1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

224
0

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს და სამომავლოდ სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოითქვა.

გიორგი შარვაშიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, მინისტრის პირველ მოადგილედ. აგრეთვე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 2016 – 2022 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. გარდა ამისა, 2004 – 2013 წლებში მუშაობდა ბუდაპეშტში ღია საზოგადოების ინსტიტუტში აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის დირექტორად.

გიორგი შარვაშიძე არის პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ევროპის აკადემიის ნამდვილი წევრი, დაჯილდოებულია ბრწყინვალების ორდენით. არის მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი.