ განიხილება და ძირითად იმედს მოსკოვთან ურთიერთობის გარკვევაზე ამყარებენ ან სხვა ლიდერი სახელმწიფოების იმედი აქვთ (რაც ძირითადად გემოვნებაზე, კონიუნქტურასა და პოლიტიკურ ტაქტიკაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგრეთვე პოლიტიკური ჯგუფებისა და ლიდერების პირადი სიახლოვე ამა თუ იმ ქვეყანასთან):
• რუსეთს მოვაგვარებინოთ;
• რუსეთი შეძლებისდაგვარად გავიყვანოთ თამაშიდან და ნატოს მოვაგვარებინოთ;
• ველოდოთ სიტუაციის შეცვლას (სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა, რომელიც შესაძლოა განუსაზღვრელი დროით გაგრძელდეს და სინამდვილეში ამ მიმართულებით არაფრის კეთების სინონიმად იქცეს);
• აფხაზებთან უშუალო ურთიერთობა თეორიულ დონეზეც კი არ განიხილება.
8. აშკარაა, რომ პარადიგმის შეცვლამ ხეირი არ მოგვიტანა. პირიქით, მივიღეთ კონფლიქტების გამწვავება: რუსეთთან ომები, ჯერ აფხაზეთში (წავაგეთ!), მერე ცხინვალში (ისევ წავაგეთ!), დავკარგეთ ტერიტორიები, ჯერ de facto (შევარდნაძის ნობათი), მერე de jure (სააკაშვილის ნობათი). რაც მთავარია, უიმედო ჩიხში აღმოვჩნდით და ამ მდგომარეობიდან ფეხის მოცვლასაც ვერ ვახერხებთ;
9. არ უნდა დაგვავიწყდეს ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ აფხაზებმა დამოუკიდებლობა მხოლოდ 1999 წლის ნოემბერში (ვლადიმერ პუტინის გაპრემიერების შემდეგ) გამოაცხადეს. მანამდე კი იყო რამდენიმე სერიოზული მცდელობა ქართულ აფხაზური მოლაპარაკებისა (ერთი მხრიდან), რაც სხვადასხვა მიზეზის გამო ჩაიშალა. სადღეისოდაც, აფხაზები ყველანაირად ცდილობენ რუსეთთან სრული პოლიტიკური ინტეგრაციის თავიდან აცილებას (რაც მათ ეთნოსს უეჭველი გაქრობით ემუქრება მოკლე დროში). მათი ამგვარი მიდგომა და ქცევის წესი პრინციპულად განსხვავდება ცხინვალის რეგიონის ხელისუფლების პოზიციისგან, რომელმაც საკუთარი ინიციატივით რამდენიმე „რეფერენდუმი“ ჩაატარა რუსეთთან მიერთების მოთხოვნით.
10. ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი გამოსავალი სწორ გზაზე დაბრუნებაა. უნდა ვაღიაროთ, რომ აფხაზურ მხარესთან უშუალო მოლაპარაკებისა და შეთანხმების პოლიტიკა სწორი
იყო. მას რეალური ალტერნატივა არ გააჩნია (სწორი იყო პრინციპულად და არა მხოლოდ ტაქტიკური მოსაზრებით). განვლილმა ოცდაათმა წელიწადმა ეს თვალნათლივ დაადასტურა. შეთანხმების წარმატება, როგორც წესი, დამოკიდებულია მხარეთა ინტერესების რეალურ თანხვედრაზე. ამ მხრივ ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა არასახარბიელოა. კონფლიქტის დაწყებიდან საკმაო დროა გასული, ბევრი რამ საქართველოსთვის წამგებიანად შეიცვალა. რუსეთმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, იქაურმა ეთნოკრატიამაც შეიფერა ახლებური მდგომარეობა. თუმცა ჯერ კიდევ შეიძლება მოიძებნოს ინტერესთა რეალური თანხვედრის წერტილები (საყრდენი წერტილის არსებობის შემთხვევაში კი, როგორც ცნობილია, დედამიწის გადაბრუნებაც შეიძლება), მითუმეტეს, რომ აფხაზთა ფუნდამენტურ ეგზისტენციალურ ინტერესს უდიდესი საფრთხე ემუქრება. კეთილი ვინებოთ და მოვნახოთ ურთიერთგადაკვეთის წერტილები, მითუმეტეს რომ საქართველოს მთავრობას საჯაროდ აქვს გაცხადებული ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარების პრინციპი. ურთიერთნდობისათვის მოსალაპარაკებლად გამოვიყენოთ ქართული პოლიტიკური სპექტრის ის ჯგუფები რომლებიც იმთავითვე ამ პოზიციას უჭერენ მხარს..
11. საქართველოს ხელისუფლებამ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან (ფორმალურად თუ არაფორმალურად). როგორც ვთქვით, მათთან შესაძლებელია ურთიერთ დაინტერესების წერტილების მონახვა:
• გვაქვს ურთიერთობის დადებითი გამოცდილება, თანაც 2006 წლამდე (სანამ საქართველოს ხელისუფლება კოდორის ხეობას დაიკავებდა), აფხაზური მხარე მუდმივად ცდილობდა ჩვენთან ოფიციალურ მოლაპარაკებას;
• აფხაზები ცდილობენ დისტანცია დაიჭირონ მოსკოვთან ურთიერთობაში და დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატარონ (აფხაზური ნაციონალიზმი ამჯერად ჩვენი პოტენციური მოკავშირეა და ეს გარემოება უნდა გამოვიყენოთ);
• როგორც უკვე ითქვა მათ საკმაო პრობლემები აქვთ აფხაზი ეთნოსის გადარჩენის კუთხით (უაფხაზო აფხაზეთი ჩვენთვისაც მიუღებელია – სამუდამოდ დავკარგავთ);
ასე, რომ შეხების წერტილების მონახვის შანსი ჯერ კიდევ არის, მითუმეტეს რომ აფხაზური მხრიდან პერიოდულად არის ამის სიგნალები. სამწუხაროა, რომ ქართული მხარე ამას მხოლოდ დუმილით პასუხობს. რუსეთის ფაქტორი ნამდვილად ხელისშემშლელია, მაგრამ მაინც ღირს ამ მოლაპარაკებებზე წასვლა. ბოლოსდაბოლოს, თუ შეთანხმება შესაძლებელი იყო საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში, შესაძლებელი იქნება ამჯერადაც, მითუმეტეს, როცა რუსეთი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა (უკრაინაში);
12. ამ მიმართულებით წარმატებას ვერ მივაღწევთ თუ მხარეებმა საჯაროდ არ დაგმეს:
• სახელმწიფო საბჭოს მიერ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა აფხაზეთში (1992 წლის 14 აგვისტო);
• აფხაზეთში მოქმედი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართველი მოსახლეობის აფხაზეთიდან გამოდევნა (აქედან გამომდინარე ყველა შედეგით).
13. უნდა შევეშვათ საბჭოთა საქართველოს მოდელს, სადაც აფხაზეთი ავტონომიურ რესპუბლიკას წარმოადგენდა. ამ მოდელს ვეღარ დავაბრუნებთ. უნდა ვეცადოთ მოვძებნოთ სახელმწიფოებრიობის ახალი ფორმები, თუნდაც ჩინეთ-ჰონკონგის მსგავსი (თუმცა, სი ძინძპინმა, დენ სიაოპინის ამ ძალზე საყურადღებო მოდელის დისკრედიტაცია მოახდინა). განხილვის საგანი შეიძლება გახდეს თანაცხოვრების სხვადასხვა მოდელი.
14. როგორც აღვნიშნეთ ქართულმა მხარემ ფორმალური თუ არაფორმალური მოლაპარაკებები უნდა გამართოს შესაბამის აფხაზურ მხარესთან ერთი-ერთზე (1991 წელს გამართული მოლაპარაკებების მსგავსად). ეს აუცილებელია, რადგან შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაპირის (აქ სრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფანი) გეოსტრატეგიული ღირებულების გაზრდასთან ერთად გაიზარდა ამ დერეფნისადმი პრეტენზიის მქონე სახელმწიფოთა დაინტერესება გავლენის მოსაპოვებლად. ეს ქვეყნები მზად არიან აფხაზეთის ფაქტორი საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენონ. 1992 წლიდან ქართულ დიპლომატიაში გაბატონებულ პრაქტიკას, საკუთარი პრობლემები აუცილებლად მესამე მხარეს (უცხო ქვეყანა ან ორგანიზაცია) მოვაგვარებინოთ, წერტილი უნდა დაესვას (ის აშკარად უპერსპექტივოა, სამომავლოდ კი სრულიად გამოუსადეგარი გახდება).
P.S.
თუკი ჩვენი ანალიზი ძირითადად სწორია, საჭიროა სწორი კონცეფციის შემუშავება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. პოლიტიკაში დროის ფაქტორს უმეტესად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
გურამ სანადირაძე, ნიკოლოზ სანებლიძე