“კეზერაშვილი მონებად ყიდულობს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებს”-თამარ ჩერგოლეიშვილი
332
0
„გუშინ არ მეცალა სქროლვისთვის. დღეს დილიდან ჩამოვსქროლე, ჭაობი და ყიყინს გადავხედე. „სანამ კეზერა ფულს აძლევდა, ხომ კაი იყო“ – ეს პრეტენზია აქვთ ჩვენ მიმართ. მეგობრებო, დიდ შეცდომას უშვებთ, რომელიც დანაშაულზე უარესია“, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ში წერს.
როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, პრობლემა ის არ არის, რომ კეზერაშვილი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას აფინანსებს. პრობლემა ისაა, რასაც ამ დაფინანსების სანაცვლოდ ითხოვს და იღებს. (2018 წლიდან გადაწყვიტა რომ პოლიტიკური პროცესის ჩრდილიდან მართვის უნარები აქვს – ვინ მოატყუა, არ ვიცი).
„პრობლემად ვთვლი იმას, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს თვითონ და ფულის შანტაჟით, საკუთარ ჭკუაზე დაარბენინებს პოლიტიკურ სპექტრს.
მონებად ყიდულობს [კეზერაშვილი] პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებს და ისინი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან, თვითონ არ იღებენ გადაწყვეტილებებს, მისი ჰალუცინაციებით დადიან.
ამიტომ ხდება რომ ხაბე, უცებ შეიძლება ჭიად გადაიქცეს, რომელმაც მანამდე პოლიტიკა დატოვა, ახალი თაობის გზის დათმობის სურვილით, მაგრამ აი როცა დონორს დასჭირდა – დაბრუნდა.
ჭია თავის თავს არ ეკუთვნის – დონორისაა. ეტყვიან – პოლიტიკიდან წავა და ბოკერიასაც „მიაშანტაჟებს“.
ეტყვიან – დაბრუნდება და თავს ერთადერთ მაკონსოლიდირებელ ფიგურად გამოაცხადებს.
(ივანიშვილის პრემიერებივით)
ეს არის დამღუპველი ქართული დემოკრატიისთვის.
ერთია როცა დონორი პოლიტიკური სპექტრის იდეებს აფინანსებს.
ამ დროს პოლიტიკოსები არიან ანგარიშვალდებულნი საკუთარ ამომრჩეველთან და თავად აგებენ პასუხს მარცხზეც და გამარჯვებაზეც.
მეორეა როცა დონორი ხლართავს მანევრებს და პოლიტიკოსები ამ მანევრებს ერგებიან.
ამ დროს ისინი ვერ არიან ანგარიშვალდებულნი ამომრჩეველთან – მათი აღარც მარცხია და აღარც გამარჯვება. პირს რომ აღებენ დონორი საუბრობს, და არა თავად. იგივეა მედიაზეც – როცა მედიაში სტუმრობა დონორთან დამოკიდებულებაზეა მიბმული და არა საჯარო ინტერესზე, ეს მედია მედია არაა და ისეთი სამარცხვინო ხდება, როგორიც დღეს ფორმულა, ან მთავარია.
მე მესმის, რომ არამოდერნიზებული საზოგადოება ვართ და უფრო რთულია ადამიანებს პოლიტიკური პროცესის არსი გააგებინო, ვიდრე ტრადიციულ დემოკრატიებში.
ამასთან, ძალიან კორუმპირებული ელიტა გვყავს – ეს ელიტა საბჭოთა, წითელი ინტელიგენციის სულიერი მემკვიდრეა და გენეტიკურად გახრწნილია. მათი ხმა ჭაობში ექოდ ისმის და სხვა ბაყაყებიც იმეორებენ.
ისინი ასეთი ზედაპირულობით ცდილობენ ტალახში ამოთხვარონ ადამიანების მოტივაცია.
მაგრამ ჩვენ არ დავიღლებით და ავხსნით ჩვენს პოზიციას.
პრობლემა დაფინანსება არაა.
პრობლემა, ფულით შანტაჟით, ჩრდილიდან პროცესის მართვაა.
ჩრდილიდან მართვას და კეზერაშვილის მარიონეტობას რომ არ დავთანხმდით, ამიტომ არ ვიღებთ კეზერაშვილის დაფინანსებას.
და არა პირიქით. (როგორ წარმოგიდგენიათ, მორჩილები რომ ვიყოთ, ვინმემ ჩვენს კვალიფიკაციაზე უარი თქვას?)
ამიტომ ვიცი ზუსტად, რომ ყველა ვინც კეზერაშვილის ფულით დაფინანსებულ პროცესშია, მისი მარიონეტია – სხვა პირობით ეგ ფულს არ იძლევა და ვხედავთ კიდეც რა საცოდავ დღეშია სპექტრი.
ივანიშვილის რეჟიმის ჩანაცვლება მისი ჩრდილოვანი, რუსული ბუნების გამო მინდა პირველ რიგში.
და არ არსებობს, ერთი ჩრდილოვანი მმართველის, მეორე ჩრდილოვანი მმართველით ჩანაცვლებას დავუჭირო მხარი – პირიქით, ამ პროცესს ჩამოვანგრევ, ამას შევეცდები.
მით უმეტეს რომ ეს ჩრდილოვანი რბოლა წითელი დედოფლის რბოლა მგონია, რომელიც მარცხისთვისაა განწირული.
ივანიშვილის ჩრდილოვან რეჟიმს მხოლოდ ამომრჩეველთან ანგარიშვალდებული პოლიტიკური სპექტრი ჩაანაცვლებს და არა კეზერაშვილის მარიონეტები“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.