1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის აგვისტოში პატიმრის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის აგვისტოში პატიმრის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის აგვისტოში პატიმრის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა

340
0

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის აგვისტოში პატიმრის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა.

ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

„2024 წლის 4 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მამულაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (no. 15355/15) გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ზაზა მამულაშვილი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი პენიტენციურ დაწესებულებაში, რა ფაქტზეც სახელმწიფომ არ აწარმოა ეფექტიანი გამოძიება. სასამართლომ მომჩივნის სასარგებლოდ სახელმწიფოს არამატერიალური ზიანის სახით 5 000, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 112 ევროს გადახდა დააკისრა. მომჩივნისთვის ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მისი უფლებების დარღვევა დაადასტურა.

ზაზა მამულაშვილმა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პირველად 2010 წელს მიმართა, სადაც იგი ერეკლე კოდუას მიერ ცემასა და არასათანადო მოპყრობასთან ერთად, პატიმრობის პირობებსა და პენიტენციურ დაწესებულებაში არაჯეროვან სამედიცინო მომსახურების თაობაზე დავობდა (Mamulashvili v Georgia application no. 71672/10).  სახელმწიფომ 2014 წლის 17 თებერვალს მომჩივნის მიმართ ჩადენილი დარღვევა ცალმხრივი დეკლარაციით აღიარა.

ნიშანდობლივია, რომ მომჩივანი განმეორებით არასათანადო მოპყრობას სწორედ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე შეტენილი საჩივრის გამო დაექვემდებარა. N18 პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე განგრძობადი ფსიქოლოგიური ზეწოლა და შევიწროება ხორციელდებოდა. დაწესებულების ადმინისტრაცია მას დაცინვით „სტრასბურგელად“ მოიხსენიებდა, პატიმრისთვის მინიჭებულ უფლებებს უზღუდავდა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა, რათა ამ უკანასკნელს საერთაშორისო სასამართლოდან საჩივარი გამოეხმო.

2012 წლის 29 აგვისტოს, ზაზა მამულაშვილი ციხის ადმინისტრაციის ხუთი თანამშრომლის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა. მომჩივანი ხელების, ფეხების, ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენების სასტიკად სცემეს, მიაყენეს დაზიანებები წელისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ცემა გონების დაკარგვამდე გაგრძელდა. გონებაზე მოსულს კი, დაემუქრნენ რომ შემდგომში მორგში ჩაიყვანდნენ. მიყენებული დაზიანებების გამო მომჩივანს დღემდე უჭირს გადაადგილება და განიცდის მძიმე ტკივილებს.

დაზარალებულმა პროკურატურას 2012 წელსვე მიმართა, თუმცა საგამოძიებო უწყებამ საქმე არ გამოიძია, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელისთვის ე. წ. ციხის კადრების გასაჯაროების შემდგომ ცნობილი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სისტემური წამების პრაქტიკის შესახებ.  უფრო მეტიც, 2014 წელს მომჩივნისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წამებაში მონაწილე პირები პენიტენციურ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დააწინაურეს და სხვადასხვა მაღალი თანამდებობები დაიკავეს.

იმის გამო, რომ სახელმწიფო ახალი ხელისუფლების პირობებშიც არ აპირებდა საქმის გამოძიებას და კვლავაც განაგრძობდა მომჩივნისთვის სისხლის სამართლის საპროცესო ბარიერების შექმნას, ზაზა მამულაშვილმა საია-ს დახმარებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს განმეორებით მიმართა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) როგორც მატერიალური, ისე პროცედურული დარღვევა დაადგინა, რაც გულისხმობს, იმას რომ სახელმწიფოს მხრიდან 2012 წელს ზაზა მამულაშვილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, ხოლო 2012 წლის შემდგომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულები არ არის სათანადოდ შესწავლილი და გამოძიებული.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიხედვით:

მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა 2012 წლის ნოემბერში საგამოძიებო უწყებებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, მოძალადეთა ვინაობების მითითებით, კომპეტენტურმა შიდასახელმწიფოებრივმა უწყებებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს საქმის გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა. მათ აშკარად არ გამოიკვლიეს განმცხადებლის კონკრეტული ბრალდებები 2012 წლის აგვისტოში ხუთი მარტივად იდენტიფიცირებადი ოფიცრის მიერ მის ცემასთან დაკავშირებით.

სასამართლომ თითქმის იდენტურ საქმესთან მიმართებით დაადგინა, რომ ქვეყნის სხვადასხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პატიმართა მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემურ ძალადობას მთელი ქვეყნის ფარგლებში. ამასთან, მიუხედავად არაეფექტიანი გამოძიებისა, საქმეში სამედიცინო შინაარსის მტკიცებულებები ადასტურებს დაზიანებების არსებობას, რომელიც თანხვედრაშია აღწერილ ძალადობასთან.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ზაზა მამულაშვილმა მიყენებული დაზიანებების გამო სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, თუმცა ამ უკანასკნელმა მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. მის საქმეზე 2015 წლის 28 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს იმჟამინდელმა მოსამართლემ, ნათია ჯორბენაძემ მიიღო გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის პირველ სექტემბერს ძალაში დატოვა აღნიშნული გადაწყვეტილება  მოსამართლეების – მერაბ ლომიძის, თეა ძიმისტარაშვილისა და გიორგი ტყავაძის შემადგენლობით. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარდგენილი იყო  მოსარჩელის არაერთი მოტეხილობისა და ფიზიკური დაზიანების სამედიცინო მტკიცებულებები და დეტალური ახსნა-განმარტებები, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სისტემური წამების პრაქტიკის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად, გადაწყვეტილება 2017 წლის 28 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც მოსამართლეების – ვასილ როინიშვილის, მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის შემადგენლობით ძალაში დატოვა.  ეროვნულ დონეზე საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა ვერ დაინახეს მიყენებული დაზიანებების კავშირი პატიმრობაში ყოფნის პერიოდთან, მაშინ როდესაც მომჩივანს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებამდე ჯანმრთელობის დაზიანებები არ აღენიშნებოდა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულთაგან ნათია ჯორბენაძის გარდა, ყველა პირი დღეის მდგომარეობით კვლავ განაგრძობს სამოსამართლო საქმიანობას.

მომჩივნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია European Human Rights Advocacy Centre-თან ერთად იცავდა“, – აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.